თამთა ჩაჩანიძე
29.04.2024

პარალელური აქციების ფონზე, უფრო თვალნათელი ხდება, რომ ქვეყანაში დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ამასთან, მეორე მოსმენით იხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტი და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დაძაბულობის პიკი განსაკუთრებით ბოლო მოსმენებზე იქნება, რისი განმუხტვის გზებიც ახლა ფაქტობრივად არ ჩანს.

28 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 29 აპრილს რუსთაველზე „ქართული ოცნების" მომხრეების შეკრების პარალელურად, პარლამენტის შენობაში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიდიოდა „აგენტების კანონის" საკომიტეტო განხილვა.

რა მოხდა საკომიტეტო განხილვაზე

საკომიტეტო განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებებისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა, სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა: ენმ-ს წევრები - ლევან ბეჟაშვილი, ანა წითლიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დამოუკიდებელი დეპუტატები - თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი,„ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, „მოქალაქეების" წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

„სიტყვები შეარჩიე მშიშარა! ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე! - გაიპარე, რა მაგარი ხარ!" - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.როგორც წითლიძემ აღნიშნა, მაგრები მაშინ არიან, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტიდან აძევებენ და მათ კითხვებს არ პასუხობენ.

„კითხვებზე უნდა მიპასუხო, სიტყვები შეარჩიე, მშიშარა! გაიპარე, რა მაგარი ხარ! მშიშარა ხარ, ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე, კი არ უნდა გაიპარო. მაშინ ხართ მაგრები, კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ",-აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კი მდინარაძემ წითლიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენ ხარ რუსეთის საქმის მკეთებელი მთელი ცხოვრება".

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

თაკო ჩარკვიანს კი დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მიკროფონის გარეშე საუბრობდა, სხდომიდან გასავლისას ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

„ისეთ დღეში ჩავარდებით, რომ რა გითხრათ... ასი ათასი კაცი იყო [28 აპრილის აქციაზე]", - აღნიშნა ჩარკვიანმა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა:

„გუშინ თუ ასი ათასი იყო, დღეს იქნება მილიონი, ოღონდ გარანტიას გაძლევთ", - უპასუხა მდინარაძემ ჩარკვიანს.

სხდომაზე „ოცნებას" ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გიცირიძემაც მიმართა, გოცირიძის თქმით, როდესაც კანონპროექტში წერია, რომ ის არ ზღუდავს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას, სიტყვა "არ" უნდა იყოს ამოღებული და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს. გოცირიძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტით საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები მტრულად ცხადდება.

"ამბობთ, რა არის ამ კანონში რუსული - ამ კანონში პირდაპირ გადმოწერილია რუსული საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი. პროექტში პირდაპირ გიწერიათ, რომ სამართალდარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადა არის ექვსი წელი, რაც პირდაპირ რუსული კანონიდან არის გადმოწერილი, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. სუბიექტმა 100 მილიონიც რომ მოიპაროს ან დამალოს, სამი წლის მერე ეს უქმდება, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ სამი წელია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ!" - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სახელით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრები წარადგინა.

მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ „საქართველოს ინტერესიც ბუნებრივად იყო და ქართული, ამერიკული და ევროპული ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდა".

„ძალიან კარგია, რომ საია ოკუპაციასთან დაკავშირებით ადამიანებს საერთაშორისო სარჩელების მომზადებასა და საერთაშორისო სასამართლოებში გაგზავნაში ეხმარებოდა. აქვე გაგახსენებთ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ და „ისკანდერის" ნაწილები არ იქნა მოძებნილი, ინტერესების ლობირებაზე რა პოზიციები გვქონდა... ვიღაცების უნიათობის გამო სარჩელი არ მიიღეს და წარმოება არ მიმდინარეობდა.

„საბედნიეროდ, პროცესი საბოლოოდ მოვიგეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ორგანიზაციებს, რაც მათ იღვაწეს, დიდი მადლობა დონორებს, საიდანაც ეს იყო დაფინანსებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დარჩა თუ არა რაიმე ბერკეტი დაძაბულობის განმუხტვისთვის

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ დაძაბულობის განსამუხტავად უკან დაიხიოს, რადგან თუ „ოცნებამ" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წინა წლის მსგავსად უკან გაიწვია, „ოცნებისთვის" ძალიან წამგებიანი იქნება.

„ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი შანსია, რომ დაძაბულობის განმუხვტვისთვის ნაბიჯები გადადგას, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან. „ოცნებამ" რადგან განმუხტვისთვის ერთხელ უკვე გადადგა ნაბიჯი ერთი წლის წინ, ახლა ამ ნაბიჯის განმეორება მისთვის ძალიან წამგებიანი იქნება. თუ ნაბიჯებს ოპოზიცია გადადგამს, როგორც პოლიტიკურმა, ისე ამ კანონის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ჯგუფებმა, ეს მათ თუ პლიუსად არა, მინუსადაც არ ჩაეთვლებათ.

„ხელისუფლებამ თუ კანონი ხელმეორედ გაიტანა, ეს მას სისუსტეში ჩაეთვლებათ და ოპოზიციის მხრიდან დათმობა ჩაითვლება წინდახედულობად, სიფრთხილედ, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს და ა.შ. დათმობის შანსი ოპოზიციის მხარეს უფრო მეტია, თუმცა, არ მაქვს ამის დიდი მოლოდინი, რომ ამაზე წამსვლელია.

„ვთვლი, რომ თუ ოპოზიციამ უკან დაიხია ბევრს არაფერს დაკარგავს, რადგან მართლა ძალიან ცუდ პერიოდში ვართ მსოფლიო კონფლიქტების ფონზე. საქართველოში მორიგი დესტაბილიზაციის პროცესი ძალიან რისკიან პერიოდში მიდის.

„თუმცაღა, არ მგონია, რომ სიტუაცია ძალიან გართულდეს და კონლფიქტი გაიზარდოს. როცა ძალთა თანაფარდობა არაა, მაშინ კონფლიქტი ისეთი მწვავე ფიზიკურად არაა. ამიტომ მეეჭვება, რომ კონფლიქტი გაიზარდოს, იმის გამო, რომ მიმაჩნია ძალთა თანაფარდობა არაა. 28 აპრილსაც საპროტესტო ტალღა ბოლოსკენ ძალიან მინელდა.

„არა გამორიცხული, რომ დღეს წარმოქმნილმა სირთულეებმა არჩევნებში იჩინოს თავი, ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც ადრე იძახდნენ რევოლუცია-რევოლუციაო. დღეს იძახიან, რომ მთავრობა არჩევნების რეჟიმით უნდა შევცვალოთო. ანუ ოპოზიციური პარტიებიც კი, ამ ნაბიჯებს არჩევნებთან აკავშირებენ და არა დღევანდელ დესტაბილიზაციასთან. ეს დადებითად შესაფასებელია, რადგან არჩევნების ტერმინლოგიით ლაპარაკი დემოკრატიული ქვეყნისთვის ნორმალურია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა, რომც „ქართულმა ოცნებამ" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი უკან გაიწვიოს, დაძაბულობა არ ჩაცხრება.

„დაძაბულობას საერთო ჯამში „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება განმუხტავს, სხვანაირად არ განიმუხტება, რადგან დავალება აქვს „ოცნებას", რომ ეს კანონი გატანილ იქნას, აქედან გამომდინარე, დაძაბულობა მუდმივად იქნება.

„დაძაბულობა არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა თუნდაც რომ ეს კანონი უკან გაიწვიონ, დაძაბულობა მაინც არ ჩაცხრება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და სხვა პრობლემები შეიქმნება. შარშანაც გაიტანეს კანონპროექტი და დაძაბულობა მაინც იყო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×