სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ შამუგია
    12.01.2017

     რა ხდება თბილისის ცენტრში, ვარდების მოედნის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში? ეს კითხვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე დასვა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხს რიგითი თბილისელები უკვე წლებია, ამაოდ ელიან.

    მიწისქვეშა კომპლექსში, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში აშენდა, თავდაპირველად ტანსაცმლისა და იუველირული საქონლის მაღაზიები იყო. 2000-იანი წლებისთვის, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტები დაიხურა და გაიძარცვა. ტერიტორია იმდენად დაბინძურდა, რომ მოქალაქეებს იქ ჩასვლას სახიფათო სამანქანო გზის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაკვეთა ერჩიათ.

    დაახლოებით 2011 წელს იქ რამდენიმე აღმოსავლური ბარი გაიხსნა. სარეკლამო აბრებზე მომხიბლავი, ეროტიკულ სამოსში გამოწყობილი ქალები ქართულ, თურქულ და არაბულ ენებზე შესრულებული სარეკლამო წარწერების ფონზე იყვნენ და მისულებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებოდნენ.

    ამ ბარების ძირითადი სტუმრები თბილისის ქუჩებში მომრავლებული, აღმოსავლური წარმოშობის ტურისტები იყვნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ეს ადგილები "ცოდვის ბუდე" იყო, სადაც სტრიპრიზ-კლუბთან ერთად საროსკიპოებიც მუშაობდა, სადაც უცხოელ სტუმრებს სექს-მუშაკები, მათ შორის არასრულწლოვანი, სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ. ცეცხლზე ნავთი 2013 წელს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ დაასხა. ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა, თუ როგორ არ უშვებდნენ ბარების დაცვის თანამშრომლები ადგილობრივ მამაკაცებს, თუმცა არშეშვების მიზეზს ვერ განმარტავდნენ და მას "ადმინისტრაციის მოთხოვნით" ხსნიდნენ. პირად საუბრებში ისინი არ უარყოფდნენ, რომ იქ სექს-მუშაკებიც იყვნენ.

    აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს საზოგადოების ერთი ნაწილის აქტიური პროტესტი მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფი მიწისქვეშა გადასასვლელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიიჭრა და აბრები დააზიანა. ამ ინციდენტის შემდეგ, დროებით, ბარები დაიხურა, თუმცა რამდენიმე თვეში მუშაობა განაახლეს. ალბათ სწორედ ამ დაწესებულების საქმიანობის დროებით შეჩერებას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც გარკვეულ, მაგრამ არასაკმარის ძალისხმევაზე საუბრობდა.

    "ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები.

    ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდის, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში," - განაცხადა პრემიერმა.

    მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადება უფრო დეტალურად განმარტა, რადგანაც, მისი აზრით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

    "როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა, მაშინვე ჯობდა ალბათ მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მე მგონია, არც ახლა არის გვიან.

    "რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულია ვარდების მოედნის ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    ზაფხულობით, ღამის საათებში, როდესაც ამ ობიექტებში კლიენტების განსაკუთრებული სიმრავლეა, მოქალაქეებს, მიწისქვეშა კომპლექსის ტერიტორიაზე ადგილობრივი გოგოები ხშირად შეუნიშნავთ. ისინი უცხოელ მამაკაცებს ბარებში ეპატიჟებიან. შესაბამისად, ეჭვი საზოგადოებაში იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ადგილას ადგილი აქვს პროსტიტუციას, გამყარდა. ამის შესახებ კვირიკაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, პროსტიტუციასთან ერთად ადგილი დისკრიმინაციულ მიდგომასაც ჰქონდა.

    "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხდება კანონდარღვევა ბევრი კუთხით. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, იმიტომ, რომ ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია ამის ყურება, იქ რაც ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ.

    "მე იმიტომ გამოვიტანე საჯაროდ, იმიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში," - დასძინა პრემიერმა.

    თავის მხრივ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩაერთოს

    "არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა - მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ, ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში," - აცხადებს მარიამ ჯაში.

    სოციალური მუშაკი, ნინო ბერიკაშვილი, რომელიც სექს-მუშაკთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გაუგებარსა და უცნაურს უწოდებს. მისი თქმით, ეს პრობლემა წლებია, არსებობს და საკვირველია, მასზე რეაგირება მხოლოდ ახლა რატომ ხდება.

    "უკვე რამდენი ხანია, რაც ამ საკითხს ვაყენებთ, მაგრამ ამაოდ. თბილისში, ნებისმიერი ტაქსის მძღოლმა იცის რა ხდება ვარდების მოედნის ქვემოთ. მეტიც, საროსკიპოები ხშირ შემთხვევაში პოლიციის შენობებიდან 50-100 მეტრშია და თუ რეაგირება სურთ, ბურთი და მოედანი მათია. იმ მიწისქვეშა კომპლექსში დასაქმებული გოგოების ნაწილი არასრულწლოვანია და იქ თავისი ნებით მიდიან.

    მათი ფუნქცია ბარებში უცხოელი კლიენტების შეტყუება და მათი "გაწეწვაა", ანუ მათი მოხიბვლა და რაც შეიძლება მაღალი ფასის სასმელების მისაღებაა. ისინი სქესობრივ მომსახურებას არ სწევენ, თუმცა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაცია მათთან თანამშრომლობს, უკვე დანაშაულია," - თქვა ბერიკაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    მისივე თქმით ბარებში არიან სტრიპტიზის მოცეკვავე ქალებიც, მათ შორის უცხოელები, რომლებიც კლიენტებს ინტიმურ მომსახურებასაც უწევენ. ფასი 100 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება ადგილობრივი მამაკაცების არშეშვებას, ნინო ბერიკაშვილის თქმით, ეს პირველ რიგში იქ მომუშავე ქალების მოთხოვნაა, რადგანაც ეშინიათ, რომ კლიენტებს შორის ნაცნობები არ აღმოჩნდნენ, ამასთან, აქაური მამაკაცები იქ ხშირად ნასვამები მიდიან, რაც ჩხუბით, ინვენტარის დაზიანებითა და სკანდალით სრულდება.

    მისივე თქმით, გაუგებარია, რამ გამოიწვია კვირიკაშვილის გაღიზიანება, იმ ფაქტმა, რომ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, თუ იმან, რომ ქალები იქ პროსტიტუციით არიან დაკავებულნი.

    "ბატონ პრემიერს მინდა ვუთხრა, რომ ეროვნული თავმოყვარეობის დაცვა, როგორც მან ეს თქვა, არა "ქართველი მამაკაცების", არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა. საჭიროა დროული რეაგირება და ამ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება," - თქვა ბერიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter