„ომიკრონით“ დაავადებულთა საერთო რაოდენობაც აღარ უნდა გასაჯაროვდეს"
გვანცა წულაია
25.01.2022

კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ტესტირება, დიდი ალბათობით, გაუქმდება. ინიციატივა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის, თებერვლიდან ამოქმედდება, რისი მიხედვითაც, უსიმპტომო თანამშრომლები სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან. სამედიცინო პერსონალის გარდა, სავალდებულო ტესტირება ყველა უსიმპომო ადამიანებისთვის შეიზღუდება, მათთვის კი, ვინც ბაზრობებზე, მოლებში, რესტორნებსა და სკოლებში მუშაობენ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკონტროლება, მაგრამ სიმპტომად, ალბათ, ჩაითვლება ტემპერატურა, რისი დამტკიცებაც ადამიანს შეეძლება, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობა თავიდან იყოს აცილებული და არ მოხდეს მათი გატესტვა, ვისაც კორონავირუსის სიმპტომი არ აქვს. 

„უსიმპტომო ადამიანების ტესტირებასა და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიას. იცით, როგორი რიგებია? ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე უსიმპტომო ადამიანი 8 დღე უნდა იყოს სახლში. ჩვენ შევდივართ წინადადებით საბჭოზე, რომ 1-ლი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო ადამიანების სისტემური ტესტირება შევაჩეროთ, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რათა, ძირითადად, სიმპტომიანი ადამიანების გატესტვაზე გადავერთოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ეკონომიკური საქმიანობის დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების საფასურს დღემდე სახელმწიფო იხდის, თუმცა თებერვლიდან დაფინანსება ნაწილობრივ შეწყდება და მხოლოდ სიმპტომიან ადამიანს შეეხება. შესაბამისად, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ბიზნესს ხარჯი არ გაეზრდება, მაგრამ კერძო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ, ბევრი ადამიანის გადამოწმების შემთხვევაში, თავის დაზღვევის შანსი უფრო მეტია. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პროგრამა მსგავსად გაგრძელდებოდა. 

„თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ცრუ დადებითებსა და ცრუ უარყოფითებზე, როგორც წესი, სჯობს, გვქონდეს ცრუ დადებითები, ვიდრე - ცრუ უარყოფითები. ფული თუ დაგვეხარჯება ცრუ დადებითებში, ეს არ იქნება გადაყრილი თანხა, ამიტომ სასურველია, რომ ეს პროგრამა შენარჩუნდეს. სახელმწიფოს გადასაწყვეტია, ფული რაში უნდა დახარჯოს და ამაში ვერ ჩავერევით. ეს თანხა ბიუჯეტისაა და მათ სრული უფლება აქვთ, ისე განკარგონ, როგორც საჭიროა.

საცალო გაყიდვებში, იქ, სადაც სარესტორნო ბიზნესია, დანაკარგი არის, მაგრამ პრობლემაა, ალბათ, ისიც, რომ არ ხდება თანამშრომლებზე „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა და მას სთხოვენ მხოლოდ ვიზიტორებს. თავის დროზე ვამბობდით, რომ ეს ალოგიკურია - თუ „მწვანე პასპორტს“ სთხოვ შემომსვლელს, ასევე უნდა მოსთხოვო იმას, ვინც ამ ყველაფერს ამოწმებს“, - დასძინა „რეზონანსთან“ვეფხვაძემ. 

ცვლილება შედის „მწვანე სტატუსის“ მინიჭების წესშიც. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 11 იანვარს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანახმად, „მწვანე“ სტატუსით ისარგებლებს ის პირი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, თუმცა ტესტირების შედეგები, სხვადასხვა მიზეზით, არ არის ასახული ელექტრონულ მოდულში.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩატარებული ტესტირების პასუხები არ არის ასახული ან ასახულია შეცდომით, მოდულში უნდა დარეგისტრირდნენ და „მწვანე სტატუსი“ მიენიჭებათ.

მოდულში რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის (შემდგომში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები კოვიდ-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი „დასრულებული“.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ, ალბათ, სახელმწიფოს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ ამ მასშტაბით ტესტირება დააფინანსოს. 

„ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელიც იყო. პირველი იმიტომ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჰქონდა ძალიან დიდი დანახარჯი და, მეორეც, ვხედავთ, რომ სიტუაცია დღითი დღე რთულდება, იზრდება ინფიცირებისა და იმ ადამიანების მაჩვენებლები, ვისაც ტესტის გაკეთება სურთ. შესაბამისად, ტესტებზე მოთხოვნა დიდია და, ალბათ, სახელმწიფოს აღარ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველა მიმართულებით დააფინანსოს კოვიდ-ტესტირება. უსიმპტომო და დასაქმებულ ადამიანებზე, ალბათ, რესურსი არ უნდა დაიხარჯოს, რადგან, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მაღალი იყოს ინფიცირებულთა რაოდენობა. 

არ მგონია, ტესტირების ხარჯი ბიზნესმა მთლიანად თავის თავზე აიღოს, ცოტა რთული წარმოსადგენია, რადგან კერძო სექტორს ისედაც პრობლემები აქვს. უფრო მეტად პასუხისმგებლიანმა და მაღალშემოსავლიანმა კომპანიებმა ეს შეიძლება გააკეთონ, მაგრამ დიდ ბაზრობებსა და მსგავს ადგილებში არ ვფიქრობ, რომ იქაური ადმინისტრაცია მთლიანად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გატესტავს თანამშრომლებს. ბუნებრივია, ეს გარკვეულ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელსაც, ალბათ, ისინი არ გაიღებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი კაპანაძემ და „მწვანე პასპორტების“ სისტემასაც შეეხო, რა დროსაც აღნიშნა, რომ სისტემის შემოღების შემდეგ, ბიზნესს გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორიც „ლოქდაუნის“ დროს იყო. 

„ბიზნესს „მწვანე პასპორტების“ სისტემის დანერგვით დიდი დანაკარგი არ მიუღია, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა იმავე აზრზე ვრჩები, რომ ქვეყნის ჩაკეტვას ისევ ამ სისტემის დანერგვით მიეღო ზარალი სჯობდა, რადგან ეს დანაკარგი, „ლოქდაუნთან“ შედარებით, 10-15%-ია“, - დასძინა „რეზონანსთან“ კაპანაძემ. 

ანატილიკოსი არჩილ გამზარდია კი აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა საერთოდ არ უნდა იყოს ცნობილი. 

„ომიკრონით“ დაავადებულთა საერთო რაოდენობა აღარ უნდა გასაჯაროვდეს. უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა და ამ პროპორციით შეფასდეს მოცემულობა. მე რასაც ვუყურებ, დაავადებულთა რაოდენობასთან შეფარდებით, ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის პროპორცია უფრო შემცირებულია. დანარჩენი საკითხია თავად ამ უკანასკნელის მნიშვნელობის და მართვის შეფასება. სხვა მხრივ, საერთო სტატისტიკა არაფრის მომცემია, გარდა მოსახლეობის დაპანიკებისა, რომელსაც პოზიტიური შედეგი არ მოაქვს“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×