"რატომღაც აღდგენილ ავიარეისებს, ავტომატურად ვუკავშირებთ ტურიზმს, არადა ეს ასე არ არის"
თამარ მუკბანიანი
17.09.2020

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. დაგეგმილია სხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ფრენის ეტაპობრივი აღდგენა. რამდენად გარდამტეხი იქნება ეს საერთო სურათისათვის და რას მოუტანს ქართულ საავიაციო ბაზარს ,,რეზონანსმა” სპეციალისტებს ჰკითხა. 

რამდენიმე კვირაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები "ვიზ ეარი" და "რაინეარი" საქართველოს მიმართულებით ფრენას განაახლებენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება. "ვიზ ეარი" საქართველოს მიმართულებით ფრენას სექტემბრის ბოლოდან განაახლებს, ხოლო "რაინეარი" კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან.

“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია "ვიზ ეარი". 

2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი "რაინეარი" და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენა "ვიზ ეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან "რაინეარი" დაიწყებს რეისების შესრულებას. რა სიხშირე და რა მიმართულებები იქნება ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”, – განაცხადა თურნავამ.

ავიამიმოსვლის აღდგენა პირველად არ დაანონსებულა, მაგრამ როგორც წესი, ყველა ასეთ განცხადებას გადავადება მოსდევს ხოლმე. სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს, ბიზნესისათვის ყველაზე დიდი ზარალის მომტანად საავიაციო სფეროს სპეციალისტი თამარ თანდაშვილი. 

,,ზოგადად საავიაციო პოლიტიკის მართვა დღევანდელ პირობებში, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოხდება. ყველაფერი ეყრდნობა ეპიდსიტუაციას. მეორე მხრივ კი, ავიაკომპანიებიც ისეთივე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, როგორიც ყველა სხვა სექტორი და არ შეიძლება აქ ფუჭი მოლოდინის შექმნა. 

სახარბიელო მგომარეობაში ნამდვილად არ ვართ, საზოგადოებამ ისიც კი ვერ გავიგეთ რომელი ზონა ვართ - მწვანე, წითელი, ყვითელი, თუ მიჯნაზე ვართ? ეს ყველაფერი იწვევს დიდ რყევას. ამას სჯობს, ვიცოდეთ, როდემდეა აკრძალული ფრენა და იმის მიხედვით დაიგეგმოს ბიზნესის დღის წესრიგი. 

მიუღებელია ისიც, რომ ხელისუფლება რეფლექსირებს  ოპოზიციის განცხადებებზე და მხოლოდ მათი მწვავე კრიტიკის შემდეგ ახორციელებს ცვლილებებს, რაც შემდეგ ისევ არ არის გრძელვადიანი”, - განუცხადა თანდაშვილმა ,,რეზონანსს”. 

ჯანდაცვის სამინისტრო გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის. შემუშავებული წესების მიხედვით 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით კი ასე გამოიყურება:

- მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;

- მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;

- ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა;

- 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;

ნამდვილად დაიწყებს თუ არა ,,ვიზეარი” საქართველოში ავიამიმოსვლას, ჯერ დაზუსტებით არ შეუძლია თქმა, სააავიაციო სფეროს სპეციალისტ, ,,ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელ გიორგი კოდუას. 

,,ჯერჯერობით "ვიზეარს" არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი, რომ ის იწყებს ფრენას საქართველოდან და საქართველოში. თუ ეს რეალურად მოხდება, ბუნებრივია, იქნება უკიდურესად პოლიტიური გადაწყვეტილება,  რადგან კომპანიამ ბაზა ჩვენთან გააუქმა. ავიამიმოსვლა მოხდება სხვა შორეული ბაზიდან. 

ფრენის აღდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს იქნება პოზიტიური სტარტი და შექმნის ძალიან კარგ ფონს. რატომღაც აღდგენილ ავიარეისებს, ავტომატურად ვუკავშირებთ ტურიზმს, არადა ეს ასე არ არის. ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია საჰაერო ტვირთები და ბიზნეს სექტორისათვის საზღვრების გახნა, ვიდრე ტურისტების ჩამოსვლა ქვეყანაში", - აღნიშნა კოდუამ ,,რეზონანსთან” საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×