სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აბაშიძე ამბობს, რომ დეტალები ორ დღეში დაზუსტდება
    თიკო ოსმანოვა
    02.12.2017

     საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგის დაწყებას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო, თუმცა ბოლო დეტალებთან დაკავშირებით შვეიცარიაში ნოემბერში ჩანიშნული შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. მოხდება თუ არა კიდევ ერთხელ დროის გაჭიანურება, უცნობია. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ორ დღეში დეტალები დაზუსტდება.

    აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია შვეიცარიული კერძო კომპანია "ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი თბილისმა და მოსკოვმა უნდა დადოს. სწორედ ამ კონტრაქტის დეტალებზე იგეგმება შვეიცარიაში შეხვედრა, მაგრამ კონკრეტულად რა არის გასარკვევი, უცნობია.

    მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან კონკრეტულად სად დადგებიან ნეიტრალური დამკვირვებლები და მათი უფლებები ხელშეკრულებაშია გაწერილი.

    როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, ხელშეკრულებაში საუბარია 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად კი, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე "საბაჟო პუნქტის" ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან, გეგმავს.

    ხელშეკრულების მიხედვით, მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღირცხვის უფლება ექნებათ.

    "ხელშეკრულებაში მონიშნულია ამ კორიდორების თავი და ბოლო, ამის კოორდინატები არსებობს. შვეიცარიელ მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღრიცხვის უფლება ექნებათ, აღნიშნავენ იმ ტვირთს, რაც შევა და გავა იმ დერეფანში. პატარა ნიუანსებია დარჩენილი. არა მგონია, რუსეთი დროის გაჭიანურებას ცდილობდეს, სუფთა ტექნიკური საკითხებია გასარკვევი და მე მგონი, ამ ორ დღეში ჩაინიშნება ზუსტი დრო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიძე.

    "ევროპული საქართველოს" წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძისთვის კი გაუგებარია ეს "რამდენიმე პატარა ნიუანსი", მათ შორის ისიც, რატომ მოანდომეს ამას 5 წელი, გაურკვეველია, რა დეტალებზე შეიძლება იმსჯელონ შვეიცარიაში.

    დასასრული

    "რა დეტალებზე ექნებათ საუბარი, ნამდვილად არ ვიცი. დეტალების უმრავლესობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული, ახლა რა დარჩა და რის გამო გაიწელა ამდენი ხანი, არ ვიცი. მე მგონი, ეს დეტალები არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

    "ის კონტრაქტი, რომლითაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, მათ შორის დეტალები, წინა ხელისუფლების დროს იყო შეთანხმებული. ასე ვთქვათ, მანდატის არსი, ყველაფერი შეთანხმებული იყო და იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო. ამ ყველაფერს რამდენიმე კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რა დარჩა ისეთი, ამდენი ხანი რომ ვერ დაიდო კონტრაქტი, ან რაზეა საუბარი", - გვითხრა კაპანაძემ.

    ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუფიქრებელ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

    "ეს ხელშეკრულება ჩემთვის ბევრ კითხვას აჩენს. საკმაოდ მოუფიქრებელ დოკუმენტზე მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი. მათ არაფრის შემოწმების უფლება არ აქვთ. არ შეუძლიათ, გააჩერონ ტვირთი, გახსნან, ნახონ, შიგნით რა არის. მათ აქვთ უფლება, მხოლოდ და მხოლოდ აღნუსხონ.

    "გარდა ამისა, მარტო საავტომობილო ტრანსპორტზეა დოკუმენტი მომზადებული, არც საავიაციო და არც საზღვაო ტრანსპორტის მონიტორინგის უფლება არ აქვთ. რუსეთი ამ დოკუმენტით აღიარებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს ტერიტორიები არის სადავო", - აცხადებს არეშიძე.

    შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (02.12.2017)
    საზღვარზე უნდა იყოს საქართველოს დროშა, ეს უნდა იყოს პირველ რიგში მოთხოვნა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter