სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    01.12.2017

     "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეც გახლდით, მაგრამ ის ჩვენ ბევრს არაფერს გვეკითხებოდა. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვურჩევდით, არ მოსწონდა და ამით მდგომარეობა სადამდე მიიყვანა, ყველამ კარგად იცის," - აღნიშნა პოლიტოლოგმა, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავამ "რეზონანსთან" საუბრისას. მისი აზრით, მრჩეველთა საბჭო არ უნდა გაუქმდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ დააკომპლექტებს მას და რამდენად იქნება გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.

    ახალი სახალხო დამცველი, მრჩეველთა საბჭოს აუცილებლობა, ისნის სპეცოპერაცია - ის საკითხებია, რომლებზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგს ესაუბრა.

    იგორ კვესელავა: თუ ჩვენ მივიღებთ იმ აქსიომას, რომ სახალხო დამცველი აუცილებლად არასამთავრობო სექტორიდან უნდა იყოს შერჩეული, მაშინ ვფიქრობ, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ყველა სხვა დასახელებულს ჯობია. თუმცა თუ არასამთავრობო სექტორიდან დანიშვნა აუცილებლობა არაა, მაშინ, მე ვფიქრობ, შესანიშნავი კანდიდატურა იქნებოდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

    "რეზონანსი": ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მმართველ გუნდში ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გამოიწვევს "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებას?

    ი.კ: რა თქმა უნდა, მის კანდიდატურას მმართველ გუნდში ყველა არ ეთანხმება, რადგან ნინო ლომჯარია მანამდე მუშაობდა სერიოზულ თანამდებობაზე. ის საჯარო მოხელე გახლდათ იმ უწყებაში, რომელიც უშუალოდ პარლამენტს ექვემდებარება. ამიტომ ლოგიკურია, სახელმწიფო უწყებიდან მოსული ადამიანი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი. ყოველ შემთხვევაში, ისეთი სტრუქტურიდან, როგორიცაა აუდიტის სამსახური. შესაძლოა, იყოს კულტურის ან განათლების სფეროდან, მაგრამ არა აუდიტიდან. ამის და კიდევ პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს უფლება აქვს, რომ წამოაყენოს სხვა კანდიდატურა.

    მე რამდენადაც ვიცი, ნინო ლომჯარიას მხარს უჭერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და სწორედ მისი კანდიდატურა იყო მაშინაც, როდესაც ის აუდიტის სამსახურში დაინიშნა. თუმცა, მე ვფიქრობ, მთავარია, სახლხო დამცველი იყოს ობიექტური. მაგალითად, ნანუაშვილი ხშირად იყო მიკერძოებული. არ ვამბობ, რომ სახალხო დამცველმა მთავრობას უნდა დაუქნიოს თავი, მაგრამ ის უნდა იყოს მართალი და ობიექტურად განსაჯოს პოლიტიკური და, საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი.

    "რ": ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?

    ი.კ: როდესაც ლომჯარია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, მისი გამოსვლები ზოგჯერ საკმაოდ ტენდენციური იყო. გამიკვირდა კიდეც, არასამთავრობო სექტორიდან როგორ წავიდა ამ თანამდებობაზე. სახალხო დამცველის მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მაინცდამაინც კრიჭაში ჩაუდგეს ხელისუფლებას და მისი გადაწყვეტილები არ უნდა მოსწონდეს, არამედ დაიცვას ობიექტურობა და სწორი ფორმით გამოხატოს საკუთარი შეფასებები. რაც მთავარია, მის უკან არავინ უნდა იდგეს (არც ამერიკა, არც არასამთავრობო სექტორი და არც ხელისუფლება) და საკუთარი შეხედულებები გადმოსცეს. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში იქნება სახალხო დამცველის პოლიტიკა გამართლებული.

    "რ": რას ფიქრობთ თბილისის მერის მრჩეველთა საბჭოზე, საჭიროა თუ არა მისი არსებობა და რა ფორმით?

    ი.კ: პირველ რიგში, გეტყვით კალაძის გადაწყვეტილებაზე 19 კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. არ არის საჭირო არავითარი კომისიები მერიაში. ეს არის ბიუჯეტის ხარჯვა და ბიძგი უსაქმურობისკენ. საქმე კომისიებმა კი არა, კონკრეტულმა სამსახურებმა უნდა აკეთონ.

    რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს, ის ყველა ქვეყანაში ჰყავს პრეზიდენტს, პრემიერს, მერს და ა.შ. გააჩნია, მრჩეველთა საბჭოში ვის მიიწვევ და აზრს შეეკითხები თუ არა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეც გახლდით, მაგრამ ის ჩვენ ბევრს არაფერს გვეკითხებოდა. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვურჩევდით, არ მოსწონდა და ამით მდგომარეობა სადამდე მიიყვანა, ყველამ კარგად იცის.

    ჩვენთან განათლების, კულტურისა თუ მეცნიერების სფეროში ნამდვილად არიან ისეთი პიროვნებები, ვისაც შეიძლება აზრი ჰკითხო. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ მრჩეველთა საბჭო არ დაშალოს, პირიქით, გააძლიეროს და გამოიყენოს საკუთარ საქმიანობაში.

    "რ": მინდა, გკითხოთ ისნის სპეცოპერაციაზეც. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ამ დრომდე რატომ დუმს?

    ი.კ: რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ამ ძიებაში ჩართული არიან ამერიკელები და ქართველი სპეციალისტები თავს იკავებენ შეფასებისგან, რაც აბსოლუტურად სწორია. ჩვენც უნდა დაველოდოთ დასკვნებს, რომელსაც ამერიკული მხარე წამოადგენს. თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ახმედ ჩატაევი მონაწილეობდა თუ არა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მართალია, ამ დაჯგუფებაში რამდენიმე კაცი შედიოდა, მაგრამ, როგორც იცით, ჩატაევს ხელ-ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და ამას დიდი დადგენა არ სჭირდება. 3 კაცში უხელო და უფეხო კაცი იყო თუ არა, მარტივი გასაგებია. მეტიც, ეს დადგენილია და ყველამ იცის, რომ ჩატაევი ნამდვილად მონაწილეობდა. სპეცსამსახურების მიერ გარკვეული მინიშნებებიც გაკეთდა ამაზე, თუმცა რაღაც მიზეზების გამო არ უნდათ ჯერ ამის დადასტურება. სხვა საკითხია, რატომ ჩამოვიდა, როგორც შემოვიდა საზღვარზე, იარაღი როგორ შემოიტანა და ა.შ. ამაზე სხვადასხვა ლეგენდაც დადის და ვერსიების დონზე მე აღარ ჩავუღრმავდები. უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter