თამთა ჩაჩანიძე
23.05.2020

„მოულოდნელი იყო. აბა, საიდან უნდა მოეტანა ასეთი ზრაპარი... მათ ქვეყანას უმძიმესი მდგომარეობა აქვს და ჩვენ გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი და მაგათ აქვთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ასეთი განცხადება როიგორ შეიძლება?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის კრიტიკულ განცხადებას. ტოროსიანს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა საქართველოსას ჯობს.

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულია და რაც მთავარია, მთლიანად აცდენილია სიმართლეს. ბატონ ტოროსიანს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეს, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის თავად მათი სააგენტოს „არმინფოს" მონაცემებით, 23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში არის კოვიდ-19-ის 728 დადასტურებული შემთხვევა, ამათგან გარდაიცვალა მხოლოდ 12, ხოლო სომხეთში ამ დროისათვის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაიცვალა 77. ამ ფონზე კი სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია თუ სასაცილო არა ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე უფრო ძლიერია.

„რ": სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ამ განცხადების შემდეგ?

თ.ც.: მე მას არ ვიცნობ და შესაბამისად, განცხადების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია, უბრალოდ ჩემი პოსტები გამოვაქვეყნე.

„რ": თქვენს განცხადებაზე თუ იყო გამოხმაურება სომხეთიდან?

თ.ც.: არაფერი პასუხი არ ყოფილა. თუ გვიპასუხებენ, ისეთს ვუპასუხებთ, რომ უკვე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რა უნდა გვიპასუხონ?

„რ": საქართველო-სომხეთის მეგობრული ურთიერთობების ფონზე რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს კრიტიკული შეფასება?

თ.ც.: რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო. აბა, საიდან უნდა მოეტანა ასეთი ზრაპარი? მათ ქვეყანას უმძიმესი მდგომარეობა აქვს და ჩვენ გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი და მაგათ აქვთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ასეთი განცხადება როიგორ შეიძლება?

ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა ერთია და პროფესიული თავმოყვარეობა კიდევ სხვა არის. ყველას უნდა, რომ პროფესიაში თავისი თავი გამოიჩინოს და უჩვენოს, რომ მისი ჯანდაცვა უკეთესია ჩვენს ჯანდაცვაზე. ეს არ უნდა განვიხილოთ ისეთ კონტექსტში, რომ ეს ნიშნავს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებას. უბრალოდ ესაა ერთი კონკრეტული შემთხვევა, ერთი კონკრეტული დარგის წარმომადგენლის თავის წარმოჩენის მცდელობა.

კიდე მეორე რამეს ამბობს ცუდს - ეჭვი შეაქვს, რომ საქართველოს მონაცემები შესაძლოა სიმართლე არააო და ამ დროს ჩვენთან ამერიკელების აშენებული ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც რეგიონში ერთადერთია, ასეთი ლაბორატორია არსად ახლომახლო არაა, რომელიც კვლევებს უმაღლეს დონეზე ასრულებს. სად აქვთ სომხებს ასეთი ლაბორატორია...

ჩვენი ქვეყანა შეფასებებს გაეროდან, ჯანმო-დან, ყველა საერთაშორისო უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუციებიდან, სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებისგან, სხვადასხვა ექსპერტებისგან. მუდმივად იღებს მონაცემებს, სადაც ყველგან აღნიშნულია, რომ საქართველო კოვიდ-19-ის პანდემიას განსაკუთრებით წარმატებით უმკლავდება.

საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის მინისტრი, სპეციალისტები ოფიციალურ წერილებს და ოფიციალურ შეფასებებს იღებენ, რომ საქართველო დიდი წარმატებით უმკლავდება კოვიდ-19-ის ეპიდემიას. ასევე უდიდესი გამოცემები ამერიკული „ფორინ პოლისი" ინგლისური „გარდიანი" და სხვა უამრავი გამოცემა წერს ამის შესახებ და საქართველოს უმაღლეს შეფასებას აძლევენ, ჯანდაცვის სისტემას, კრიზისის მართვის უნარს, ამ დროს კი გამოდის სომხეთის მინისტრი და ამბობს რაღაც ზღაპარს, რომელიც აცდენილია დანარჩენი მსოფლიოს ოფიციალურ შეხედულებას.

„რ": სომხეთის კრიტიკის გარდა, თუნდაც მსუბუქი სახის კრიტიკა თუ გსმენიათ სხვა რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირებისგან საქართველოს მისამართით?

თ.ც.: არასოდეს არცერთი ქვეყნისგან კრიტიკა არ მომისმენია, ოფიციალური პირებისგან ამის მსგავსი არცერთი რამ არ ყოფილა. კრიტიკა მოგვისმენია პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებიდან, უცხოეთში მცხოვრები ერთი-ორი ექიმისგან, მაგრამ ისიც იცით როგორი კრიტიკაა? რაღაც შენიშვნა, რომ იცით, ეს ესე კი არ გავაკეთოთ, ისე გავაკეთოთ, მაგრამ მონაცემებზე და მიღწეულ შედეგებზე კრიტიკა არავისგან არ მოგვისმენია, მათ შორის ამ ცალკეული არაკეთილგანწყობილი პირებისგან. შედეგებზე კრიტიკა არავისგან არ ყოფილა არასოდეს.

ჩვენზე უკეთესი მონაცემები მარტო ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ, რომელთა მოსახლეობა 200 ათასს არ არემატება,

„რ": მაშინ, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ასეთი სახის კრიტიკა და რა იყო ამისი რეალური მიზეზი?

თ.ც.: ნებისმიერ სპეციალისტს, მაგალითად, ერთ ქირურგს მეორე ქირურგის წარმატება არ უხარია და შეიძლება თქვას, რომ მე უკეთესად ვაკეთებ ოპერაციებს ვიდრე ისო. მე მიმაჩნია, რომ ამ განცხადების მიზეზი იყო უბრალოდ პროფესიული შური.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ტოროს კიტაროს   (24.05.2020)
ყველამ თავის კორონირებულ მამიდას მიხედოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×