უცხოელების მოზღვავების გამო, ფასები უაზროდ გაიზარდა და ადგილობრივი დამსვენებლების უკმაყოფილება გამოიწვია
თიკა სიბოშვილი
18.07.2022

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი სულ ცოტა ხანის წინ გაიხსნა. კურორტები როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით არის სავსე და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონს ჩავარდნა არ ემუქრება, თუმცა იკვეთება არასასიამოვნო რეალობა დამსვენებლებისათვის _ აბსოლუტურად ყველგან გასაქირავებელი ბინები შესამჩნევად გაძვირებულია და შიდა ტურისტების საკმაო ნაწილისთვის - მიუწვდომელიც კი.

წელს ადგილობრივი დამსვენებლების უმეტესობას კურორტებზე გამგზავრება ძალიან გაუჭირდება. ომის გამო, საქართველოში რუსეთ-უკრაინიდან უამრავი ადამიანი შემოვიდა, რის გამოც გასაქირავებელი ბინების ფასი გაიზარდა. ომში ჩაბმული ქვეყნების მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში არიან და ზაფხულის სეზონის გატარებასაც აქ აპირებენ. ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც წელს ზღვისპირეთში დამსვენებელს იმაზე გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე აქამდე ხდებოდა.

„ბიზნეს-რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, უფრო ზუსტად რა ხდება ზღვისპირეთში, რა ფასები აქვს გასაქირავებელ ბინებს, დარჩება თუ არა იგივე ტარიფები აგვისტოშიც და არის თუ არა შესამჩნევი განსხვავება შარშანდელთან შედარებით. როგორც ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ინგა დავითაძე ადასტურებს, ფასები ნამდვილად გაზრდილია, რაც ტურისტების დიდმა ნაკადმა გამოიწვია.

„წლევანდელი ტურისტული სეზონი არა მხოლოდ შარშანდელისგან, არამედ სხვა სეზონებისგანაც განსხვავდება. უკვე რამდენიმე თვეა, მუდმივად გვყავს დამსვენებლები, ჯავშნები მომავალ თვეშიც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოთახების ღირებულება წელს გაზრდილია, დამსვენებელი მაინც არ ამბობს უარს. მაგალითად, წინა წლებში განთავსების ღირებულება 15 ლარიდან იწყებოდა, წელს 30 ლარიდან იწყება, ამასთანავე, აგვისტოში, როგორც ყოველთვის, ტარიფები იზრდება და ჩემთანაც ასეა. შემდეგ თვეში 1 ადგილის ღირებულება 35 ლარიდან დაიწყება. ჯავშნები აგვისტოში უკვე მაქვს, მაგრამ, რომც არ მქონდეს, იმდენად დიდია ტურისტების ნაკადი, დამსვენებელი მაინც არ მოგვაკლდება“, - აღნიშნა დავითაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალოგიური მდგომარეობაა ქობულეთში მდებარე სხვა საოჯახო სასტუმროშიც. როგორც დიანა ამაღლობელმა აღნიშნა, ამ სიტუაციაში ფასებს ნებისმიერი ადამიანი გაზრდიდა.

„ახლა იმდენად ბევრი დამსვენებელი გვყავს, იძულებულნი ვართ, ფასი გავზარდოთ. სეზონზე კარგი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენს ადგილას ნებისმიერი გამქირავებელი მოუმატებდა ღირებულებას“, - აღნიშნა ამაღლობელმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

საზაფხულო კურორტები უკვე საკმაოდ დატვირთულია, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურება გაძვირებულია. ამას ემატება უამინდობაც, დასავლეთ საქართველოში განუწყვეტელი წვიმა და ქარია. დამსვენებელი უკან მაინც არ იხევს და ასეთ პირობებშიც კი ძალიან ბევრი ხალხი შეინიშნება შავიზღვისპირეთში. ციხისძირში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი ლელა ხალვაში ამბობს, რომ სასტუმრო ოთახების ღირებულება მათთანაც გაზრდილია.

„წელს, ისევე როგორც სხვა გამქირავებლებმა, ჩვენც გავზარდეთ ფასი. ადრე 1 ადამიანის განთავსების ღირებულება 15 ლარიდან იწყებოდა, მაგრამ ახლა 30 ლარი ღირს. აგვისტოში გაძვირებას არ ვაპირებთ და გვინდა, იგივე ფასი დავტოვოთ. ჯავშნები უკვე გაკეთებულია და საკმაოდ დატვირთული სეზონი გველოდება წინ“, - აღნიშნა ლელა ხალვაშმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ბათუმში მდებარე ბინის მფლობელი ლანა თურმანიძემაც დაახლოებით 1/3-ით გაზარდა მომსახურების ღირებულება. მის ბინაში დასვენება ივლისში 90 ლარიდან იწყება, მაგრამ აგვისტოში საწყისი ფასი 120 ლარი იქნება.

„შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩემი ბინა 2-ოთახიანია და 3 სტუმრის განთავსება შემიძლია. წლევანდელ სეზონს თუ შევხედავთ, ეს ტარიფები სულაც არ არის კატასტროფულად მაღალი, რადგან გონიოსა და კვარიათში კიდევ უფრო ძვირია. ჩემთან ახლა დასვენება 90 ლარიდან არის შესაძლებელი, ხოლო აგვისტოში ფასები 120 ლარიდან იქნება. ზოგოერთებმა ორჯერ გააძვირეს მომსახურება, რაც მართლა შესამჩნევია, თუმცა, ამის მიუხედავად, დამსვენებლები კურორტებს მაინც არ აკლდება და სტუმრებს ყოველდღიურად ველოდებით“, - აღნიშნა თურმანიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

გაზრდილი ფასებით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ ადგილობრივი დამსვენებლებიც, თუმცა აშკარაა, რომ ისინი ზღვისპირეთში წასვლისგან თავს მაინც არ იკავებენ. როგორც მარიამ ლელუაშვილმა აღნიშნა, მას წელს იმაზე მეტი დაუჯდა ბათუმში დასვენება, ვიდრე წინა წლებში.

„წელს ბევრად მეტი დამეხარჯა ზღვაზე, ვიდრე სხვა დროს. ბულვარი სულ ტურისტებით არის სავსე, ნებისმიერ დახლთან რიგში გიწევს დგომა, რადგან უცხოელებით არის გადავსებული. წლევანდელი სიძვირეც ზუსტად ამას უკავშირდება. ეს ხდება არა მხოლოდ ბინებზე, არამედ საკვებ პროდუქტებზეც. სანამ ჩავიდოდი, არ მეგონა ასეთი სიტუაცია თუ იქნებოდა. გაძვირებული ბინების შესახებ ისედაც ვიცოდი, რადგან გამქირავებელმა თავიდანვე მითხრა ამის შესახებ, თუმცა ამდენად გადატვირთული კურორტი ძალიან ცუდია, რადგან ასეთ სიტუაციაში დასვენება მართლაც რომ შეუძლებელია“, - უთხრა ლელუაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს“.

რასაკვირველია, მფლობელები ბინების გაიაფებას არც კი განიხილავენ და არც უცხოელი ტურისტები აპირებენ საქართველოს დატოვებას. აქედან გამომდინარე, მარტივი დასათვლელია, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი დამსვენებელს ძვირი დაუჯდება. ტურიზმის დარგის ექსპერტის, პროფესორ მარინა მეტრეველის აზრით, მნიშვნელოვანია დავადგინოთ, შემოსული ტურისტებიდან რეალურად რამდენია დამსვენებელი და რამდენი - ემიგრანტი, რის შემდეგაც შევძლებთ გავიგოთ რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურორტებზე ასეთი მდგომარეობა.

„ახლა რამის თქმა რთულია, რადგან არ ვიცით ტურისტების რეალური რაოდენობა. უნდა გავარკვიოთ, რუსები ტურისტები არიან თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მაქვს ინფორმაცია, რომ 18 000 რუსი ტურისტი შემოვიდა და იყიდა 33 000 ბინა. თითო კაცი თუ 2 ბინას ყიდულობს, რთულია იმის დადგენა, რამდენია რეალურად აქ ტურისტი. იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ ძვირდება დამსვენებლების განთავსება, უნდა ვიცოდეთ სტატისტიკური რეალური მაჩვენებელი“, - აღიშნა მეტრეველმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ბათუმში, ტურიზმის აღდგენისა და მიგრაციის ფონზე, ქირის საშუალო ფასი და შესაბამისად, ქირიდან მიღებულ შემოსავალიც რეკორდულ ნიშნულზეა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში ქირის ფასი 123%-ით არის გაზრდილი და 1კვმ-ზე 7.2 აშშ დოლარია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 2%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ბათუმში 1 კვმ-ის ყიდვის საშუალო ღირებულება 729 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია 36%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 7 158 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×