სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ ირჩევს ჯარისკაცთა უმრავლესობა დუმილის უფლების გამოყენებას
    ეთერ ბალაძე
    19.09.2009

    არეულობა სასამართლოზე შესვენების შემდეგ დაიწყო. მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ განსასჯელ გია ღვალაძეს "საკუთარი სურვილით" ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი შეუცვალეს, რასაც ღვალაძის ოჯახისა და ადვოკატის პროტესტი მოჰყვა, სასამართლო პროცესი კი ჩაიშალა. როგორც გია ღვალაძის ყოფილმა ადვოკატმა მაია მარკოიშვილმა "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ის შეგნებულად ჩამოაშორეს ღვალაძის საქმეს.
    მაია მარკოიშვილი: "გია ღვალაძემ წინასწარი გამიძიებისა და დაკითხვის დროს დეტალური ჩვებებები მისცა, მაგრამ ეს იყო ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებები, რადგანაც კობა კობალაძე სრულიად უდანაშაულო ადამიანია. დღევანდელ პროცესზე ღვალაძეს სასამართლოსათვის დეტალური ჩვენება უნდა მიეცა. მე ბევრი რამ ვიცოდი, რითაც შემეძლო, გამემყარებინა ღვალაძის ჩვენება. ის აპირებდა ჩვენების შეცვლას, ამიტომაც ღვალაძის "თანხმობით" სასამართლოზე აცილება მომცეს. ამის შესახებ პროცესზე გავიგე, ყველა საგამოძიებო მოქმედებას ვესწრებოდი და ბევრი რამ ვიცი ღვალაძის საქმის ირგვლივ. როგორც ჩანს, არ ეს მათ აწყობდათ და ამიტომ შემცვალეს.
    "რ": თქვენი აზრით, მოახერხებდა თუ არა ჩვენების შეცვლას ღვალაძე?
    მ.მ: დღევანდელ პროცესზე ღვალაძე ჩვენების შეცვლას აპირებდა, რადგანაც კობა კობალაძე არაფერ შუაშია მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით. იმ დროისათვის კობალაძე საერთოდ არ იმყოფებოდა არც მუხროვანში და არც ამ საქმეში. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ კობალაძე დამნაშავეა. ერთადერთი მტკიცებულება გახლავთ გია ღვალაძის მიერ მიცემული ჩვენებაა, რომელიც ამბობდა, თითქოს მასთან ერთად რესტორანში კობა კობალაძე იმყოფებოდა. ღვალაძე დღეს სიმართლის თქმას აპირებდა, ანუ იმის თქმას, რომ მას ღვალაძე თვალითაც არ უნახავს.
    "რ": აპირებთ თუ არა ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას?
    მ.მ. არ ვაპირებ გაპროტესტებას, მაგრამ მომეცა დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევხვდე უკვე ყოფილ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ განსასჯელს, რომელიც ასევე ჩემი ახლობელიცაა. დღეს მას დასჭირდა სასწრაფო დახმარება. ეს მოხდა ნერვიულობის ნიადაგზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა გიას გართულებული აქვს, მაგრამ არა ისე, რომ ვერ აკონტროლებდეს თავს. გია ღვალაძე 2000 წელს ავარიაში მოხდა და 42 დღე კომაში იყო, მაგრამ ამის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და ჩვეულებრივად შერაცხადია, აკონტროლებს ემოციებს. სასამართლოზე ცუდად მაშინ გახდა, როდესაც მითხრა, რომ ამ საქმეს ჩამომაცილეს. მე შევეცდები, დავრჩე ღვალაძის ადვოკატად და ვათქმევინო სრული სიმართლე.
    "რ": და რა არის ეს სრული სიმართლე?
    მ.მ. თუ რა არის სიმართლე, დღეს ვერ დავაკონკრეტებ, ვიცი მხოლოდ ის, თუ რატომ ჩამომაშორეს ამ საქმეს. თუმცა ოჯახის წევრები აპროტესტებენ სახაზინო ადვოკატის, ვინმე მაია ჯანყარაძის აყვანას და ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება.
    ამბოხებულთა საქმეში ერთ-ერთი მთავარი განსასჯელის კობა კობალაძის ადვოკატი ემზარ პაქსაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ არც მტკიცებულებებით და არც წინასწარი გამოძიებით კობალაძის ბრალეულობა არ დასტურდება.
    ემზარ პაქსაძე: "კობა კობალაძის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა გია ღვალაძის ჩვენებისა. რაც შეეხება ღვალაძის ჩვენებას, მან წინასწარ გამოძიებას 5 მაისს მისცა ჩვენება, რომ ის შეხვდა კობალაძეს რესტორან "არაგვში" სხვა უცხო პირებთან ერთად, 25-28 მარტის დღეებში. როგორც ჩანს, ის დარიგებული იყო და ზუსტი დღე არ დააფიქსირა. შვიდი თანამესუფრისაგან 6 პოლიციელი იყო, შემდეგ საუბარში კი ამბობს, რომ მასთან ერთად იყვნენ კობა კობალაძე, გია ყარყარაშვილი და სხვა გენერლები. უკვე წინასწარ გამოძიების დროს ღვალაძემ განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია გენერლებს, შეხვდა მხოლოდ კობა კობალაძეს. ჩვენ მოვიპოვეთ მაგთიკომის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, თუ ვის უკავშირდებოდა იმ დროსათვის ღვალაძე.
    დადგინდა, რომ იმ დროისათვის კობალაძე მცხეთის სიახლოვესაც არ ყოფილა. ასევე დაკითხული იქნენ რესტორნის მეპატრონეები, წარვუდგინეთ სურათი ამოსაცნობად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კობალაძე საერთოდ არ ყოფილა არც მაშინ და არც შემდეგ ამ რესტორანში. სამწუხაროდ, გამომძიებამ არ მიიღო ეს მტკიცებულებები. დამატებით დაკითხეს ღვალაძე, რომელმაც განაცხადა ის, რომ მაშინ კობალაძეს კი არ შეხვდა, არამედ კრიალაშვილს, ხოლო კობალაძეს მოგვიანებით შეხვდა. ღვალაძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ ხნის განმავლობაში ის აზუსტებდა ფაქტებს იმის მიხედვით, რასაც კარნახობდა გამოძიების მხარე. გია ღვალაძემ წინა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობდა და მომავალ პროცესზე იტყოდა სიმართლეს, დაცვის მხარეს გვქონდა მოლოდინი, რომ ღვალაძე იტყოდა სიმართლეს და მისცემდა ობიექტურ ჩვენებას, დღეს კი სასამართლოზე საეჭვო ვითარებაში ღვალაძე ავად გახდა და დაჭირდა სასწრაფო დახმარება.
    სასამართლო პროცესზე მოსული გია ღვალაძის ახალი ადვოკატი ოჯახის წევრებს არ დაუქირავებიათ. განსასჯელს უარი ათქმევინეს იმ ადვოკატზე, რომელსაც ოჯახი და თავად გასასჯელი ენდობოდა. ღვალაძემ სიმართლე უნდა უთხრას სასამართლოს, დაუმორჩილებლობაში მონაწილე 42 სამხედრო პირი ამბობს, რომ კობალაძე თვალით არ უნახავთ. სხვათაშორის, იმ დღეებში პრეზიდენტი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ კობალაძის პარპაში უნდა დამთავრდესო (როგორც ჩანს, ოთანაძე უნდა ეთქვა). კობალაძემ ეს როცა მოისმინა ტელევიზიით, "რუსთავი-2-სთვის" კომენტარი უნდა მიეცა და ეთქვა, რას მერჩითო. ამ დროს დააპატიმრეს.
    განსასჯელ კობა ოთანაძის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოზე უცნაურად განვითარდა მოვლენები, რაც იმაში გამოიხატა, რომ განსასჯელთა ნაწილი, რომლებიც წინასწარი გამოძიების დროს და პროცესის დაწყებისთანავე თითქოსდა აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს, დღეს თავის დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ამას მოჰყვა ის, რომ მოსამართლემ გარკვეული დროის მიცემით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და წინადადება მისცა, ადვოკატებს გარკვეულიყვნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებში. მიუხედავად ამისა, საქმის განხილვისთანავე აღნიშნულმა პატიმრებმა კვლავ აირჩიეს დუმილის უფლება, რასაც მოჰყვა ძალიან უცნაური ფაქტი, გამოცხადდა ჩვენთვის უცნობი ადვოკატი, რომელმაც განაცხადა, რომ ის განსასჯელ ღვალაძის ადვოკატია, ხოლო ადვოკატ მაია მარკოიშვილს სასამართლომ აცილება მისცა, რასაც განსასჯელი ღვალაძეც დაეთანხმა, თითქოსდა შეცვალეს, მაგრამ თუ როდის მოხდა ეს შეცვლა, გაფორმებული იყო თუ არა ხელშეკრულება ამ სასამართლო პროცესზე, ეს ჩვენთვის უცნობი დარჩა.
    სამშაბათს ღვალაძეს დაკითხავენ. საინტერესოა, 24-ტომიან საქმეს როგორ გაეცნობა 2 დღეში ახალი ადვიკატი? ამასთან, საინტერესოა, რას გააკეთებს სასამართლო, თუ ჯარისკაცთა უმეტესობა უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე და არ ცნობს თავს დამნაშავედ? ამბოხებულთა სისხლის სამართლის საქმე ხომ აგებულია ჯარისკაცთა ჩვენებებზე და სხვა მტკიცებულებები გამოძიებას არ გააჩნია, გარდა მიყურადებისა, სატელეფონო მოსმენებისა და ჩვენებების, სადაც ეს განსასჯელები იმხილებიან. თუ არ დაადასტურეს განსასჯელებმა დანაშაული, ვერც ერთ მათგანზე ბრალის წაყენება და გამამტყუნებელი განაჩების გამოტანა არ იქნება კანონიერი. ვნახოთ, რას გააკეთებს სასამართლო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გია ღვალაძე   (07.05.2015)
    მე ვარ "ის" გია და მე ვარ "ის" ღვალაძე, სიკეთე და გამარჯვება არ მოგიშალოთ უფალმა!!! ბატონი კობა კობალაძის ადვოკატები მართლები იყვნენ და არიან საკუთარ პროგნოზებში, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ყველაფერი არ იციან, ან კი საიდან უნდა იცოდნენ დეტალები? მე პაიკიც რომ არ ვიყავი და თავიდანვე რომ "გამომისვეს", დრომ, ყველაზე ულმობელმა მსაჯულმა დაადასტურა... ნასამართლეობა არ მომხსნია და ვარ უმუშევარი, აბსოლიტურად ყველა დონეზე ვარ არასასურველი და მტერი, ფინანსურად ძალიან გვიჭირს და ა.შ. ჩემი ინიციატივით ბატონ კობალაძესთან "გენერალთა კლუბში" გახლდით, თბილისში ბატონებს კ.ოთანაძესა და ლ.ამირიძეს შევხვდი, შესაბამისი ჩვენებები მივეცი ჯერ თბილისის საქალაქო პროკურატურაში და შემდეგ გენპროკ-ში, გაზეთებში და ტელევიზიებში გავიდა ინფორმაციები, პიროვნულად დავასახელე საქმის გამყალბებლები და მოძალადეები, ავხსენი ბევრი და იმაზე მეტი რამ, მაგრამ რად გინდა?????????? ახლაც "პრესში" ვარ და ვერ გავიგე, რაქ ხდება?!?!?!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter