ელზა პაპოშვილი
29.03.2024

სად იქნება ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შემდეგ? - ამ კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი პასუხობს. გიორგი გახარიას თქმით, ივანიშვილი არჩევნებს წააგებს და ოპოზიციის რიგებში გადავა. 

„2024 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი,“ - ამბობს გახარია.   

მისივე თქმით, ივანიშვილია ერთადერთი სისტემა, რომელიც ქვეყანაში რეალურად მუშაობს. ამიტომ გახარია დებატებში მხოლოდ მას იწვევს და მიიჩნევს, რეომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მის გარდა ვერავინ ვერაფერს წყვეტს. 

გახარიამ „ტვ პირველზე" ქვეყანაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დღევანდელი მთავრობა კორუფციას კი არ ებრძვის, ახალისებს“. ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროსაც მასთან მიდიოდნენ კონკრეტული პირები, ვინც მასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა.  

„OECD-ის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მეხუთე რაუნდი ქვეყანაში სისტემური კორუფციის მონიტორინგის ჩატარების, იცით, რამდენი ადამიანი იყო ჩემთან მოსული, რომ ეს მონიტორინგი არ ჩატარებულიყო საქართველოში?“ - კითხულობს ექსპრემიერი, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულ სახელებს, თუ ვინ სთხოვდა კორუფციის მონისტორინგის ჩატარებაზე უარის თქმას.   

ასევე მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. გახარია ამის  რამდენიმე მიზეზს ასახელებს. როგორც ამბობს, ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ პარტიას მის გარეშე არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. 

„ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძლიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არჩევნების მოგებაზე საუბარიც ზედმეტია, ვინ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ, რას საუბრობენ თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? 

„ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია,“ - ამბობს გახარია.     

თბილისის მერი კახი კალაძე კი გახარიას კორუფციაზე განცხადებას პასუხობს.   

„გუნდში, ზოგადად, ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი, ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ. თუ მას აქვს სურვილი ისაუბროს, შეიძლება რაღაცა ტყუილი იყოს, რაღაც შეიძლება მოიგონოს, ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ თემაში შევიდე,“ - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ტყუილია თუ არა გახარიას განცხადებები პრივილეგირებულ 25 ოჯახზე და რომ ისინი მასთან მიდიოდნენ შეღავათების მისაღებად, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს სისულელეა.

„ჩვეულებრივი სისულელე, სად იყო, კაცო, მაშინ? თუ ასეა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები... სისულელეა,“ - ამბობს კალაძე.    

„გახარია რას აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილი ოპოზიციაში გადავიდეს?“ - ამ კითხვით მიმართავს „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია „საქართველოსთვის“ ლიდერს.

„ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადავაო, როგორც რუსეთში რომ მიდიოდა ივანიშვილი „ლელოს“ აზრით, ისე ვერ ვხვდები მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. გახარია რას აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილი ოპოზიციაში გადავიდეს? ამ ნაწილში აქვს ამ ამბავს პრობლემა, თორემ ისე რასაკვირველია, მსხვილი დონორი არ აწყენდა ოპოზიციას. მომავალი მარცხის ასარიდებლად შეიძლება ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, უბრალოდ არ ვიცი ზუსტად, ეს მარცხი საიდან მოდის - რომელი განსაცდელის გასამკლავებლად დაბრუნდა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ?“ - კითხულობს ხვიჩია.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  გახარიას განცხადებები რელობას არის აცდენილი და გასაკვირია, მისნაირი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი ამას რატომ აკეთებს. მიიჩნევს, რომ სჯობს გახარიამ ისაუბროს იმაზე, რით  არის უკეთესი მისი  პარტია ხელისუფლებაზე ან დანარჩენ ოპოზიციაზე.    

„არ ვიცი, რატომ ჰგონია გახარიას, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილს დებატებში დაუჯდება, ან ამაზე ისაუბრებს, ეს მას როგორც პოლიტიკოსს რამეს შეჰმატებს. რაზე აქვს გათვლა, ვერ ვხდები. შესაძლოა ამიტომ ცდილობს გარკვეულწილად საკუთარი პოლიტიკური წონის გაზრდას, მაგრამ კვლევები მისი პარტიის რეიტინგის შესახებ სულ სხვას აჩვენებს. ვინ ვინ და გახარია ყველაზე კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ  არჩევნებზე ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს. მითუმეტეს ამ მოცემულობით, რა მგდომარეობაშიც ახლა ისინი იმყოფებიან. 

„ამიტომ, რაზეა მისი გათვლა, ვერ გავიგე. მითუმეტეს ხან ქრება და ხან ჩნდება. ერთი პერიოდი ისე იყო დაკარგული, საზოგადოების დიდ ნაწილს აღარც ახსოვდა. მას საკუთარი რესურსის და წარსული გამოცდილების ამომრჩევლისთვის უფრო  მეტად გაზიარება შეუძლია. ის არც თუ ცუდი პრემიერი იყო. მან კოვიდის დროს ქვეყანა სამშვიდობოს ნამდვილად გაიყვანა. ამიტომ სჯობს იმ გამოცდილებაზე ისაუბროს, რაც მას გააჩნია. უფორ მეტი დრო დახარჯოს საკუთარ შესაძლებლობაზე საუბარზე“, - ამბობს საყვარელიძე. 

მისთვის ასევე გაუგებარია ექსპრემიერის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ არ აპირებს არავისთან თანამშრომლობას. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ ეს რეალობას შეესაბამება, მაშინ გასაკვირია  გახარია პოლიტიკაში რას აკეთებს. 

„მისი მხრიდან ასეთი კატეგორიული განცხადებები, რომ არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს, არასწორია. აბა, მაშინ პოლიტიკაში რას აკეთებს?! მარტო, ამხელა ამბიციების იმედად ვერაფერს ვერ შეძლებს. პირიქით, უნდა ეცადოს, რომ იყოს ლიდერი, რომელიც ოპოზიციას რაღაცა გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სხვაგვარად ასე ცალ-ცალკე იმაზე უარეს დღეში აღმოჩნდებიან ვიდრე ახლა არიან. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსებია ქვს მხოლოდ ნაციონალებს და გახარიას მხრიდან ამაზე სუაბრი პოლიტიკოსის მხრიდან დიდი შეცდომაა“, -ამბობს საყვარელიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×