თამარ ვეფხვაძე
08.07.2022

საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება და რთული რელიეფი ხშირად ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სტიქიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების (ძლიერი ნალექი, წყალდიდობა-წყალმოვარდნა, სეტყვა, თოვლის ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი და სხვა) ფორმირებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულებში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს და ხშირად ადამიანთა მსხვერპლს იწვევს.

სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ამ მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემების არსებობა.

საქართველოში მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და  გეოლოგიური ხასიათის სტიქიური მოვლენების პროგნოზირება და შესაბამისი გაფრთხილებების გავრცელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად  ფუნქციას წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემების შექმნას და ამ სფეროში დახმარებების მიღების მიზნით ააქტიურებს დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობას.

მიმდინარე წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მეორე თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება, ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს დაკვირვების ქსელის გაუმჯობესებისთვის. დღეს, ქვეყანას უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

 2020 წელს, ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში გაეშვა. აღნიშნული რადარის მეშვეობით, სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ არაერთი გაფრთხილება გაიცა მოსალოდნელ არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე, რაზეც საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

აღნიშნული მეტეოროლოგიური რადარები ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცემს მონაცემებს ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ. რადარების მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარებით ქვეყნის აღჭურვა საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად მოხდეს წინასწარი პროგნოზირება, როგორც მეტეოროლოგიური პირობები, ასევე წინასწარ განისაზღვროს სტიქიური მოვლენების დროს მოსალოდნელი საფრთხეები.

მწვანე კლიმატის ფონდის მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.

გამართული დაკვირვების სისტემა ქვეყანას საშუალებას  მისცემს უფრო მეტი სიზუსტით განისაზღვროს სტიქიური მოვლენების პროგნოზირება და მაქსიმალურად იქნეს არიდებული სხვადასხვა სახის ზიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×