სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბრიტანეთის პოლიცია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გარემოებების ხელახლა შესწავლას იწყებს
    ეკატერინე ბასილაია
    19.03.2018

     "სკრიპალის საქმის" სკანდალის შემდეგ ლონდონმა ღიად დაიწყო მოსკოვის დადანაშაულება და რუსეთის სპეცსამსახურების თვითნებობაზე საუბარი. უფრო მეტიც, წინა წლებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომხდარი 14 საეჭვო გარდაცვალება-მკვლელობაზე რუსეთის კვალის დადგენაც დააანონსა და ამ სიაში 2008 წელს ლონდონში მოულოდნელად გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილიც შეიყვანეს.

    ქართველი პოლიტოლოგების თქმით, ეს ყველაფერი საქართველოსთვისაც დამაფიქრებელია, რადგან როდესაც ბრიტანეთში ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ რუსულ სპეცსამსახურებს, არავინ ვიცით, რამდენად აქტიურია რუსული აგენტურა საქართველოში და რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის უსაფრთხოება.

    "როდესაც გვესმის ევროპაში, მსოფლიოში რა დონეზე ერევა შიდა პოლიტიკაში რუსეთი და რა ოპერაციებს ატარებს, ამ დროს არაფერი ვიცით, საქართველოში რას აკეთებს კრემლი ამ მიმართულებით. წარმოუდგენელია, რომ აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში ხალხი შეწუხებული იყოს რუსული სპეცსამსახურების აქტიურობით და ჩვენთან ამის თაობაზე საერთოდ არაფერი ისმოდეს.

    "ეს ძალიან დამაფიქრებელია. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, არც გვსმენია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო ვინმე დაეკავებინოთ", - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია."სკრიპალის საქმე" ლონდონისთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფოსა და უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით მკაცრი ბრალდებები გაეხმოვანებინა. რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის შემდეგ ლონდონში ასევე გარდაცვლილი იპოვეს ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი და პოლიციამ დაადასტურა, რომ ის ძაღლის საყელურით დაახრჩვეს.

    გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა და მიიღო, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. გასულ წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და "აეროფლოტის" თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

    2006 წლიდან დღემდე ეს უვე მე-15 შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთში რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება თუ ბურუსით მოცული მკვლელობა ხდება. "სკრიპალის საქმის" შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შს სამინისტროსაც მიმართეს, რომ ხელმეორედ, საგულდაგულოდ გამოიძიონ ბრიტანეთში მომხდარი ეს "მოულოდნელი და საეჭვო სიკვდილი", რომლებზეც მაშინ გამოძიებამ ვერც ერთ შემთხვევაში რუსული კვალი ვერ დაამტკიცა, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ ყველა საეჭვო "გარდაცვალებას" რუსეთის სახელმწიფოს უკავშირებენ.

    გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობელი იყო. რუსეთის სპეცსამსახურების პირველი ოპერაცია 2006 წელს ლიტვინენკოს მოწამვლა იყო. გასული წლების 14 "საეჭვო გარდაცვალებებს" შორის ერთ-ერთი 2008 წლის თებერვალში ლონდონში გარდაცვლილ ქართველ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეცაა.

    პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის, ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა და პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

    გარდა წინა წლების 14 საეჭვო სიკვდილისა, ლონდონმა გაავრცელა ვიდეორგოლი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც იწყებოდა ლიტვინენკოს მოწამვლით და ასევე ნახსენები იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ყირიმის ანექსიაც.

     რატომ დუმდა ამდენი წელი ლონდონი, თუკი რაღაც ეჭვი არსებობდა, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე ატარებდა სპეცოპერაცია-მკვლელობებს?

    კორნელი კაკაჩიას თქმით, როგორც წესი, სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ მკვლელობებისას კვალი ნაკლებად რჩება და რაიმეს მტკიცება ძალიან რთულია. ასევე მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ცალკეული შემთხვევები და არა - რუსეთის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა.

    თუმცა, ბოლო წლებში რუსეთმა ძალიან ბევრი მიმართულებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ძალიან ბევრი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა ფაქტებიც გამჟღავნდა, ამიტომაც რუსეთი უკვე მიიჩნევა ევროპული უსაფრთხოების საფრთხედ და "სკრიპალის საქმემაც" ამიტომ გამოიწვია ასეთი დიდი რეზონანსი.

    "წლების წინ, იმავე ლიტვინენკოს მკვლელობის დროს, რუსეთი არ ფიგურირებდა, როგორც ევროპული უსაფრთხოების რაღაც საფრთხე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში რუსეთიდან საფრთხეს ისე სერიოზულად არ განიხილავდნენ. ამიტომ შესაძლოა, ადრე ვიღაცამ ჩათვალა, რომ ლიტვინენკოს შემთხვევა, რომელიც ჰგავდა რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებას, მაინც ერთი განყენებული შემთხვევა იყო.

    "შემდეგ იყო საქართველოში შემოჭრა და ჩათვალეს, რომ საქართველოს ბრალიც იყო რაღაც. მაგრამ შემდეგ რომ იგივე განმეორდა ყირიმში, შემდეგ იყო კიბერუსაფრთხოების პრობლემები, შემდეგ აშშ-ში გააქტიურდნენ და იყო არჩევნებში ჩარევა, ასევე ევროპაშიც მემარჯვენე-პოპულისტების მხარდაჭერა, უკვე ევროპული სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ ეს არის რუსეთის კონკრეტული მიზანმიმართული პოლიტიკა და არა - შემთხვევითი ფაქტები.

    "ახლა უკვე ყველა ფაქტს ერთმანეთს უკავშირებენ და ცდილობენ განიხილონ, როგორც ერთიანი რუსული პოლიტიკა, რომლის მიზანია, დაქსაქსოს და დაასუსტოს დასავლეთი," - ამბობს კაკაჩია.

    მისი თქმით, მთელი ეს პროცესი საქართველოსთვის დამაფიქრებელია და თვლის, რომ საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ძალიან დაუცველია.

    "ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, გვეგონოს, რომ რუსეთი საქართველოში არ აქტიურობს. პირიქით, ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე კრემლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და აქ ორმაგი ენერგიით იქნება ჩართული. მით უმეტეს, რომ საქართველოში აგენტურასთან მუშაობა მისთვის ბევრად უფრო მარტივია იგივე ისტორიული და გეოგრაფიული კავშირების გამო.

    "უკრაინაში რამდენი ოპერაცია ჩაატარეს და ამ დროს საქართველოში ერთიც არ აღმოუჩენიათ. ეს ხომ წარმოუდგენელია?! საქართველომ ან მოადუნა ყურადღება ამ კუთხით, ან იცის, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება, ალბათ, სანამ რაღაც დიდი ტრაგედია არ მომხდარა. ორივე შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან სახიფათოა და ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს.

    "თანაც, ასევე ითქვა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ხელში უკვე აღმოჩნდა ქართველი სამხედროების სია და ამის გამო რამდენიმე სამხედროს პრობლემებიც შეექმნა.

    "ჩვენ რუსულ "რბილ ძალასაც" ბოლომდე გავუღეთ კარი იმავე ტელევიზიებით და არ ვიცით, რა ინფორმაცია აქვს და რას აკეთებს მოსკოვი. რუსეთს საქართველოსადმი პოლიტიკა არ შეუცვლია და ყველაფერი შეიძლება მაშინ შემოგვიტრიალოს, როდესაც არ ველოდებით.

    "რისკები არსებობს და ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, რომლებიც დუმან," - დასძენს კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved