სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    12.01.2017

     "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პარალელურად, დაპირისპირებული მხარეები 20 იანვრის ყრილობის ლეგიტიმაციის საკითხზე დავობენ. ბოკერია-ბაქრაძის ფრთა მიიჩნევს, რომ ყრილობა ორგანიზაციული და იურიდიული ნორმების დარღვევის გამო ლეგიტიმური ვერ იქნება. სააკაშვილის გუნდი კი ფიქრობს, რომ ბოკერიას ფრთა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასა და უმრავლესობის ნებას მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟის მიზნით დაუპირისპირდა.

    მიუხედავად ამისა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიული ღონისძიებისთვის საჭირო თანხის გადარიცხვაზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა მაინც მოხდება.

    "რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ, გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად," - აღნიშნულია სერგო რატიანის განცხადებაში, სადაც ასევე წერს, რომ, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მისი თანამოაზრეები იმავე აზრზე რჩებიან და ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.როგორც "რეზონანსს" ენმ-ში განუცხადეს, ამჟამად ყრილობისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია და დღეისათვის უკვე ცნობილია ყრილობის 5000-მდე დელეგატის ვინაობა. ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს ბოკერია-ბაქრაძის ფრთა ბრიფინგის გამართვას გეგმავს, სადაც ეს ჯგუფი "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ოფიციალური განცხადებით გამოეყოფა.

    რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალ ხელმძღვანელობას, ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი, ისევე როგორც სხვა საორგანიზაციო ნიუანსები, 20 იანვრის ყრილობაზე გადაწყდება. ხოლო იმის შესახებ, რომ პარტიამ შესაძლოა საარჩევნო სიიდან ბოკერია-ბაქრაძის ფრთის წარმომადგენლები ამოიღოს, პარტიაში ამბობენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა და შესაბამისად, არც მისი განხილვაზე უმსჯელიათ.

    ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე გუშინ გაცხადებები დაპირისპირებულმა მხარეებმაც გააკეთეს. ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, თუკი პარტიის ახალი მმართველობითი ორგანო პარტიის პროპორციული სიიდან მათ თანამოაზრეებს ამოიღებს, ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება.

    აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას კი სააკაშვილის ფრთის წარმომადგენელმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობას" დატოვება სურთ, პარტიის სიით პარლამენტში შესვლა ვეღარ უნდა შეძლონ. ეს განცხადება მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გააკეთა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა ამ ეტაპზე არ განიხილება.

    სააკაშვილის ფრთის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, 20 იანვრის ყრილობის ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ამბობს, რომ ბოკერიას გუნდს მისი ჩაშლა სურს, ვინაიდან მისი აზრით, ყრილობის მრავალათასიანი შემადგენლობა მათ სიმცირეს ნათელს მოჰფენს, რაც წიკლაურის თქმით, ბოკერიას ფრთის პოლიტიკური კრახი იქნება. მისი აზრით, სწორედ ამ მოტივითაა განპირობებული მათი განცხადებებები ყრილობის არალეგიტიმურობაზე.

    "ცხადია, მათ არ სურთ ყრილობის ჩატარება, რადგან სწორედ ყრილობაზე გამოჩნდება, რას წარმოადგენს ეს კარჩაკეტილი ჯგუფი. მრავალათასიანი წარმომადგენლობა გამოაჩენს, თუ რამდენად დიდ უმცირესობაში არიან ისინი საკუთარ პარტიაში და რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პარტია. გასაკვირი არაა, რომ მათი მიზანი ამ კრახის დაფარვაა და სხვა არაფერი. ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბარი არასერიოზული მგონია," - განუცხადა "რეზონანსს" ნუგზარ წიკლაურმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter