სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    22.12.2017

     ფრანგული მოდიფიცირებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - "მისტრალები" უკვე საქართველოშია, მომავალ წელს კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამერიკული ანტისატანკო "ჯაველინებიც" გამოჩნდება. ამაზე პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ისაუბრა.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, "მისტრალებისა" და "ჯაველინების" ყიდვა ერთ-ერთი ნაბიჯია თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით, თუმცა მარტო ამით, სამწუხაროდ, თავდაცვისუნარიანობა არ მიიღწევა. მისი განცხადებით, ამ სისტემების შეძენას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო-ტექნიკური.

    "ჩვენ ფიქრში ჩავაგდეთ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, რადგან გარკვეულწილად სერიოზული იარაღი გაგვიჩნდა, მაგრამ მისი საკომპენსაციო ელემენტი რუსეთს, სამწუხაროდ, აქვს. ამდენად, ეს სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენ ნატო-სთან თავსებადობას ვაგრძელებთ, ვცვლით რუსულ შეიარაღებას ნატო-ს სტანდარტებზე მორგებული დასავლური იარაღის ტიპებზე, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს სერიოზულ ნაბიჯს ჩრდილოატლანტიკური მიმართულებით," - მიიჩნევს მაისაია.

    თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "მისტრალების" საქართველოში ჩამოტანაზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას საჰაერო სივრცის დაცვაზე საუბრის დროს განაცხადა.

    "წლის განმავლობაში გახლდით პარიზში და მქონდა შესაძლებლობა, რომ ადგილზე მენახა ქარხნებში, "თალესსა" და "ემბიდიესში", ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შევიძინეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკური აღჭურვილობა უკვე საქართველოშია, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა გავაგრძელოთ ფრანგ კოლეგებთან ერთად," - განაცხადა იზორიამ.

    თავდაცვის მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებითაც უკვე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და მის შესაძენად 2018-2019 წლებში ორ ეტაპად დაახლოებით 160 მლნ ლარი გადაირიცხება.

     ცნობისათვის, "მისტრალი" მცირე რადიუსის მოქმედების საზენიტო დანადგარია. ფრანგული "მისტრალი" რუსული "იგლასა" და ამერიკული "სტინგერის" ანალოგია, თუმცა, მათგან განსხვავებით, მისი რაკეტის გასროლა სპეციალურ სადგამზე დამაგრებული კომპლექსიდან ხდება და არა - მხრიდან, ამიტომაც ხელით მისი ოპერატიულად გადატანა ცოტა ძნელია, მაგრამ ქართული მხარე ფრანგულ "მისტრალებს" მაღალი გამავლობის მანქანებზე დამონტაჟებულს მიიღებს.

    "მისტრალი" ფრანგულმა არმიამ შეიარაღებაში 1988 წელს მიიღო და დღემდე დაახლოებით 16 ათასი საზენიტო რაკეტაა გამოშვებული. კომპლექსი შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს 25 ქვეყანას. ამჟამად აწარმოებენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს - "მისტრალ-3"-ს.

    "მისტრალის" საზენიტო რაკეტას 1500 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საჰაერო ობიექტების დაზიანება/ჩამოგდება 500-დან 6000 მ-მდე მანძილისა და 5-დან 3000 მ-მდე სიმაღლის დიაპაზონში შეუძლია. რაკეტა აღჭურვილია კონტაქტური და უკონტაქტო (ლაზერული) ამფეთქებლებით.

    ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მარტო "მისტრალებისა" და "ჯაველინების" შესყიდვით, სამწუხაროდ, თავდაცვისუნარიანობა არ მიიღწევა იმიტომ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსაც მძლავრი არსენალი აქვთ, რომელთა განეიტრალება კიდევ სხვა ელემენტებითაც მნიშვნელოვანია. მისი აზრით, აუცილებელია სისტემური რეფორმები.

    "ამ შეიარაღების ათვისებისთვის სპეციალისტების სერიოზულ მომზადებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება, თუ ერთი წელი არა. ჩვენ მარტო "ჯაველინებისა" და "მისტრალების" იმედზე არ უნდა ვიყოთ. ეს სისტემები მხოლოდ ტაქტიკური ტიპის ამოცანებს გადაწყვეტს, ისიც არა 100%-ით იმიტომ, რომ რუსებს შეუძლიათ, ახალი ტიპის შეიარაღების მოდელები გამოიყენონ, რომელთაც ახლა ინტენსიურად ნერგავენ და ახალი ტექნოლოგიური ერთეულების პირველი მომხმარებლები სწორედ სამხრეთ კავკასიის ოპერატიული სამხედრო ერთეულები იქნებიან. პირველი ასეთი ახალი ტექნოლოგიები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც შემოდის და თუ რუსები მოინდომებენ, მათ შეუძლიათ ამათი ნიველირება და მინდა, გავითვალისწინოთ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ. ამდენად, "ჯაველინებისა" და "მისტრალების" შეძენას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო-ტექნიკური. თუმცა სამხედრო-ტექნიკურ ელემენტებსაც შეიცავს, რადგან რუსები უკვე დაფიქრდნენ, რომ სერიოზული წინაღობების გადალახვა მოუწევთ და არა ისე, როგორც 2008 წელს, როდესაც თავისუფლად შემოვიდნენ და სერიოზული წინააღმდეგობა ჩვენებმა ვერ გაუწიეს, თუ ეპიზოდურ შეტაკებებს არ გავიხსენებთ. მაგრამ ესეც არ არის რუსეთისთვის პრობლემა და ამ ფაქტს უფრო სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო-ტექნიკური," - მიიჩნევს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter