ელზა პაპოშვილი
05.03.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა შეასრულა და საარჩევნო ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია, თუმცა მმართველი პარტია ახლა ვეტოს დასაძლევად ემზადება და აცხადებენ, რომ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები უკვე ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობას, რადგან, ფაქტიურად, საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კადრებით იქნება დაკომპლექტებული. ამას გარდა, მათივე შეფასებით, ეს ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნასაც ეწინააღმდეგება და იმ 9 რეკომენდაციასაც, რომელთა შესრულებაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გასახსნელადაა საჭირო.

ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვევად ექცა და ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს. გარდა ამისა, ის ოპოზიციასთან ერთად ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული. 

ამ მწვავე დისკუსიისა და პრეზიდენტის ვეტოს ფონზე, ევროკავშირშ არ გამოუთქვამთ თავისი მკაფიო პოზიცია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ეს თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ხდებოდა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ევროპაში არსებული სხვა უამრავი გამოწვევაა. მათი თქმით, ევროკავშირს ახლა საქართველოს გარდა უკრაინის სახით ძალიან მწვავე პრობლემები აქვს. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს ერვოკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დიდად აღარც ეჩქარებათ. სანამ ქვეყანა მოცემულ 9 დათქმას არ შეასრულებს, მოლაპარაკებაზე ნაბიჯი წინ არ გადაიდგმება. გარდა ამისა, არჩევნების წელია და ერიდებიან ისეთ მოქმედებასა და განცხადებებს, რომელიც შეიძლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად იქნეს აღქმული. 

„ამ მომენტისთვის საქართველოს შეგულიანება აღარ სჭირდებათ...“

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ევროპა უფრო დიდ პრობლემებზეა გადართული, ვიდრე საქართველოა. 

„მგონია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს შეგულიანებას ისე აღარ აპირებენ, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აკეთებდნენ. ევროპას უნდოდა, რომ კანდიდატის სტატუსი მოეცა და ამიტომ ჩვენი შეგულიანება იყოს საჭირო. ახლა, ამ ეტაპზე, ევროკავშირს მგონია გეგმად არ აქვს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყოს, სულაც არ ეჩქარება. შესაბამისად, აკვირდებიან და თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რასაც ევროპა ელის, ერთი წლის შემდეგ ხომ იქნება შეფასება და იქ გამოჩნდება ყველაფერი. 

„მერე იტყვიან სწორად რა გავაკეთეთ და რა - არა. კიდევ მოგვცემენ დავალებებს და მანამდე არ დაიწყებენ მოლაპარაკებას, სანამ მათ მიერ მოცემულ დავალებებს არ შევასრულებთ. მემგონია ამ მომენტში ასეთი ტაქტიკა აქვთ ჩვენთან დაკავშირებით არჩეული. თუ ადამიანის უფლებების კუთხით რაიმე ისეთი არ ხდება, მასობრივად უფლებების დარღვევას არ ექნება ადგილი და ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციის ცვლილებაც არ ხდება, მგონია, რომ ევროკავშირი (საქართველოს მიმართ) მაინც და მაინც დიდ ყურადღებას აღარ გამოიჩენს“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ბრიუსელში არ სურთ წინასაარჩებოდ ვინმეს იმის თქმის საბაბი მისცენ, რომ ევროკავშირი რაღაც ფორმით ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. ამიტომ ზედმეტად ყურადღების მიქცევა არ უნდათ. თუმცა, დამკვირვებლებს გამოაგზავნიან და ყველაფერს დააკვირდებიან - საარჩევნო გარემოს, კანონმდებლობას და იმას, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. 

„საქართველო უკვე კანდიდატი ქვეყანაა, რომელიც ახლა სულ დაკვირვების ქვეშ იქნება. ამიტომ, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე, საქართველოს ორი გზა აქვს - ან გაჩერდეს იქ, სადაც არის, ან იაროს წინ. თუ წინსვლა გვინდა, წელიწადში ერთხელ გვაძლევენ პროგრამას და უნდა ვიმუშავოთ. მათ რომ ახლა ყველაფერზე კრიტიკა დაიწყონ, კობახიძე და მისი თანაპარტიელები გამოვლენ და იტყვიან, რომ ევროპელები ამ გადამწყვეტ არჩევნებში ერევიან, ოპოზიციის მხარეს არიან და უნდათ, რომ ხელისუფლებაში ისინი მოიყვანონ. ამიტომ ევროკავშირი ახლა ცდილობს არჩევნებამდე შორიდან დააკვირდეს პროცესებს“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.

„ფრთხილობენ, რომ წინასაარჩევნოდ ვინმეს მხარდაჭერა არ გამოუვიდეთ“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი და პირველი ტესტი იმისთვის, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი ჩვენთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. ამიტომ, როგორც ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აძლევენ საშუალებას, საკუთარი პრობლემები თავად მოაგვარონ, რადგან ევროპელების აქტივობა წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად არ შეფასდეს. 

„ევროკავშირი ახლა ყველაფერს ძალიან ფრთხილად და სკურპუოზულად აკვირდება. თუმცა, როგორც ადრე იქცეოდა, ყველაფერზე შენიშვნებს და კომენტარებს აღარ გააკეთებს. ამის მიზეზი არჩევნები მგონია. ეს მაინც ქვეყნის შიდა პროცესია და ფრთხილობენ, რომ ვინმეს მხარდაჭერა არ გამოუვიდეთ. დავალება მოცემული გვაქვს და ახლა ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, შევასრულებთ თუ არა. 

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც არსებობს რისკი, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს უმრავლესობა და ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, კოალიციური ხელისუფლების დაკომპლექტება გახდეს საჭირო. ამიტომ არ სჭირდება მმართველ პარტიას ცესკოს ოპოზიციონერი მოადგილე, რათა მათ პრობლემები არ შეუქმნას. ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება საჯარო რესურსი გამოყენებას და ყველანაირ ვა-ბანკზე წავა, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ევროკავშირი კი ცდილობს ცოტა ხანს პროცესებს დისტანციურად ადევნოს თვალი და შემდეგ ჩაერთოს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×