სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დეკემბერში ორი მოსმენით 4 მუხლს ხელახლა ჩაასწორებენ
    ეკატერინე ბასილაია
    31.10.2017

     კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები იწყება. 11 დღის წინ მიღებულ კანონში რამდენიმე შესწორება შევა. ესენია: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, ე.წ ბონუსების სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არჩევნებთან დაკავშირებით.

    საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, ხუთშაბათს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხელახლა შეიქმნება, ერთი თვე ისევ სახალხო განხილვა იქნება, 15 დეკემბრამდე პროექტს პირველი-მეორე მოსმენით მიიღებენ, ხოლო გაზაფხულზე მესამე მოსმენით დამტკიცდება.

    "ქართული ოცნების" მიერ დაწერილ და მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში რამდენიმე საკითხი კრიტიკულად იყო შეფასებული, მათგან კი ზოგიერთი საკითხის შესწორებაზე "ოცნებამ" პირობა დადო.

    კრიტიკულად შეფასებულ მუხლებს შორის ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო ე.წ. ბონუსების სისტემა და დიდი ხმაურისა და კრიტიკის გამო "ოცნებამ" ამ მუხლის შესწორების პირობა დადო.

    მაგალითად, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას და ე.წ. ბონუსებს, ამ ნაწილში ვენეციის კომისია ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერი, ბლოკების აკრძალვა და პლუს ბონუსების სისტემა პლურალიზმის გაძლიერებას უშლის ხელს.

    ახალი შესწორებით, ბონუსები საერთოდ გაუქმდება, ხოლო ბლოკები უქმდება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე.

    მეორე საკითხი, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად აფასებდა და ასევე ქართული არასამთავრობო სექტორის დიდ კრიტიკას იწვევდა, არის რწმენის თავისუფლების მუხლი.

    "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

    არასამთავრობოების კრიტიკის გარდა, ასევე ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ "სახელმწიფოს არ შეუძლია, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა გამოიყენოს როგორც ერთადერთი საფუძველი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისთვის რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად" და ეს მუხლი უნდა ჩასწორდეს.

    ახალი ცვლილებით, "ოცნება" ვენეციის კომისიას შეჰპირდა, რომ რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს დააკონკრეტებდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთაც "ოცნება" ვენეციის კომისიას შეჰპირდა, ხოლო კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია.

    "საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვა.

    "ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი", - განაცხადა კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა პრეზიდენტისა და მესამე სექტორის ჩართვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში ყველა მხარე ჩართული იქნება.

     "ყველა იქნება ჩართული ამ განხილვაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია", - განაცხადა კობახიძემ.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის - თამარ ჩუგოშვილის თქმით, ახალი ცვლილებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფაქტობრივად სრულად ასახვა მოხდება და ასევე 2 საკითხი ეხება ოპოზიციის მოთხოვნებს.

    ამდენად, მას მიაჩნია, რომ "ეს ცვლილებები ცალსახად ძალიან პოზიტიურია და მხოლოდ გააუმჯობესებს და უკეთესს გახდის კონსტიტუციის ცვლილების ძირითად ტექსტს".

    კონსტიტუციის ცვლილებებზე ხელახალი პროცესის დაწყებას კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია და ახლა იმაზე ფიქრობს, თავიდანვე გამოუცხადონ თუ არა ბოიკოტი პროცესს.

    პარტია "თავისუფალი საქართველო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და საკონსტიტუციო კომისიას "იმ პირობებში, როდესაც წინა საკონსტიტუციო განხილვის პროცესში ოპოზიცია მხოლოდ დეკორაციად გამოიყენა და არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი შენიშვნა".

    "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა და ისინი ამ ახალ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

    "საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს, უკვე გრძელდება ერთი წელიწადია, ახლა კი აპირებენ მეორე სეზონის დაწყებას და ესეც გაგრძელდება ამ სასესიო პერიოდში.

    "ეს არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, ანუ მიღებულ კონსტიტუციას უკვე ცვლიან იმის გამო, რომ ის არ ვარგოდა და, ფაქტობრივად, ითვალისწინებენ მხოლოდ ნაწილს ვენეციის კომისიის შენიშვნებისა.

    "ვენეციის კომისიას ჰქონდა უამრავი შენიშვნა... ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ფარსი", - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

    "ევროპული საქართველოს" ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს ახალ საკონსტიტუციო განხილვას, პარტიაში შიდა კონსულტაციებს გეგმავენ.

    გიგი წერეთელი ამბობს, რომ არალოგიკური პროცესია, როდესაც ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციას ახლა თავიდან ვიხილავთ, როცა შეიძლებოდა, ცვლილებები კონსტიტუციის დამტკიცებამდე მიღებულიყო, თუმცა ჩართვა-არჩართვაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ მას შემდეგ, რაც კომისიის ფორმირება დაიწყება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (31.10.2017)
    ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც კონსტიტუციის მიღებაა უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter