სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    24.11.2017

     "როგორ შეიძლება, ვენდოთ ხელისუფლებას, რომელსაც არ ძალუძს ელემენტარული რეალობის შეფასება და საკუთარი თავმოყვარეობის ფასად ცდილობენ, ამ საქმეში რუსეთი არ იყოს რაიმე სახის მიმანიშნებლად გამოყენებული?! - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, ეს საქმეც ისევე იქნება გამოძიებული, როგორც თავის დროზე ლაფანყურის შემთხვევაში მოხდა.

    სოსო ცისკარიშვილი: უნდა გავიაზროთ, რომ ეს საკმაოდ მძიმე დღე არ არის შემოფარგლული მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრებით და სჯობს, თავი შევიკავოთ ისეთი საკითხების განხილვისგან, რომელთა შესახებაც სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვარაუდებით საუბარი ნამდვილად არ არის სახელმწიფო ინტერესებში.

    გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა მსგავსი გაკვეთილი, რომელსაც ლაფანყურის ტრაგედია ჰქვია, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღებთ სრულ ინფორმაციას. 2013 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მომავალ კვირას ისინი გაასაჯაროებდნენ ლაფანყურის შესახებ პროკურატურის მიერ მოძიებულ ინფორმაციას, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და დღეს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ თემაზე საერთოდ აღარ საუბრობს. ვფიქრობ, არც ამ შემთხვევაში იქნება სრულად ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება. ამის მაჩვენებლი ისიც არის, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პირამოკერილნი არიან იმაზე პასუხის გასაცემად, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ის ადამიანები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს ქვეყანას.

    "რ": როგორ ფიქრობთ, რატომ არ ავრცელებს ხელისუფლება ინფორმაციას ტერორისტთა ვინაობის ან მათი მოქალაქეობის შესახებ?

    ს.ც: ჩვენს მაღალჩინოსებს იმის უფლებაც არ აქვთ, თქვან, როცა რუსეთის მოქალაქეები რაიმეს ჩადიან. უკეთეს შემთხვევაში შემოიფარგლებიან "ჩეჩნების" დასახელებით. კი მაგრამ, ვის ვუგორებთ კოჭს, ვინ არ იცის ჩვენი ხელისუფლებიდან, რომ ჩეჩნები რუსეთის მოქალაქეები არიან. საცოდავი საყურებლები და მოსასმენები არიან, როდესაც ვიღაც მათ ამის თქმის უფლებას არ აძლევს. როგორ შეიძლება, ვენდოთ ხელისუფლებას, რომელსაც არ ძალუძს ელემენტარული რეალობის შეფასება და საკუთარი თავმოყვარეობის ფასად ცდილობენ, ამ საქმეში რუსეთი არ იყოს რაიმე სახის მიმანიშნებლად გამოყენებული.

    ძალიან მძიმე რეალობაა ამ საქმის გარშემო. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენებმა განსაკუთრებული სამხედრო შეცდომა დაუშვეს, უფრო საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო, როგორ იგეგმებოდა ეს საქმე. მაგრამ ყველამ უნდა დავიოკოთ საკუთარი თავი და შევწყვიტოთ ამ თემაზე საჯარო განხილვა.

    ამასთან, თუ ვინმე საერთაშორისო სივრცეში მედიის მუშაობას თვალს ადევნებს, ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერი ტერაქტის შემდეგ პირველსავე განცხადებაში ხელისუფლება ამბობს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ტერორისტი. ჩვენ დავხუჭეთ თვალები,დავიხშეთ ყურები და ახლა, ვშიშობ, არ დავბრუნდეთ ლაფანყურში.

    ბოდიში ჟურნალისტებთან, მაგრამ როცა ინფორმაციას იგებ, უნდა გქონდეს უნარი, რომ განსაზღვრო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა თუ უფრო მეტი უბედურების მომტანი. სამწუხაროდ, მეორე ვარიანტს არცთუ იშვიათად ვხედავთ მედიასივრცეში და როცა ადრე ჩვენი მტრებისგან მილიონები იხარჯებოდა ინფორმაციის გასაგებად, დღეს მას დაუდევრად ავრცელებს ჩვენი მედია.

    "რ": რას ფიქრობთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სავარაუდო ტერორისტული ჯგუფი ახმედ ჩატაევთან არის დაკავშირებული?

    ს.ც: რომ მოგვესმინა ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირისგან განცხადება, ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ ტერორისტთა ჯგუფი ერთი ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდაო, თავს შევიკავებდით მსგავსი განცხადებებისგან, რათა შემთხვევით რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა. თუმცა ჯიუტად იმის თქმა, არ გეტყვით ამ ინფორმაციასო, ნაკლებად მიმზიდველია გულგახეთქილი ადმიანებისთვის და ამით, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ვაუარესებთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter