თამთა ჩაჩანიძე
18.03.2024

„ნაცმოძრაობა" მიესალმება ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომლითაც „ხმები არ დაიკარგება" არჩევნებში. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და დიდი ერთობა შექმნან", თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ენმ-ს წესით ეს ერთობა არ უნდა აწყობდეს, რადგან ამ დიდი ერთობით ნაკლებ ხმებს აიღებენ პარტიები, ვიდრე ცალკ-ცალკე.

თუმცა, ცალკ-ცალკე გასვლის შემთხვევაშიც ერთი პრობლემააა იმ პარტიებისთვის, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ. გამოსავალს კი ანალიტიკოსები იმაში ხედავენ, რომ მხოლოდ ეს პარტიები უნდა გაერთიანდნენ, დანარჩენები კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბარიერის გარანტია აქვთ, მარტო გავიდნენ არჩევნებზე.

რას ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და დიდი ერთობა შექმნან.

„ზოგადად, თუ ოპოზიციურ ველზე სხვადასხვა პარტიები მოახერხებენ იმას, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ეს ძალიან კარგი იქნება. სხვა მიმართულებით რომ გითხრათ, კონკრეტული პარტიები არის ჩემი საფიქრალი და საზრუნავიო, ნამდვილად მოგატყუებთ. ის პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ, აწუხებს ხალხს და ვფიქრობ, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, თუ უნდათ ადამიანების ნდობა მოიპოვონ. უნდა იმუშაონ ხალხთან და იმ პრობლემებზე, რომელიც ადამიანებს აწუხებთ. ძალიან გამიხარდება, თუ პარტიები მოახერხებენ, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს 2024 წლის არჩევნებში.

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ. მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციონერებმაც გადალახონ ბარიერი, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ჩვენ მივესალმებით მათ ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას იმ ერთტურიან არჩევნებში, რომელიც 2024 წელს იქნება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ვისთან შეიქმნება კოალიცია, ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე გადაწყვეტს.

"ქართველი ხალხი ვისთანაც დაგვავალებს კოალიციის გაკეთებას, იმასთან გავაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისი მხარდაჭერა ექნება ხალხს იმიტომ, რომ დემოკრატია ასე მუშაობს. ამიტომ უნდა ესმოდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა გაუგებარ თემებზე კინკლაობენ, განიხილავენ, მათ შორის პირად ამბიციებს, პირადი ეგოების დასაკმაყოფილებლად დადიან რიგ შემთხვევაში ეთერებში. ჩემო ძვირფასებო, გამოდით და ხალხს ესაუბრეთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსთან".

გამოვა თუ არა დიდი ოპოზიციური გაერთიანება ხმების დაკარგვის გარეშე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისეთი დიდი გაერთიანება ვერ გამოვა, რომელიც ხმებს არ დაკარგავს, მისი თქმით, შესაძლოა ამ გაერთიანებაში მყოფი რომელიმე პარტიის ამომრჩეველს, რომელიმე ლიდერი არ მოსწონდეს და ხმის მიცემისგან თავი შეიკავოს.

„ისეთი ტიპის გაერთიანება, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს, ძალიან თეორიული და ძალიან ჰიპოთეტური ვერსიაა, რადგან შესაძლოა რომელიმე პარტიის ამომრჩეველს არ მოსწონს იმ გაერთიანებაში მყოფ რომელიღაც ადამიანის ან გარეგნობა, ან მეტყველების სტილი, ან პოლიტიკური ხედვა და ხმა არ მისცეს.

„თან ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში რეალურად პლატფორმებისა და პოლიტიკური პროგრამების ბრძოლა არ გვაქვს, მაგალითად, როგორც ამერიკაშია, პოლიტიკური პროგრამის გარკვეული პუნქტები ზოგისთვის მიუღებელია, ზოგისთვის არა. ჯერ პოლიტიკური ბრძოლის ასეთი დონე არ გვაქვს და ამიტომ, ძირითადად გემოვნების მიხედვით ხდება ხოლმე - ვიღაცა მისწონთ და ვიღაცა არა. გემოვნება კი ძალიან საჩოთირო რამაა, რომელზეც არ კამათობენ",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე რა შემთხვევაში არ დაიკარგება ოპოზიციის ხმები, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ოპოზიციისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თუ პარტიები ცალკ-ცალკე იყრიან კენჭს.

„ცალკ-ცალკე თუ გავლენ, მაინც მგონია, რომ უფრო მეტი შანსია ხმა არ დაიკარგოს. ჩვენს სინამდვილეში მეტისმეტად განსხვავებული ტიპის პოლიტიკური ჯგუფებია, დავუშვათ ერთის მხრივ „ლელო", მეორეს მხრივ იგივე „ნაციონალური მოძრაობა", ასევე გახარიას ჯგუფი, რომელიც საერთოდ სულ სხვა სივრცეში ტრიალებდა და ალბათ იტრიალებს და ა.შ. არა მგონია, რომ ასეთი პრინციპულად განსხვავებულ ჯგუფებს და პრინციპულად განსხვავებულ პიროვნებებს ერთნაირი ამომრჩეველი ჰყავდეთ.

„თავად ენმ-ს გაერთიანება არ უნდა აწყობდეს, რადგან ეს პარტია იმას უყვარს, ვისაც უყვარს მიშა. მიშას სიყვარული კი არცერთი სხვა პარტიის სიყვარულს არ გულისხმობს, ამიტომ გაერთიანება დიდად შედეგიანი არ იქნება. მიშამ ამ ოპოზიციურ პარტიებზე ახლაც კი გამოთქვა რაღაც კრიტიკული აზრი, რომლებიც ცდილობენ მისით მოხიბლული ადამიანების ხმები წაიღონ - იძახის ეგ ამბავი არ გამოვაო და მისი ამომრჩეველიც დაუჯერებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" იმ შესაძლო კონფიგურაციაზე საუბრობს, რომლითაც ოპოზიცია ხმებს არ დაკარგავს, მისი თქმით, თუ ენმ-„სტრატეგია აღმაშენებელი", გახარიას პარტია, გვარამია-მელიას „ახალი" არჩევნებზე ცალკ-ცალკე გავლენ, ხოლო დანარჩენი წვრილი პარტიები ალიანსს შეკრავენ, ამით დიდი ალბათობით ხმები არ დაიკარგება.

„არ მგონია, რომ არჩევნების წინ რაღაც ალიანსები და კოალიციები შეიქმნება, უბრალიდ აქ ალბათ პროდასავლურ ოპოზიციურ პაერტიებს შორის გარკვეულ თანამშრომლობაზეა საუბარი. პარტია თუ გადალახავს ბარიერს, მაშინ ძალიან გარგი იქნება, მაგრამ, ეს თუ ვერ მოახერხა, ის ხმები იკარგება.

„ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და ასე მგონია, რომ პირველ რიგში ეს პარტიები უნდა გაერთიანდნენ. მაგალითად, „ევროპული საქართველო", „ლელო", „დროა", ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება". ენმ „სტრატეგია აღმაშენებელთანაა", ასევე მელია-გვარამიას „ახალი" და გახარიას პარტია ცალკე რომ გავიდეს - ამ კონფიგირაციით შეიძლება რომ ოპიზიციამ წარმატებას მიაღწიოს. პირველ რიგში იმ პარტიების გაერთიანებაა აუცილებელი, რომელსაც ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×