სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.01.2017

     ზამთრის დადგომასთან ერთად, გაზით მოწამვლის ფაქტებმა იმატა. განსაკუთრებით ხშირია ასეთი შემთხვევები თბილისში. იანვარში გაზით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 70-მდე ადამიანია მოთავსებული. დეკემბერში კი გაზის მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამი ახალგაზრდა დაიღუპა.

    კომპანია "ყაზსტრანგაზში" ამბობენ, რომ საქართველოში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ან გაგუდვის შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე მაჩვენებელი მაღალია.

    პრობლემა უკვე წლებია პრობლემად რჩება, ამაზე პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს. კომპანიის განცხადებით, მათი მოვალეობაა, რომ მოსახლეობა შეამოწმოს და გააფრთხილოს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ.

    ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალების მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში გამათბობლის არასწორად დამონტაჟება გახდა. მისი თქმით, სრულყოფილად არ ხდება გარედან ჰაერის შემოტანა და წვის ნაწარმის გარეთ გატანა. ეს არის პირველი ტექნიკური პირობა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი რომ ირღვევა, ამიტომ ხდება ტრაგედიები. ამას გარდა მნიშვნელოვანია გამათბობლის ტიპი.

    "აუცილებლად ისეთი გამათბობელი უნდა ვიყიდოთ, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს გარედან შემოიტანს და ასევე გასტყორცნის გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდოთ ღია გამათბობელი.

    "რაც შეეხება გამათბობლის დაყენებას, მისი სწორად დამონტაჟება გულისხმობს იმას, რომ წვის პროცესი სწორად უნდა მიდიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა, რომელიც რამდენიმე მილიგრამიც კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

    "თუ ოთახი დახურულია და არ ნიავდება, ამ დროს ხდება დახურულ ოთახში არსებული ჰაერის მთლიანად წვისათვის გამოყენება და ჰაერის ნაცვლად ოთახი ნახშირორჟანგით ივსება. რისი მცირე ნაწილიც კი უკვე ადამიანის სიკვდილს იწვევს," - ამბობს ბარამიძე.

    ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე ამბობს, რომ მავნე აირი, ნახშირჟანგი, უსუნო და უფეროა, ამიტომ მისი გაჟონვის დროს, ადამიანი საფრთხეს ვერ გრძნობს.

    გაზი ადამიანის ორგანიზმში შეღწევისას ჰემოგლობინს უკავშირდება და კარბოქსილჰემოგლობინს წარმოქმნის, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ჟანგბადისა და ჰემაგლობინის ნაერთი და ორგანიზმიდან მისი გამოდევნა ძალიან რთულია. ორგანიზმში მისი დაგროვების შემდეგ, ჟანგბადის შეღწევას ხელს უშლის და ადამიანის გაგუდვას იწვევს.

    "ადამიანის მოწამვლის პირველი ნიშნებია, როდესაც მას თავბრუსხვევა ეწყება. კანკალი და სისუსტე აქვს. ასევე გრძნობს, რომ ძალიან ეძინება. იმის გამო, რომ გაზს განსაკუთრებული სუნი არა აქვს, ადამიანი ამ დისკომფორტის მიზეზს ვერ ხსნის და ჰგონია, რომ ამის მიზეზი სრულიად სხვა რამეა, რაც ნელ-ნელა ძილიანობაში იზრდება და თუ ნახშირჟანგის კონცეტრაცია მაღალია, ადამიანი მალევე იგუდება თუ არადა მისი გარდაცვალება შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

    "აცივებასთან ერთად, სამწუხაროდ, გაზით მოწამვლის შემთხვევებმაც იმატა. რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობ და ბოლო დღეების განმავლობაში გაზით მოწამლული არაერთი მოქალაქე მოიყვანეს.

    "მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ წინდახედულად მოიქცნენ და ჩემ მიერ ხსენებული სიმპტომების შემჩნევისთანავე ოთახი გაანიავონ და გაზი დაკეტონ. შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახონ. ასეთი მოწამვლა ყველაზე მეტად სასუნთქი ორგანოებით დაავადებული ადამიანებისთვის არის საშიში," - ამბობს კუტუბიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter