სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    DRWS-2 ეფექტურია ცოცხალი ძალის, გამაგრებული საცეცხლე წერტილებისა და მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების განადგურებისას
    ვახტანგ შამუგია
    11.06.2016

     საუდის არაბეთსა და სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ქართულმა კომპანიამ დამკვეთს 32 მლნ დოლარის ღირებულების მოდულები უნდა მიაწოდოს.

    ინფორმაცია ამის შესახებ ტექნიკური ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, უჩა ძოძუაშვილზე დაყრდნობით გავრცელდა. პირველი პარტია დამკვეთმა ივნისის თვეში უნდა მიიღოს.

    ქართული მხარის მიერ საუდის არაბეთისათვის მიყიდული საბრძოლო მოდულები იდენტურია "დელტას" მიერ 2012 წელს დამზადებულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაზე" დამონტაჟებული ანალოგისა.

    მას საბჭოური წარმოების 23 მმ/კ-იანი ავტომატური ქვემეხი და მასთან შეწყვილებული 7,62 x56 მმ/კ-იანი პკტ-ს სისტემის ტყვიამფრქვევი აქვს. მისი გამოყენება ეკიპაჟს შეჯავშნული მანქანის დატოვების გარეშე შეუძლია.

    იგი განსაკუთრებით ეფექტურად მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, გამაგრებული საცეცხლე წერტილებისა და მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების განადგურებისას შეიძლება იქნას გამოყენებული. იგი თბოვიზორითაც არის აღჭურვილი, რაც მებრძოლებს საშუალებას აძლევს, გარე პერიმეტრი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჯავშანმანქანიდანვე აკონტროლონ.ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ტექნიკაზე დაამონტაჟებენ არაბი სამხედროები ქართული წარმოების ვკცთ-2 ტიპის მოდულებს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამერიკული ტექნიკის სიმრავლეს საუდელების შეიარაღებულ ძალებში, შესაძლოა ეს ქ113 კლასის ქვეითთა საბრძოლო მანქანა იყოს.

    აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთი წელია, რაც საუდის არაბეთი იემენში ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძვის. იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რასაც ორივე მხარე განიცდის, ბრძოლები გააფთრებულ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ქართული საბრძოლო მოდულების საბრძოლო ნათლობა უახლოეს მომავალში მოხდეს.

    შეგახსენებთ, რომ 40 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც სსტც "დელტა"-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა და რომელიც "დიდგორის" ბაზაზე შექმნილი 100 ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებას ითვალისწინებდა, თითქმის შესრულებულია. ისინი დღეს უკვე საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაში ირიცხებიან.

    თავად ის ფაქტი, რომ "დელტამ" საუდის არაბეთთან რიგით მეორე კონტრაქტი გააფორმა, მრავლისმეტყველია, რადგანაც მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა და იარაღის მწარმოებელი ფირმა ცდილობს საკუთარი წარმოებით, გულუხვობით ცნობილი არაბი სამხედრო მაღალჩინოსნების მოხიბლვას.

    ქართველი სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, "დელტა"-ს, საკუთარი ძალებით, იარაღის ბაზარზე დამკვიდრება გაუჭირდება, რადგანაც, მისი თქმით, ამ სფეროში საიარაღო საწარმოებს ზურგს თავიანთი ქვეყნის პოლიტიკოსებიც უმაგრებენ, რაც ამ ფირმების რეკლამირება-ლობირებაში გამოიხატება.

    "დელტა" შეიარაღების საკმაოდ ფართო სპექტრს აწარმოებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მას ზოგიერთი სახის საბჭოური წარმოების ტექნიკის მოდერნიზების პოტენციალი აქვს, რამაც, შესაძლოა, მსგავსი ჯავშანტექნიკის შეიარაღებაში მქონე სახელმწიფოთა დაინტერესება გამოიწვიოს.

    "ძირითადი გათვლა მაინც საშუალო ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებზე უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით კი, მაგალითად, აფრიკულ სახელმწიფოებზე, რომლებსაც ევროპული, რუსული თუ ამერიკული წარმოების სამხედრო პროდუქციის შეძენის საშუალება არ აქვთ, თუმცა შედარებით იაფ საქონელს დიდი სიამოვნებით შეიძენენ.

    "ამასთან, როგორც ცნობილია, "დიდგორით" რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო დაინტერესდა. "დელტამაც" და სახელმწიფომაც ყველა სახის საშუალება, მათ შორის დიპლომატიური არხიც უნდა აამუშაონ საიმისოდ, რომ ეს ინტერესი გაღრმავდეს და გაფართოვდეს.

    "მართალია, ამ ბაზარზე მოქმედ გიგანტებს "დელტა" ობიექტურ მიზეზთა გამო დიდ კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა კი სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, მსგავსი, საერთაშორისო საზომით მცირებიუჯეტიანი კონტრაქტები მისი წარმოების განვითარებისათვის და გაზრდისთვის საკმარისი იქნება" - თქვა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×