თამთა ჩაჩანიძე
19.04.2024

პარტიებს ხალხთან ურთიერთობას არავინ არ უშლის, მაგრამ პარტიის ლიდერების გამოჩენა მიკროფონთან წამგებიანი იქნება და არა მგონია, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იყოს - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ ახლა კარგი იქნება თუ აქციების მხრივ თბილისში გარკვეული პაუზა იქნება და „გავლენების კანონის" ბოლო მოსმენამდე, ორგანიზატორები ხალხის მობილიზებისთვის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

„არ ვიცი ენჯეოებმა რა გადაწყვეტილება მიიღეს - თუ ეს აქციები პერმანენტული უნდა იყოს, სანამ კანონს მიიღებენ, ეს სხვა თემაა, მაშინ სხვაგვარი მოქმედებებია საჭირო. თუ აქციები უნდა შეწყდეს და დაველოდოთ მეორე მოსმენამდე, მაშინ სხვანაირად უნდა მოქმედება. პოლიტიკოსები და პარტიები ამ თემაში ისედაც არიან ჩართულები, როცა მოსახლეობას მობილიზება დასჭირდება, ამაში რა თქმა უნდა მონაწილეობა უნდა მიიღონ. ანუ შეიძლება ორგანიზებაში წაეშველონ და წაეხმარონ, მაგრამ ეს აქციები არ შეიძლება იყოს პარტიული, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩემი აზრით, აქციებმა თავისი საქმე გააკეთა, მთელმა მსოფლიომ ნახა რა პროტესტი მოჰყვა ამას, მათ შორის ხელისუფლებამაც. ახლა გარკვეული შესვენება უნდა იყოს და როგორც კი ხელისუფლება დააანონსებს, რომ მეორე მოსმენით გამოაქვს, აქციები უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, ყველაზე რეალური ესაა.

„ოცნება" ამას (აქციისთვის პოლიტიკური იარლიყის მიწებებას)მუდმივად ეცდება, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. შედეგი სწორედ საზოგადოების პროტესტს მოაქვს და არა პარტიების აქციებს. პარტიები ამაში მინაწილეობდნენ, გუშინაც იყვნენ მათი ლიდერები. უკეთესია, რომ ეს თემა როგორიც აქამდე იყო საზოგადოებრივი, ისევე დარჩეს, პარტიებს ხალხთან ურთიერთობას არავინ არ უშლის, მაგრამ პარტიის ლიდერები მიკროფონთან წამგებიანი იქნება და არა მგონია, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იყოს.

„ამასთან, მხოლოდ საოგადოებრივი სექტორი მნიშვნელოვანს ვერაფერს გადაწყვეტს, ხელისუფლება ამ ჩარჩოდან უკვე გასულია და ახლა ამ პროტესტის ფორმას უნდა დაემატოს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა და მათი მხრიდან უფრო მკაფიო შეფასებები ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. პარტნიორებსაც გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე აქციებზე ერთიდაიგივე თემების, განცხადებებისა და მოცემულობების ტრიალი იქნება სულ, ამიტომ ამ აქციების ასე გაგრძელება არ ღირს. თუ ენჯეო სექტორი საქმიანობას დაიწყებს, მათაც შეუძლიათ თბილისში გარკვეული პაუზა აიღონ და გადაინაცვლონ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, გურჯაანში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში. თავიანთი ფილიალები ყველას აქვს და იქ მოაწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები, ჩააყენონ საქმის კურსში და მოუწოდონ, რომ შემდეგ თბილისში ჩამოვიდნენ, ამის ფინანსებს ენჯეოსექტორი რამენაირად მოძებნის",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×