კონკურენციის სააგენტოსაც მიზანში სწორედ ისინი ჰყავს ამოღებული და ახალ კვლევას იწყებს
გვანცა წულაია
16.08.2022

საქართველოში აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასი 20-30 თეთრით შემცირდება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დაპირება იმპორტიორებისგან მიიღო. პარალელურად ახალ მოკვლევას იწყებს კონკურენციის სააგენტო. ახლა საინტერესოა, ფასთა ცვლილება მხოლოდ დიდ ბენზინგასამართ სადგურებს შეეხება, თუ მცირე ქსელებსაც მოიცავს?

საქართველოს მთავრობა საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება. ივლისსა და აგვისტოში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასის კლება მოხდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე თვეში ფასთა კორექტირება კიდევ იქნება, რაც საერთო ჯამში 20-30-თეთრიან სხვაობას მოიტანს.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე `პლატცის~ ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის პროპორციულად გაიაფება. ამიტომაც საჭიროა, საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.

რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა.

ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასს და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე გაიაფებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღირებულების შემცირების რესურზე საუბრობენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში, რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ აგვისტოში საწვავის ფასზე კლების ტენდენციის გაგრძელების საფუძველს ლარის კურსის გამყარება იძლევა.

„ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასის შემცირება შეინიშნება სხვადასხვა ტიპის საწვავზე. განსაკუთრებით ვარდება ფასი დიზელის მიმართულებით. ამავე პერიოდში გამოხატულია ლარის კურსის გამყარების ტენდენცია და სტაბილურობა. შესაბამისად, ეს პროცესები გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ აგვისტოში კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, ალბათ კომპანიები ამას თავადაც განაცხადებენ, რადგანაც ეს შესაძლებლობები რეალურად არსებობს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყნაში ნავთობპროდუქტების გაიფება დაიწყო. ბოლო ერთთვიან ჭრილში საწვავზე ფასი დაახლოებით 10-დან 25-თეთრამდე არის შემცირებული. პოზიტიური ნიშნები ლარის გამყარებასა და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაიაფებას უკავშირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ხაზს უსვამს, რომ საწვავზე ფასის კორექტირება როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ბენზინგასამართ სადგურებში მოხდა და დადებითი ტენდენცია მთელი აგვისტო გაგრძელდება.  

"ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საწავზე ღირებულების კლება ბოლო პერიოდში მიმდინარეობს როგორც მსხვილ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში, ისე მცირე და საშუალო ქსელებში. ბოლო დროს, ფასის შემცირების პროცესი აქტიურად და დინამიკურად მიმდინარეობს. ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, რადგან თავად მოსალოდნელი ფაქტი დაადასტურეს მსხვილი ქსელური კომპანიების წარმომადგენლებმაც. ჩვენც, ანალოგიურად, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც, ერთი მხრივ, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებობს და მეორე მხრივ, საერთაშორისო ტენდენციებთან, ვფიქრობთ, რომ საწვავის გაიაფება მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.

ფასი რა მოცულობით და რა მასშტაბით შემცირდება, არ ვიცი, ზუსტ ინფორმაცის ვერ მოგცემთ. შესაძლოა, იმაზე მეტად შემცირდეს ან იმაზე ნაკლებად, ვიდრე პრემიერმა თქვა (20-30 თეთრი). თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ტრენდი აგვისტოს თვეშიც გასტანს.

პრემიერ-მინისრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მსხვილი ქსელური კომპანიებთან შეხვედრის დროს და შესაბამისად, ალბათ, ამას ემყარება. ყოველ შემთხვევაში, ფასები იკლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო პერიოდში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×