სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.11.2017

     პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი დაპირისპირება ოთხშაბათს თბილისში ჩატარებულმა მასშტაბურმა სპეცოპერაციამ გამოიწვია. გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქარველოში ტერორისტული ჯგუფის არსებობის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება ნაჩქარევია. ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ პრეზიდენტს ამ სპეცოპერაციით სპეკულირებაში დასდო ბრალი

    ექსპერტების შეფასებით კი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების პრეზიდენტისეული სტრატეგია არასწორია, რადგან ის აქცენტს არა მის ფუნქციებზე, არამედ, ზოგადად, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე აკეთებს.

    პრეზიდენტის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით "ნათელი პასუხი გაეცა მიამიტურ განწყობებს, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გადაიზარდოს, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები".

    ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, დღეს მოქმედი კონსტიტუციითაც, სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან თუ სხვა შემთხვევებთან, უშიშროების საბჭოს არანაირი კავშირში არ აქვს.

    "მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება. რა შუაშია სპეცოპერაციებთან უშიშროების საბჭო?! არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება, მით უმეტეს ისეთი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს არასდროს ჰქონია კავშირი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

    "უშიშროების საბჭო ყოველთვის პასუხისმგებელი იყო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. კონსტიტუციაში ყოველთვის ეს ეწერა. იყო დრო, როცა უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები დე ფაქტო შეიცვალა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს იყო რამდენიმეწლიანი პერიოდი. ამის გვერდზე გადადების შემთხვევაშიც, ერთი წელია, უშიშროების საბჭო მუშაობს და რა ისეთი საკითხი განიხილა უშიშროების საბჭომ, რომლითაც ასეთი საფრთხეების პრევენცია შეიძლებოდა?

    "უშიშროების საბჭოს არა აქვს არანაირი კომპეტენცია, რომ ასეთი საკითხებით დაკავდეს და ვერც ექნება, რადგან ჩვენ საპარლამენტო სისტემაში ვმუშაობთ. საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო ვერ იქნება დაკავებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის ასეთი რისკების პრევენცია. ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს. შეიძლება ესმის კიდეც, უბრალოდ, მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობისკენ არის გადახრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ადრე ყველა ორგანო და მათ შორის მინისტრებიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდნენ, დღეს მათ პრემიერი ხელმძღვანელობს.

    შესაბამისად, "ანტიტერორისტული ან სხვა ტიპის ოპერაციები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, არის პოლიციური ფუნქციის და არა მხოლოდ ბოლო ცვლილებებით, არამედ წინა მოდელითაც კი, რომელზეც 2013 წელს გადავედით, ეს ფუნქციები აღარ შედიოდა პრეზიდენტის პრეროგატივაში".

    "ჯერ კიდევ წინა ცვლილებებით, რომელიც 2010 წელს განხორციელდა, პრაქტიკულად, ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადავიდა. ამას ემატება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გადავიხარეთ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ პირველი ცვლილებების შემდეგ აღმასრულებელი პირი პრემიერ-მინისტრი გახდა.

    "მე არასდროს მითქვამს, რომ სათათბირო ორგანოები ცუდია და თუ პრეზიდენტს სჭირდება ასეთი ორგანოები, რათა მან, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისი ფუნქციები შეასრულოს, კი, ბატონო, მას თავისი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ფარგლებში შეუძლია, გარკვეული სტრუქტურები ჩამოაყალიბოს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის", - განაცხადა სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს შესანარჩუნებლად არასწორი სტრატეგია აირჩია.

    "ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებებისას გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის მხარემ, რომელშიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო წარმოდგენილი, არასწორი სტრატეგია აირჩია და ახლა პრეზიდენტიც ასე აგრძელებს, რადგან ქვეყნის პირველი პირი საუბრობს საფრთხეებზე, ანუ საბჭოს აუცილებლობას ასაბუთებს საფრთხეებით და არა ფუნქციებით.

    "როგორც ის ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში და საქართველოში არის გარკვეული საფრთხეები, ეს ორგანო საჭიროა. ზოგადად, რომ საჭიროა, ამაში ვეთანხმები, თუმცა სად უნდა იყოს ასეთი ორგანო, ეს კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს.

    "მნიშვნელვანია, რა ფუნქციებს ასრულებს ეს საბჭო. თუკი ამ შემთხვევაში ამას პრემიერ-მინისტრი ახორციელებს სხვადასხვა სტრუქტურის საშუალებით, მაშინ უშიშროების საბჭო რას აკეთებს? ახლა საუბარი უნდა მიდიოდეს იმაზე, თუ რას აკეთებს ეს საბჭო, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს და არა ის, რომ მისი არსებობა აუცილებელია და არა ის, რომ მზარდი საფრთხეებია.

    "პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მას ამ ფუნქციას არავინ ართმევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, ომისათვის მომზადება და საბრძოლო აღჭურვა. მშვიდობიან პერიოდში ეს მისი ყოველდღიური საზრუნავი ფუნქციაა. თუმცა მიმაჩნია, რომ საბჭოს არებობის დასაბუთების სტრატეგია უნდა შეცვალონ", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter