სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    02.12.2017

     "იმ განცხადებების შემდეგ, რასაც რუსეთისგან ვისმენთ, აუცილებელია დაუყოვნებლივი რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რუსეთის დღევანდელი რიტორიკა, რომელიც ძალიან ახლოსაა 2008 წლის აგვისტოს პირველი დღეების რიტორიკასთან, როგორმე უნდა დავამუხრუჭოთ და ყველა დასავლურ სახელმწიფოს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

    ისნის სპეცოპერაცია, სამინისტროებში სტრუქტურული ცვლილებები, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის "ჯაველინების" გადმოცემა - ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგს ესაუბრა.

    სოსო ცისკარიშვილი: ხელისუფლების მხრიდან ასეთი ხანგრძლივი პაუზა ბადებს ეჭვს, რომ მხოლოდ ჩვენი უწყებები არ იყვნენ უფლებამოსილნი, რომ ჩატაევის ლიკვიდირება დაედასტურებინათ. ეს ფაქტი მიგვითითებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესის საგანი. შესაბამისად, ცხადყოფს, რომ მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაში დამოუკიდებლობა უაღრესად მიჭირხვნილია და ისინი ვერ აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს მანამდე, სანამ არ მიიღებენ მწვანე შუქს ისეთი სტრუქტურიდან, რომელიც პრივატიზებულია ხელისუფლების შემქმნელი სუბიექტისგან.

    "რეზონანსი": ხელისუფლება ამბობს, რომ ჩატაევი, სავარაუდოდ, არალეგალურად შემოვიდა, რას ფიქრობთ ამ ვერსიაზე?

    ს.ც: მე ვფიქრობ, ჩვენს უშიშროების სისტემებს აქვთ მონური დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის ანალოგიური სტრუქტურების მიმართ. ასე იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ასეა ამ ხელისუფლების პირობებშიც, რომელთაც სინამდვილეში ოცნების უფლებაც ჩამორთმეული აქვთ. ისინი არიან მხოლოდ იმ მითითებების შემსრულებელნი, რომელიც დახურულ კარს მიღმა განიხილება.

    მაშინ, როდესაც მედიაში უკვე ჩნდება ინფორმაცია, თუ როგორ, რა გზით და ვისგან შემოვიდა ჩატაევი, ჩვენმა მთავარმა მეოცნებემ ხმა ჩაიგდო და არაფერი უთქვამს სატელევიზიო ეთერით გაცემულ დაპირებაზე, რომ იგი გაასაჯაროვებდა ლაფანყურის ტრაგედიის დეტალებს. როდესაც ადამიანს სიმართლის თქმა ეკრძალება, მას ერთხანს შეიძლება თანაგრძნობა გამოუცხადო, მაგრამ თუ ეს ხანგრძლივია, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული სისტემისთვის.

    "რ": მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ლიკვიდირებულს ქართული შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა თუ არა, რომ ამ საქმეში სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს?

    ს.ც: არა მგონია, ჩვენი ქვეყანა ისეთი იარაღის შემქმნელი იყოს, რომელიც მხოლოდ ჩვენში გამოიყენება. რასაც ეს დღეები ვაკვირდებოდით, დასაშვებზე მეტი ინფორმაცია გავიდა მედიის ყველა კუთხე-კუნჭულში, რაც ვნებდა ჩვენი სახელმწიფოს გარკვეულ პერსპექტივებს.

    "რ": ახმედ ჩატაევის ლიკვიდირებამ რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში?

    ს.ც: ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში არ მოიძიება. ეს ის ადამიანია, რომელიც თუ არა მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ვერ აღმოჩნდებოდა საქართველოში. დიდი ალბათობით, მისი მოძრაობა იყო შეთანხმებული როგორც რუსეთის, ისე თურქეთის შესაბამის ორგანოებთან და ჩვენ ვიყავით მხოლოდ ამ რეალობის მიმღებნი.

    მაშინ, როდესაც, 2012 წლის მარტიდან მოყოლებული, ჩვენი კონტრდაზვერვა, ბატონი ჯანელიძის თავკაცობით, ჩეჩნებს მთელი ევროპიდან ეპატიჟებოდა და ეუბნებოდა, რომ მათ დააპურებდა, დააბინავებდა, ასწავლიდა და გადაუშვებდა ჩდილო კავკასიის მიმართულებით, რასაკვირველია, მიგვანიშნებს, რომ ჩვენ სხვის დავალებას ვასრულებდით. სწორედ ამიტომაც არის ეს საქმე დღემდე გამოუძიებელი და ამიტომაა დაფეთებული ჩვენი პროკურატურაც. ნათქვამია, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და, აი, ამ გაცლას ვერ ვახერეხებთ-ხოლმე იმ წნეხის გამო, რომელსაც პერიოდულად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიგზავნის. უკვე საკმაოზე მეტი ფაქტია იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს დამოუკიდებლობა ძალიან აქვთ შემცირებული.

    "რ": მინდა, გკითხოთ ქვეყანაში სტრუქტურულ ცვლილებებზეც - ხელისუფლების განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება. ამ მხრივ რა სიახლეებს ელოდებით?

    ს.ც: მე ველი, რომ გონიერება იმარჯვებს და იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, გამოასწორებენ. ვგულისხმობ გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე დიდი შეცდომა იქნება, თუ ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთებენ ეკონომიკის სამინისტროს. ვიღაცის თავში ენერგეტიკის სამინისტრო მხოლოდ კახა კალაძის პიროვნებითაა შემოფარგლული. რადგან ის წავიდა, მთელი სამინისტრო დაიძრა და შეეფარა ისეთ სტრუქტურას, რომლის თავკაცი გახდა პოლიციელების დირექტორი, ფინანსთა მინისტრი გახდა რკინიგზის დირექტორი და ა.შ. თუკი ვინმე გონს მოვა და რაიმე სიკეთეს იზამს, რასაკვირველია, მისასალმებელი იქნება.

    "რ": აშშ-ის მიერ საქართველოსთვის "ჯაველინების" გადმოცემის ფაქტს რუსეთი უკვე გამოეხმაურა. როგორ ფიქრობთ, კრემლისგან რა საპასუხო ქმედებას უნდა ველოდოთ?

    ს.ც: იმ განცხადებების შემდეგ, რასაც რუსეთისგან ვისმენთ, აუცილებელია დაუყოვნებლივი რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ისინი სრულიად მკაფიოდ საუბრობენ, რომ თუ ეს იარაღი შევიდა საქართველოში, მაშინ ჩვენ ვიქნებით ისეთივე აგრესიული, როგორც 2008 წელს და მათ უფრო მეტი სადარდებელი გაუჩნდებათო. ამიტომ დღესვე თუ არ უარვყოფთ და დეტალურად თუ არ ავხსნით 2008 წლის მოვლენებს, რომ აგვისტოდან კი არა, ივნისიდან დაწყებული რუსეთის 58-ე არმია ჩასაფრებული იყო, რომ ეს სრულიად დაგეგმილი პროცესი იყო, რასაც მერე საქართველოს მხრიდან თავდასხმა დაარქვეს, ჩვენთვის კარგი არაფრის მომტანი იქნება.

    ამიტომ რუსეთის დღევანდელი რიტორიკა, რომელიც ძალიან ახლოსაა 2008 წლის აგვისტოს პირველი დღეების რიტორიკასთან, როგორმე უნდა დავამუხრუჭოთ და ყველა დასავლურ სახელმწიფოს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter