სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    „ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება"
    თიკო ოსმანოვა
    24.12.2017

     საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის    ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინა დატოვოს და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდეს. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, მან ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო, რასაც თავად არ ადასტურებს. ჰოლანდიაში მის წასვლას ალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილიც.

    "ნიდერლანდების სამეფო მზადაა "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეისტრამ, - ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება".

    სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა. როგორც სააგენტო წერს, "სააკაშვილმა ჰოლანდიის მიგრაციულ სამსახურს მიმართა და მეუღლე სანდრა რულოვსთან ოჯახის გაერთიანება მოითხოვა".

    "მიგრაციულმა სამსახურმა დაადგინა, რომ სააკაშვილს შეუძლია, ნიდერლანდებში დროებით ცხოვრების უფლება მიიღოს", - განაცხადა ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ დოკმა.

    თავად სააკაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ უკან დახევას არ აპირებს. მისი თქმით, მოქალაქეობას რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს, თუმცა ის თავისი უფლებების დასაცავად უკრაინაში დარჩენას აპირებს.

    "ნიდერლანდების ვიზა არ მჭირდება. პირველ რიგში, მე უკვე ვიყავი დასავლეთში და ნებისმიერ დროს შემიძლია, წავიდე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. მე შემოთავაზება მაქვს არა ვიზაზე, არამედ - მოქალაქეობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, უფრო მეტიც, მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან. მე ავტომატური უფლება მაქვს ნიდერლანდების მოქალაქეობაზე, რადგან ჩემი ოჯახი ჰოლანდიიდანაა. აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევენ სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პრობლემა არ არის, შემიძლია, ნებისმიერ დროს წავიდე", - განაცხადა "ნიუს ონთან" საუბრისას სააკაშვილმა. მისივე თქმით, მას საზღვარგარეთის პასპორტი არც აქვს, თუმცა "კიდევ ერთხელ ვამბობ: ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შემიშვებს და ეს არავისთვისაა საიდუმლო".

    ჰოლანდიაში მის წასვლას ალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილი. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - თუ დასავლეთმა ან აშშ-მა აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა.

    "ვიზის მოთხოვნის ლოგიკას ვერ ვხედავ. ამდენი პოლიტიკური სისხლისღვრის შემდეგ ადგეს და წავიდეს, ალოგიკურად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ამას სერიოზული შემზადება დასჭირდება. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

    "რევოლუციას არავინ არ აწყობს, მას თავის თავს უწყობს ხელისუფლება. რევოლუციური სიტუაცია გარედან არ იქმნება, იქმნება პრობლემების გამო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკმარისად დისკრიდიტირებულია იმისათვის, რომ იქ რაღაც პრობლემები შეიქმნას. მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფრის ბელადი სააკაშვილი იყოს. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, იქ სააკაშვილზე უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს წაიყვანენ.

    "ჰოლანდიის ვიზაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია. ეს ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ დასავლეთმა ან ამერიკელებმა უთხრეს, რომ ასე მოიქცეს, თორემ პოლიტიკურ ლოგიკაში ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ხუხაშვილი.

    თსუ- პროფესორი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს იყოს სააკაშვილის "გეგმა " და ვითარების დაძაბვის შემთხვევაში მოიყვანოს სისრულეში.

    "თუ ეს ინფორმაცია სწორია და მან მართლაც მოითხოვა ვიზა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი იტოვებს უკან დასახევ გზას იმ შემთხვევისთვის, თუ მასთან დაკავშირებით პროცესები კიდევ უფრო გართულდება. არ მგონია, მან უკრაინა დატოვოს და ასე ადვილად წავიდეს, მაგრამ ეს იქნება "გეგმა ". უკრაინაში მთავრობის რეიტინგი არ არის მაღალი, თუმცა საზოგადოებაც რევოლუციისთვის არ არის მზად. ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ვერ მოახერხებს რევოლუციის მომწიფებას.

     

    "მან რადიკალური ნაბიჯები რამდენჯერმე გადადგა, თუმცა უკურეაქცია მიიღო. უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი რევოლუციისთვის არ არის მზად, თორემ სააკაშვილისთვის ეს მიღწევა იქნება, რადგან იგი ამ პროცესში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში", - გვითხრა კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved