ელზა პაპოშვილი
19.06.2020

ვისით აპირებს ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარული ოლქების მოგებას, უკვე ცნობილია.  გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა. გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება: ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე. დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.    

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებმა განცხადებები გააკეთეს. მთაწმინდის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ იმედი გამოთქვა, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასა რუსეთის ინტერესების გატარებას შორის. 

„ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ ერთი ადამიანის სურვილი და ნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კანონზომიერებას, რომელიც არის ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში, დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება, რასაც ეწინააღმდეგება ივანიშვილი და მას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სურს, რომ ისევ რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში დააბრუნოს ეს ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მოსახლეობამ არჩევანი განვითარების შანსსა და სტაგნაციას შორის უნდა გააკეთოს.

„ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევს საზოგადოებას: ოლიგარქის თითქმის 9 წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება - ან ამ ქვეყნის განვითარებას შანსს და იმედს შევუნარჩუნებთ, ან ვიქნებით, რბილად რომ ვთქვათ, სტაგნაციაში. გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ უკან, ვღარიბდებით. ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის არამარტო გლდანში, მუხიანში, ავჭალაში თუ ზაჰესში, არამედ ყველა სხვა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის. ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს რაც შეიძლება მეტ ოლქში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

საკუთარ გამარჯვებაში აბსოლუტურად არის დარწმუნებული სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, მისი ერთადერთი კონკურენტი სიღარიბე და გაჭირვებაა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მზადაა გამარჯვებისთვის, ძალიან მარტივი არჩევანია გასაკეთებელი: სახელმწიფოებრიობასა და ანტი–სახელმწიფოებრიობას შორის. სიღატაკესა და განვითარებას შორის. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ჩემ ოლქში, მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ან პოლიტიკოსმა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი კონკურენტი, რაც ამ შემთხვევაში შემიძლია განვიხილო, არის ის გაჭირვება და სიღატაკე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ელენე ხოშტარიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმების მიღწევაა: „ჩემთვის პიროვნულადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ განსხვავებული პარტიების მხარდაჭერა,  მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის არის საჭირო, რომ პარტიებმა თავიანთი განსხვავებულობის მიუხედავად საერთო ამოცანაზე კონცენტრირება და კოორდინაცია შეძლეს. ეს ერთიანობა ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი დემოკრატიული თამაშის წესებზე შეთანხმებას ითხოვს და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ გარკვეული განსხვავებები,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რას აკეთებს ოპოზიცია, რადგანაც ორივე მხარე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ელოდება პირველი კანდიდატებს ვინ დაასახელებს, რათა  შემდეგ ამის მიხედვით თავადაც გადაწყვეტილება მიიღონ. საყვარელიძისთვის გაუგებარია ჯერ რატომ ჩქარობს ოპოზიცია და ასევე გაუგებარია ვაკეში და მთაწმინდაზე, რატომ წარადგინა ისევ იმ ადამიანების კანდიდატურები, რომლებსაც არჩევნები ერთხელ ამავე ოლქში უკვე წაგებული აქვთ.  საყვარელიძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მოგებულ სიტუაციაში „ოცნება“ გამოდის, რადგანაც ის არ ჩქარობს და უფრო ტაქტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. 

„ჩემთვის ძალიან გაუგებარია  ელენე ხოშტარიას და შალვა შავგულიძის ისევ კანდიდატურებად დაყენება. ორივე მათგანმა ვაკეში და მთაწმინდაზე არჩევნები წააგო. შეიძლბა იგივე შავულიძე ვაკეში გადმოეთამაშებინათ და მოგების მეტი შანსი ჰქონოდათ. არანაირი სიახლე და ძიება არ არის. ესეც გასაკვირია, რომ ამდენი ქრონკული წაგების მერე, წესით, ოპოზიციას ხალხისთვის რაღაც სიახლე უნდა შეეთავაზებინა. ასეთი გმირული უცვლელი სახით რვა წლის განმავლობაში წაგება ჩემთვის გაუგებარია. ახლაც იგივე შემადგენლობის დაყენება, თანაც უდროო დროს, სრულიად გაუგებარია. ოპოზიცია სპორტულ ფორმაში არ არის და საარჩევნო წესების შესაბამისად ადეკვატურად ვერ მოქმედებს,“ - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ამბობს, რომ ახლა ამ ადგილებს უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს და არა პერსონალურ ი. რადგანაც აქ მაინც „ნაციონალების“ ბეჭებზე გადაივლის ბევრი რამ და მაინც კანდიდატების გამარჯვება მის ელექტორატზე იქნება დამოკიდებული. სხვა დანარჩენ პარტიებს იმხელა რეიტინგი არა აქვთ, რომ მათი გამარჯვება უზრუნველყონ. 

გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის ოპოზიციის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. რაც შეეხება კანდიდატებს, რა თქმა უნდა, რომ კოალიცია „ოცნებისგან“ განსხვავებით ბევრად უფრო ცნობადი დ გამოცდილი პოლიტიკოსები ეყოლება. თუმცა მისი აზრით, როგორც „ოცნება“ ასევე ოპოზიციაც მოსახლეობის თვალში უკვე კომპრომიტირებული ძალაა და ამიტომაც ამომრჩევლის  დიდი ნაწილის დაკვეთა ახალ სახეებზეა. ამ ორ ძალას შორის არჩევანის სახით მოსახლეობა ნეგატიური კუთხით გააკეთებს. ანუ ვინ ფურო ცუდი არაა მისთვის. 

„არჩევანი იქნება ცუდსა და უარეს შორის. ასეთი ნეგატიური არჩევნების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა თუ კანდიდატების ბეგრაუნდს ენიჭება, არამედ იმას თუ ამ არჩევნებში ვინ რა რესურს ჩადებს. ამომრჩეველი ფიქრობს, არც ეს მინდა და არც ის. მაშინ მოდი და ერთჯერადად იმაზე გავიყიდები, ვინც მეტს გადამიხდის. ამიტომ აქ ახლა რა პოლიტიკური გამოცდილების კანდიდატებიც არ უნდა დააყენონ, მაინც ოპოზიციის გამარჯვებაზე ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ,“ - ამბობს ხუხაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ბარნაბა   (20.06.2020)
რა სამწუხაროა,ამ კანდიდატებს არანაირი შანსი არა აქვთ.

2020   (20.06.2020)
პარალელები იქ შეიძლება მოვიძიოთ, საითკენაც ჩვენ მიდრეკილები ვართ, პირველ რიგში ეს დემოკრატიის შუქურად წოდებული- აშშ-ია, სადაც მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ორი პარტია დომინირებს, ორივე პარტიას უამრავი გადაცდომები ჰქონია, მაგრამ ამომრჩეველი ორიენტირებს სწორედ შეცდომებზე და აძლევს მეორე პარტიას შანსს გამოასწოროს შეცდომები და გააუმჯობესოს ხალხის ცხოვრების დონე...ასე, რომ გამოსავალი მარტივია,უნდა შეიცვალოს არსებული და სხვებს მიეცეს შანსი და ა.შ.

ნათი   (19.06.2020)
1234-გეთანხმებით კომენტარში.სრული სიმართლე

1234   (19.06.2020)
"ცნობადი", "გამოცდილი" ... ეჰ, ხუხა, ხუხა, და ექსპერტობას იჩემებ. ხალხს ნათელაშვილის არჩევა რომ სდომებოდა, 20 წლის წინ მისცემდა ხმას. იგივე ეხება ხოშტარიებს, მელიებს, მგლებს, ტურებს, და ასე შემდეგ. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველაზე დიდი პრობლემა, კორუფციასთან ერთად არის შიდა პარტიული დემოკრატიის არ არსებობა. როცა მმართველ პარტიას უკიჭინებ ოლიგარქიულ მმართველობას, ალტერნატივა იგევე ან უარესი მაინც არ უნდა იყოს. როცა ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი კრიმინალი გყავს რომელიც კიევში კორუმპირებული ჩინოვნიკის ცხოვრებით ცხოვრობს, დანარჩენი ლიდერები კი ერთი ხაზინის ქურდი (უგულავა), მეორე რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი (ოქრო) და მესამე განგსტერი და მკვლელი (რურუა), რა უკეთეს ალტერნატივაზეა საუბარი? სხვა ქვეყანაში გადამალავდენენ ასეთ ლიდერებს და წინ სხვას წამოწევდნენ. საქართველოში კი პირიქით ხდება და მიზეზიც გასაგებია. პოლიტიკა კრიშად სჭირდებათ და არა ხალხის საქმის გასაკეთებლად.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×