ელზა პაპოშვილი
01.03.2024

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში ცვლილებების  მეორე სერია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა - ღარიბაშვილის ერთგული კადრად მიჩნეული აზარაშვილი პოსტიდან დილით გაუშვეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამაზე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აზარაშვილის გადაყენება წინასაარჩევნო სიტუაციასთანაა დაკავშირებული - პრობლემურ მინისტრებს თავიდან იშორებენ . მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დაწყებული უკმაყოფილება ახალი არ არის და ეს უკვე დიდი  ხანია გრძელდება. 

„ეს პრობლემა კობახიძემ ისედაც მშვენივრად იცოდა მაშინაც, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და მაშინაც, როცა უკვე პრემიერი გახდა და თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე გაუშვა. შეეძლო მასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრიც მიეყოლებინა. თუმცა მე ვფიქრობ „ქართული ოცნება“ კვირაში ერთხელ მაინც საზოგადოებრივ გამოკითხვას ატარებს. ხოლო იმის მიხედვით თუ ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა, ღებულობენ გადაწყვეტილებას ამ გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე. მინისტრს, რომელსაც საზოგადოებაში ყველაზე ცუდი რეიტინგი აქვს და ყველაზ მეტ პრობლემებს ქმნის, თავიდან მოიშორებენ. 

„გაზაფხულამდე „ოცნებამ“ თუ რეიტინგი არ გააუმჯობესა, არ გამოვრიცხავ გაზაფხულის შემდეგ თანამდებობიდან თავად კობახიძეც გაუშვან. ამას ყველაფერს  იმიტომ ვამბობ, რომ დღევანელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, კი ბატონო, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, პიარის ნაწილია. ეს კი მოდის არჩევნებთან შესაბამისობაში“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, გაზაფხულიდან, სადღაც მაისში უკვე, მთელი პოლიტიკური სპექტრი საფინიშო ეტაპზე გადადის. ამიტომ მანამდე „ოცნება“ ამ კვირეების განმავლობაში ეცდება, არასასურველი მინისტრების, ჩინოვნიკების თავიდან მოშორებას. შემდეგ კი გუნდს მმართველი გუნდი აღარ შეცვლის და პირდაპირ საარჩევნო მარათონზე  გადავა. 

„ამის პარალელურად მივიჩნევ, რომ „ოცნება“ დაიწყებს კორუფციის თემაზეც მუშაობას, რათა ეს საკითხიც ოპოზიციას ხელიდან წაართვას. ზოგადად ახლა „ოცნება“ არის საზოგადოების აზრის შესწავლით დაკავებული. ნებისმიერი მათი ქმედება გათვლილია იმაზე, თუ საზოგადოებიდან რა რეაქცია მოჰყვება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ რაღაცა სასწაული გადაწყვეტილება მიიღო კობახძემ. ეს მოსალოდნელი იყო, არჩევნებია და არავის სჭირდება ამდენი ექიმის საპროტესტო გამოსვლები“, - ამბობს ძაბირაძე. 

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იქნებოდა. დღესაც ამბობს, რომ ცვლილებებს არ აპირებდა, უბრალოდ სხვა მოცემულება დაუდგა და იძულებული გახდა  ჯანდაცვის მინისტრი შეეცვალა. მას შემდეგ, რაც ის სიტუაციაში უკეთ გაერკვა, მიხვდა, რომ პრობლემები არსებობდა. 

ცვლილებები უახლოეს პერიოდში კი, მედიაში  გავრცელებული ინფორმაციით, შეეხება საგარეო და იუსტიციის სამინისტროებსაც.   

სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა, რადგან სწორედ ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკურის შენობა მდგრადი არ იყო და დაუყოვნებლივ დანგრევას საჭიროებდა.  

ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად ამას ადასტურებს. ამბობს, რომ თავად დარწმუნდა რესპუბლიკურის მაგალითზე, რომ მართლაც არსებობდა პრობლემები, რის შემდეგაც აზარაშვილთან ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა. 

„ჯანდაცვის მინისტრთან მქონდა საუბარი დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას,“ - ამბობს კობახიძე.  

ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს კვლავ არ გამორიცხავს. ამბობს, რომ ეს არის მუშა პროცესი და ამ პროცესში რა და როგორ განვითარდება, ჯერ არ იცის.

„ამჟამად, ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, პროცესია ყველაფერი, პროცესში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. არაფერს არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა კობახიძემ. 

ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან და გუნდის სხვა წევრებთან გაივლის.

„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთან. როცა გუნდის წევრებზე მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინაა წარმომადგენელი. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ.   

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ კლანებს შორის დაპირისპირებაა და კობახიძე თანამდებობებიდან ღარიბაშვილის კადრებს უშვებს.  

„კლანური დაპირისპირებაა, ღარიბაშვილის მინისტრები მთავრობიდან მიდიან,“ - აცხდებს  „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე.  

მისი თქმით, აზარაშვილი უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო, რადგან, მან ვერცერთი პროექტი ვერ განახორციელა.

„კლანური დაპირისპირებაა და ღარიბაშვილის მინისტრები მიდიან მთავრობიდან. აზარაშვილმა არაფერი არ გააკეთა. ის არის ადამიანი, რომლემაც ყველაფერი გააფუჭა. დაპირება ონკოპაციენტებზე, მარტო აქედან დავიწყოთ, ვერ შეასრულა. დიარჯის პროგრამა, რომელიც იდეაში კარგი იყო, სრულად ჩააგდო. ვერცერთი პროექტი ადამიანმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ამიტომ აქამდე უნდა გადამდგარიყო. ეს ადამიანი შევა საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სუსტი მინისტრი,“ - ამბობს სურგულაძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×