თამთა ჩაჩანიძე
01.03.2024

„ნაცმოძრაობა" 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია. ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე, კოალიციური მთავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ანუ გასული 1 წლის განმავლობაში, საზოგადოებისგან 55-დან 60%-მდე ურყევი მხარდაჭერა გვაქვს. ასეთ ვითარებაში, ზოგადად კოალიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ვიდრე არჩევნები ჩატარდება წინ არის 7-8 თვე, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია, არ ველოდებით.

„ოპოზიცია განსაკუთრებით, მისი რადიკალური ნაწილი მარცხისთვისაა განწირული. როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება იგულისხმება. გასაგებია, ამ ყველაფერში რაც იგულისხმება, „ნაცმოძრაობის" გარეშე უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი, „ლელო" და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები.

„აქედან გამომდინარე, თუ ვინმე „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვერანაირი შეფუთვით „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ერთი ფაქტორი, ჩვენი მხარდაჭერა 55-დან 60%-მდეა მუდმივად. ოპოზიციას რაც შეხება, „ნაცმოძრაობის" ბოლო რეიტინგი 18% იყო, 20%-ს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩამოცილებულია, ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა". კითხვაზე, ელის თუ არა პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, კობახიძემ საპასუხოდ თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს".

ამასთან მთავრობის მეთაურმა იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიასთან დაკავშირებით ლონდონში Chatham House-ში, დასმული კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის. კობახიძემ კი პრეზიდენტის ნათქვამს გამაოგნებელი უწოდა და განაცხადა, რომ ამით ზურაბიშვილი „საკუთარ იმიჯს აზიანებს".

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისკენ მოუწოდებენ, ხოლო მეორე ცვლილება - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ამ საკითხზე კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს უსამართლო გადაწყვეტილებებში". ამბობს, რომ მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.

ირაკლი კობახიძემ მმართველი ძალის ინიციატივასთან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება, რომელიც უმრავლესობის თქმით, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". როგორც კობახიძე ამბობს,მისთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპია, რომ „კანონპროექტი მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (ადამიანის ძირითადი უფლებების თავი) პრინციპების შესაბამისად".

„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა. მისი თქმით ის თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, „ფართო კონსულტაციების, მათ შორის „ქართული ოცნების" გუნდსა და ბიძინა ივანიშვილთან მსჯელობის საფუძველზე გადაწყდება". როგორც პრემიერმა აღნიშნა, სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა",- განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მსგავსი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს და უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს. მისი თქმით, როდესაც საქმე დარგობრივ სამინისტროს ეხება, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა დარგის სპეციალისტებთან და როდესაც დარგის წარმომადგენლები ასაბუთებენ, რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლება, „საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება".

კობახიძე კორუფციის თემასაც შეეხო, მისი თქმით, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით

„თქვენ იცით, რომ კორუფციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ, როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე აქამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი. თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე. ჩვენ გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ამ ამოცანის მიღწევაც არის რეალისტური. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×