სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რაციონი ძალიან მწირია, 10 სახის საკვებიდან უმეტესობა 3-4 სახეობას მოიხმარს
    თამუნა მუკბანიანი
    10.10.2017

     ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ზრდა-განვითარებისთვის საკვები არ ჰყოფნის, ამიტომ ისინი ხშირად ავადმყოფობენ, არ გააჩნიათ მდგრადი იმუნიტეტი, ვერ ვითარდებიან ფიზიკურად. თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა მზა პროდუქტით იკვებებიან და ამიტომ მათი ორგანიზმი მუდმივად მოტყუებულია. როცა არასრულფასოვან საკვებს იღებს მოზარდი, ნაყრდება მისი კუჭი და ამ დროს შია მის ღვიძლს, თირკმლებს, ძვლებს, სისხლძარღვებს, სხვა ორგანოებს და, რაც მთავარია, ტვინს.

    არასაკმარისი კვება მხოლოდ საკვების ნაკლებობას არ გულისხმობს, არამედ საკვების სახეობებსაც. ბავშვებისა და მოზარდების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ბურღულეული, ქათმის, საქონლის ან კურდღლის ხორცი, ასევე თევზი, ხილი და ბოსტნეული, თუმცა თანამედროვე მოზარდების დიდი ნაწილი, ამ პროდუქტების ნაცვლად, ენერგეტიკულ და ტკბილ გაზიან სასმელებს და სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდ საკვებს მიირთმევს.

    როგორც გაეროს ფონდის საქართველოს ოფისის კვლევები აჩვენებს, საქართველოში 500 000-ზე მეტი ქალი და ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის. სერიოზული პრობლემაა არაჯანსაღი კვებაც, როცა მოზარდობის ასაკში აუცილებლად მისაღები პროდუქტების ნაცვლად, ბავშვები იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტებში და მიირთმევენ იმას, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია.

    ექიმები განსაკუთრებულად საშიშ პროდუქტებად ჩიპსებს, ენერგეტიკულ და ტკბილ გაზიან სასმელებს და "ფასტ ფუდებს" მიიჩნევენ, რაც თანამედროვე თინეიჯერების ძირითადი საკვებია.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ არასრულფასოვანი კვება აქვეითებს ორგანიზმის ათვისების უნარს და ხელს უშლის მოზარდს ცოდნის მიღებასა და დაგროვებაში.

    აკდემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები არაჯანსაღად იკვებებიან და მათ რაციონში არ არის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი პროდუქტები.

    "ადამიანები უნდა იღებდნენ მრავალფეროვან საკვებს. სასურსათო კალათა შედგება ათი ჯგუფისაგან და იქ რაც არის მოცემული, ყველაფერი სავალდებულოა. ხედვა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, თითქოს ადამიანისათვის საკმარისია 2500 კალორია, მიუხედავად იმისა, რა სახის საკვებს მიიღებს, რა თქმა უნდა, მცდარია. ამ კალორაჟის შევსება ნახევარი კილო პურითაცაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი სრულფასოვანი არსებობისთვის.

    მთავარი არ არის, რამდენს იღებ, მთავარია, რა სახის საკვებია. ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა, მისთვის აუცილებელი კალორიების რაოდენობაში იყოს ხილი, ბოსტნეულო, ხორცი, ცხიმი და თევზი.

    ორი წლის წინანდელმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების დიდი ნაწილი იკვებება ძალიან ცუდად. თითქმის არ იღებენ რძის პროდუქტებს, რითიც კალციუმის მარაგი უნდა შეივსონ და რამაც მათი ძვლების განვითარება უნდა მოახდინოს. ისინი იკვებებიან მაღაზიაში ნაყიდი გაზიანი სასმელით, ტკბილეულით და სხვა არაჯანსაღი საკვებით, რაც კატასტროფაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა კოღუაშვილმა.

    მისი თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტი ბავშვთა კვება უნდა იყოს, თუმცა ასე არ იქცევა და მეტიც, სასურსათო პოლიტიკის შეცვლაზე არც კი ფიქრობს. სასურსათო უსაფრთხოება ოთხკომპონენტიანია. ერთ-ერთი მთავარია მრავალფეროვანი და ენერგეტიკულად უზრუნველყოფილი სურსათი და ჩვენ აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს.

    "პირადად მე "რეზონანსის" მეშვეობით საქართველოს მთავრობას შევთავაზე, მიღებულ იქნეს კვების ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისი კანონი. ყველაზე მეტი ყურადღება, რა თქმა უნდა, ბავშვთა და მეძუძური ქალების კვებას უნდა ექცეოდეს და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი.

     გუშინ აგრარულ კომიტეტს წარვუდგინეთ კანონპროექტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათი პასუხი იყო გასაოცარი, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და კრიზისების საბჭოს ეხება. ამ ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და მათ უნდა მიიღონ კანონი, რომელსაც მერე კრიზისების მართვის საბჭო აღასრულებს.

    ხელისუფლება არ ზრუნავს ჯანსაღ მომავალზე და სასურსათო კალათის შესახებ ხალხს მხოლოდ ტყუილებით ბერავს", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

    პედიატრი ნანა ლაბაური "ბიზნეს-რეზონანსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება არა მხოლოდ ფიზიკურ პროლემებს იწვევს, არამედ გონებრივ განვითარებასაც აფერხებს.

    "საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბურღულეული, ქათმის, საქონლის ან კურდღლის ხორცი, ასევე აუცილებელია თევზი, ხილი და ბოსტნეული. მშობლებმა, პირველ რიგში, უნდა აკრძალონ "ფასტ ფუდის" საკვები, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ასევე შეუზღუდონ შოკოლადი, რადგან ის შეიცავს დანამატებს, რომელიც ბავშვის გაღიზიანებას და აღგზნებას იწვევს. მიუღებელია კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები და გაზიანი სასმელები. იმის გამო, რომ პატარები ჯანსაღ კვებას გემრიელს ამჯობინებენ, სწორი კვების ჩამოყალიბებაში დიდ როლს მშობლები ასრულებენ.

    საქართველოში ბევრია ხელმოკლე ოჯახი, რომელიც ვერ ახერხებს შვილის სრულფასოვნად გამოკვებას და ძირითადად პურპროდუქტებს იღებენ. ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ გარდა ამისა, არის კატეგორია, რომელსაც არ უჭირს, თუმცა მათი კვების რაციონი დამღუპველია ბავშვის ორგანიზმისათვის. მაგალითად, ენერგეტიკული და ტკბილი გაზიანი სასმელები, ჩიპსები და სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საკვები.

    მშობლები ხშირად მეკითხებიან, რა ვქნათ, როგორ გადავაჩვიოთო? პასუხი მარტივია, არ უყიდოთ! ბავშვი როცა ამ პროდუქტებს იღებს, ნაყრდება კუჭი და ამ დროს შია მის ღვიძლს, თირკმლებს, ძვლებს, სისხლძარღვებს, სხვა ორგანოებს და, რაც მთავარია, ტვინს. არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება არა მხოლოდ ფიზიკურ პრობლემებს იწვევს, არამედ გონებრივ განვითარებასაც აფერხებს. ასეთ მოზარდებს ახალი ინფორმაციისა და ცოდნის ათვისების ნაკლები უნარი აქვთ", - ამბობს ნანა ლაბაური.

    არაჯანსაღი კვება მოზარდებში არაგადამდები დაავადებების რისკს ზრდის. სოციოლოგი ლევან დადიანი ამბობს, რომ თანამედროვე ბავშვების რაციონი ძალიან მწირია, 10 სახის საკვებიდან უმეტესობა 3-4 სახეობას მოიხმარს.

    "ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ათი კატეგორიის საკვებიდან, რომელსაც ადმიანი უნდა იღებდეს საბაზისო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს მხოლოდ ექვსს, მაქსიმუმ შვიდს. თუმცა არის მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სამსა და ოთხს იღებს. ამ ჯგუფში უმრავლესობა ბავშვები, მოზარდები და ქალებია.

    აყველაფრის განმაპირობებელი მიზეზი არის ორი: ერთი დაკავშირებულია შემოსავლებთან (როცა შემოსავალი დაბალია, ნაკლებია არჩევანი), მეორე მიზეზი კი არაინფორმირებაა (როცა, შესაძლებლობის მიუხედავად, მთავარია, რა უყვართ). ამ დროს არ აქვთ ინფორმაცია, რა ორგანოებს აზიანებს არასრულფასოვანი კვება.

    მოსახლეობის რაციონის 60% პურ-ფუნთუშეულს უჭირავს. ამ სახის საკვები კი ირიბად და პირდაპირაც იწვევს, არაგადამდებ დაავადებებს. მოზარდებში ძალიან არის გახშირებული გულ-სისხლძარღვთა სნეულებანი, რისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზიც კვებააა", - ამბობს ლევან დადიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter