ელზა პაპოშვილი
17.03.2024

რისთვის ჩამოდის საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი და რა იქნება მისი მთავარი გზავნილი? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთისთვის საჩვენებელი ვიზიტი, რომ ნატო თავის მოკავშირეებს უყურადღებოდ არ დატოვებს. მეორეს მხრივ კი, სტოლტენბერგისაგან უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით  გარკვეული გზავნილები ექნება. 

იენს სტოლტენბერგი, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს 18 მარტს ეწვევა. იგი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენციაც, რომელიც ორშაბათს 15:25-ზე გაიმართება.

თბილისში ჩამოსვლამდე კი, 17 მარტს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვთან გამართავს შეხვედრას. 

19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს.  

გამოსამშვიდობებელი ვიზიტი და თამამი განცხადებები

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივანი, რა თქმა უნდა, საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვა და იმის გამოსახატად, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთვის მნიშვნელოვანია. 

„ყველასთავის ცნობილია, რომ ამ წლის შემოდგომაზე სტოტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს და ალიანსს ახალი გენმდივანი ეყოლება.  ვფიქრობ, ეს ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ვიზიტია რეგიონში და როცა ადამიანი თანამდებობიდან მიდის, ის უფრო თამამია და სათქმელს პირდაპირ ამბობს. 

„აზერბაიჯანი და სომხეთი არ აპირებენ ნატოში გაწევრიანებას და ამიტომ მემგონი მათთან სხვა მესიჯი ექნება. ჩვენთან ექნება ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ თუ საქართველოს ნატოში წინსვლა სურს, ეს კონკრეტული ნაბიჯებით უნდა აჩვენოს. 

„მემგონი საქართველოს ხელისუფლებასთან ექნება უფრო საქმიანი და არა მკაცრი საუბარი - რომ მხოლოდ განცხადებები არ არის ამისთვის საჭირო და მოქმედებაზე გადასვლაა აუცილებელი. არსებობს კონკრეტული პროგრამები და გეგმები, რომელიც საქართველომ  უნდა შეასრულოს. ახლა ნატოს მიმართულებით საქართველო გაყინულია და უფრო  საქმიანი ნაბიჯებია საჭირო“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა ალიანსის გენმდივნის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ნატოს წევრ თურქეთთან საქართველოს უფრო აქტიური თანამშრომლობისაკენ მოწოდება იყოს.

„არ არის გამორიცხული სტოტენბერგის მესიჯიც ეს იყოს, რომ საქართველოს მარტო არ არის რუსეთის პირისპირ და თურქეთი უფრო  მეტად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

„აზერბაიჯანი არ მიილტვის ნატოსკენ, მაგრამ ვხედავთ თურქეთს მის უსაფთხოებასთან დაკვაშირებით ვალდებულებები როგორ აქვს აღებული. მაშინ ისმის კითხვა - რატომ არ უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, რომელიც უფრო  მეტად არის მოწოდებული, რომ თურქეთთან უფრო  მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების გზავნილებს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის  რიტორიკა მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული არ იქნება. 

„კობახიძეს ექნება ისევ ის რიტორიკა, რასაც აქამდე ვისმენდით - რომ საქართველო მარტოა და ამიტომ მას ფრთხილი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. პირიქით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო და გამოხატული პოლიტიკა და ყველას დაანახოს, რომ ის ნატოს ღირბულებებს იზიარებს. ის რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება, ამის ნათელი მაგალითი კი აზერბაიჯანია - თუ როგორ დაუდგა მას მხარში თურქეთი, როცა ამისა საჭიროება გაჩნდა. 

„როცა ოჩამჩირის პორტის აღდგენა მოინდომა რუსეთმა, საქართველომ უნდა იპოვოს საერთო ენა, რომ ანაკლიაში ერთობლივი თურქულ-ქართული პორტი ააშენოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.  

რუსეთისთვის საჩვენებელი ვიზიტი

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს წინსვლა ნატოში დღის წესრიგი არ დგას. სტოლტენბერგის ვზიტის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მხარდაჭერა იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებენ.

„უკრაინა-რუსეთის ომის ვითარებაში სტოტენბერგის ვიზიტის მიზანია, რომ ამ სამ ქვეყანას ასევე ომთან დაკავშირებულ პოზიციებზე ესაუბროს. ვხედავთ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება და კონფლიქტი კიდევ შესაძლოა გაღრმავდეს. ამიტომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

„მგონია, რომ ეს არის დიპლომატიური ვიზიტი, რომელის მიზანიც კარგი ურთიერთობების კიდევ უფრო დადასტურება და გაღრმავებაა. სხვა რაიმე ხელშესახები ამ ვიზიტისგან არ მგონია რომ იყოს. რაიმე ხელშეკრულება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ჩვენთან გამორიცხულია. ნატოს გენერალური მდივნისგან ასეთი მოლოდინები არ არის, რომ საქართველოს მოუწოდოს სანქციები დაუწესოს რუსეთს და ა.შ. არ მგონია ეს მოხდეს. ამისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი საჭირო არ იქნებოდა, მსგავსი შეტყობინებები სხვა არხებით მოდის. 

„თავისთავად ამ ვიზიტს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს - რომ ეს ქვეყნები არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ და მისი სატელიტები. იქ თავისუფლად ჩადის ნატოს გენერალური მდივანი და თანამშრომლობის გეგმებს სახავს. აქ უკვე გავლენებზეა საუბარი და უფრო საჩვენებელი ვიზიტია“, - ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ნატოს რომ ამ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამას გენმდივნის ვიზიტით ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამენ. მოსკოვში კი სტოლტენბერგის სამხრეთ კავკასიური ტურნე, სავარაუდოდ, სერიოზულ გაღიზიანებას გამოიწვევს. 

„ნატოს ამ სამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება აინტერესებს. თავისთავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვდობის დამყარება ნატოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რაც უფრო დაძაბული იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა, ეს რუსეთისთვის მით უფრო  ხელსაყრელია. ამიტომ აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგება რუსეთის კავკასიიდან განდევნას ნიშნავს“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×