სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    26.12.2017

     წინასწარი ინფორმაციით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი საკუთარმა ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 გასროლით მოკლა. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავენ.

    როგორც მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, ნიგურიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა ჰქონდა.

    ადგილობრივების ცნობით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი გახდა; გარდაცვლილი და ის პირი, ვინც მას, სავარაუდოდ, ესროლა, ნათესავები იყვნენ.

    მომხდარის დეტალებზე საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლულსა და მის ნათესავს შორის წლებია არსებობს კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც აგრარული ბაზარია განთავსებული. მკვლელობის დღეს კი მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უშუალოდ სახურავიდან თოვლის გადმოყრას მოჰყვა.

    ადგილობრივთა ინფორმაციით, დაპირისპირებას ლომარ ნიგურიანის შვილიც შეესწრო და კონფლიქტში ჩაერთო. ნათესავმა იარაღი სწორედ ნიგურიანის შვილს დაუმიზნა, დეპუტატი კი შვილს გადაეფარა.

    თუმცა, მესტიაში მცხოვრებთა მეორე ნაწილი როგორც პოლიტიკურ, ისე მიწასთან დაკავშირებულ დავას გამორიცხავს. მათი თქმით, ეს უბრალოდ, ლომურ ნიგურიანის მიერ თოვლის ბიძაშვილის ეზოში გადაყარას და ამაზე შელაპარაკებას მოჰყვა. შესაბამისად, ისინი მკვლელობას აფექტის მდგომარეობას უკავშირებენ.

    ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი არათუ საკუთარ სახლთან, არამედ მანქანაში ჩახრილეს.

    დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

    ამასთან, მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილზე ძებნა უკვე გამოცხადებულია.

    "წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ლომარი ნიგურიანის თანაპარტიელები ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, “ეს იმ პოლიტიკური ნების გამოხატულებაა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს”.

    „დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება, ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

    ტრაგედიას გამოეხმაურა საქრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ “ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved