გვანცა წულაია
02.12.2020

კორონავირუსის პანდემიის შემცირების თვალსაზრისით შემოღებულმა ახალი რეგულაციებმა ჰორეკა სექტორი კედელთა მიაყენა. სწორედ ამიტომ რესტორნები შეზღუდვების გადახედვას ითხოვენ, თუმცა მთავრობაში მკაფიო პასუხი აქვთ, რომ “გადახედვა ვერ მოხდება”. 

გაზაფხულზე, რამდენიმე თვით გაჩერებულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა, უდიდიესი დანაკარგი მიიღო. ზოგიერთმა მათგანმა თავდაპირველად დაწესებულ შეზღუდვებს ვერც გაუძლო და სამუდამოდ დაიკეტა. ვინც გადარჩენა შეძლო, ახლა ისევ ახალი გამოწვევის წინაშეა და იგივე გზის გავლა ახლიდან უწევს. მძიმე ვითარების გამო, ჰორეკა სექტორი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს, თუმცა მთავრობაში ამაზე არც კი ფიქრობენ, რადგან ახლა ნომერ პირველი ამოცანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მოთოკვაა. 

სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა მთავრობას 5 მოთხოვნა წაუყენა. კაფე-რესტორნების წარმომადგენლები სექტორის გადარჩენისთვის პრემიერს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. მოთხოვნები ასეთია:

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაცია;

2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;

3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;

4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;

5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.

რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებლის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, დეკემბერი მათთვის გადამწყვეტი იქნება. 

„ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას პრობლემები აქვს საკრედიტო ხაზთან და ბანკებთან დიდი დავალიანებები აქვთ, ასევე, ვალი აქვთ მომწოდებელ კომპანიებთან. დეკემბერი ჩვენთვის სამაგალითო იქნება სრულად დავიკეტებით თუ - არა; ძალიან რთულია ის ხალხი, რომელიც ამდენი ხანი შენს გვერდით დგას, ახალი წლის წინ დატოვო შემოსავლის გარეშე და არა მხოლოდ ახალი წლის წინ", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა “ბიზნეს მედიასთან” და დასძინა, რომ კვების ობიექტების ზარალი ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში 70% იყო, ხოლო დღეს ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, რადგან არსებულ შეზღუდვებს გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც ემატება.

ყველა აღიარებს, რომ ეპიდემიოლოგიური გამოსწორების თავლსაზრისით შემოღებული შეზღუდვები, ჰორეკა სექტორს ძირს უთხრის, თუმცა მთავრობა შეზღუდვების გადახედვას არ გეგმავს. 

„ბიზნეს სექტორთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად მკაცრ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და უკვე განმარტეს კიდეც, თუ რა საშუალება არსებობს. შეზღუდვების გადახედვა კი ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით სჭირდება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

რთულია სარესტორნო ბიზნესის მდგომარეობა და დაწესებულმა შეზღუდვებმა მათზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ მომსახურების სექტორმა ცოტა უნდა მოითმინოს, თუკი ახალი შეზღუდვები ეპიდსიტუაციას ნამდვილად დაასტაბილურებს. 

“პირდაპირ ვამბობ, რომ რესტორნების წარმომადგენლებმა ცოტა მოითმინონ. ტაშ-ფანდური რომ აღარ ასმის, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთელ მსოფლიოში ახლა კრიზისია და რეალურად სარესტორნო ბიზნესის პრობლემა მხოლოდ იმ რეგუალციებიდან არ მოდის, რომელიც მთავრობამ დააწესა. თუ ხალხს ფული არ ექნა და სხვა სექტორები გაჩერდა, ვიღას უნდა სარესტორნო ბიზნესი? მათ პრობლემები იმის გამოც აქვთ, რომ ტურისტი აღარ არის. მთელი ქვეყანა იკეტება და ეკონომიკის ყველა სექტორი გაჩერებულია. 

პანდემიის მასშტაბები არანორმალურია და ლამის ყველა ოჯახში შეაღწია კორონავირუსმა. კი ბატონო, სარესტორნო ბიზნესს პრობლემები აქვს და გასაგებიცაა, მაგრამ მათი პოზიცია ასეთია, რომ ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და სხვა არაფერი აინტერესებთ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება”, - განაცხადა ზურაბ კუკულაძემ “რეზონანსთან”,  

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავას ეჭვი ეპარება, მაგრამ თუკი  ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, რეკომენდაციების სრული დაცვით, რესპორნებს მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ. 

“ეპიდემიოლოგიურად შეიძლება რისკებს შეიცავდეს, მაგრამ შეზღუდვებმა რესტორნები უკან დახია და ბევრი მათგანი გაკოტრდა კიდეც, ამიტომ თუ მოიძებნება ოპტიმალური ვარიანტი, რომ მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება ისე, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, ნორმალური იქნება. დღეს ამის წარმოდგენა რთულია, არადა ეკონომისტები და რესტორნის წარმომადგენლები გვეუბნებიან, საკმაოდ ცუდი ვითარებაა. ყველაფერი ეპიდემიოლოგიური ვითარების სწრაფ გამოსწორებაზეა დამოკიდებული”, - განუცხადა “რეზონანსს” გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )