სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    14.08.2019

     2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიან 90-დღიან ვიზიტს ევროპის აღნიშნულ ქვეყნებში. მოკლევადიანში იგულისხმება სამი თვის ვადაში განხორციელებული ისეთი ვიზიტები, როგორებიცაა, ტურისტული, ოჯახის მოსანახილებლად გამგზავრება თუ სხვა.

    სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალულია და შეიძლება ისტორიული მონაპოვარის შეჩერებამდე მიგვიყვანოს.

    დღეს საქართველოს მოსახლეობის 25% მიგრანტია, რომელთა უდიდესი ნაწილი სამშობლოში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო გადაიხვეწა,

    უვიზო მიმოსვლის პირობებში კი მიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იმატა, რაც უვიზო მიმოსვლის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა.

    ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით ხშირ შემთხვევაში საფრანგეთს მიმართავენ, მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება ბევრია, მთავარი მიზეზები კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ძვირი ჯდება.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს, დაახლოებით, 240 000-ჯერ.

    სამინისტროს განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საქართველოს მოქალაქეთა მიერ წესების დარღვევისა და თავშესაფრის მიღების პროცედურით ბოროტად სარგებლობის ფაქტების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც.

    მიმდინარე წლის 10 მაისს საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფრანგეთის ამ უწყების ხელმძღვანელი პირველად ესტუმრა, მან ქართველ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხისტი განცხადებები გააჟღერა.

    „საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

    "ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს", - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა

    მას შემდეგ, რაც საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც ყველაზე მეტი მგზავრი გაედინება, უცხოელი მესაზღვრეები გამოჩდნენ, ვარაუდი არსებობს იმისა რომ მესაზღვრეები მგზავრების ერთგვარ "გაფილტვრას" ახდენენ.

    შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენილიყო შენგენის ზონაში. ამ ინფორმაციის მოთხოვნით "ინტრეპრესნიუსმა" შს სამინისტროს ოჯერ უშედეგოდ მიმართა,მსგავსი ინფორმაციის წყაროდ აეროპორტების გაერთიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუთითებს და თავად სტატისტიკურ მონაცემებს არ ავრცელებს. ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთას ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საფრანგეთისა და საბერძნეთის მესაზღვრეებიც აკონტროლებენ.

    "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის ალბათობა ნაკლებია.

    "იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს და იმ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რაც ხელმისაწვდომი და საჯაროა, მსგავს მყისიერად დადგომის საფრთხის ალბათობა ნაკლებია, შემდგომ რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი რომელიმე სახელმწიფოს განეხილოს და დაეყენებინოს, ასეთი რამე არ მომხდარა ევროკავშირის სახელმწიფოებში.

    "როდესაც საფრანგეთის შს მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას განცხადება გააკეთა, იმ პერიოდში საქართველოდან ძალიან მზარდი იყო თავშესაფრის მაძიებლის რაოდენობა, ახლა რიცხვი შედარებით ქვემოთ წამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ ნულის ტოლია, თუმცა საგრძნობლად დაიკლო, ამ წუთას შეიძლება ითქვას მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

    "იმ პერიოდში, როცა ეს განხადებები გაკეთდა, ძალიან გაზრდილი იყო საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, არა მარტო საფრანგეთში, არამედ გერმაბიაშიც.

    კითხვაზე შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოს მოქალაქეთა რისცხვის საგრძნობი კლება ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების შედეგად ხომ არ მოხდა, ჩხიკვაძემ გვიპასუხა:

    "ვერ გეტყვით, პირდაპირ ამ ფაქტთან გამიჭირდება დაკავშირება, იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიებები გატარდა, საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება, მეორე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება და ა.შ.

    "ასევე ბევრი იყო საზღვრიდან უკან გამობრუნებულების რაოდენობა და შესაძლებელია ამანაც მოახდინა გავლენა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა დაიკლო, ასევე ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყანად, ესეც გარკვეულწილად თავის როლს თამაშობს ამ ყველაფერში.

    მან მიგრაციის ძირითად მიზეზებზეც ისაუბრა.

    "ბევრი საქართველოს მოქალაქე იმ 90 დღიან ვადას აჭარბებს, გასვლის ძირითადი მიზეზები შრომითი მიგრაციაა, ანუ, ის ხალხი, ვინც ძირითადად სამსახურს ეძებს, ძირითადი კონტინგენტი შრომითი მიგრანტია, რომელიც ფიქრობს, რომ აქ თუ ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზაცია, მაშინ წავიდეს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში სცადოს ბედი." - განაცხადა ჩხიკვაძემ "რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×