ელზა პაპოშვილი
19.02.2024

არის თუ არა რეალური 2024 წლისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა და რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლოა ასეთი მთავრობის ფორმირება მოხდეს? პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული. პრეზიდენტმა ამის შესახებ მიუნხენში „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა მის განცახდებას თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - ოპოზიციაში მოეწონათ, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-სთან კოალიცია გამორიცხულია და ამის საჭიროება ხელისუფლებას არც ექნება. 

 „თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა. მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ეტაპზე კოალიციური მთავრბის შექმნის შესახებ საუბარი არასერიოზულია. სჯობს ახლა ოპოზიციამ ჯერ საზოგადოებას აუხსნას როგორ და რა ფორმით აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება მედიაში გამოქვეყნებულ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტს, მისი აზრით, ასეთი კაბინეტი მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, რადგან ოპოზიციის დისკრედიტაცია კიდევ უფრო  გაუადვილდება. 

„მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე კოალიციურ მთავრობაზე საუბარი და რაღაცა წინასწარ კაბინეტების შექმნა არის შეცდომა. ამით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს. საქმე კი იმაშია, რომ თუკი ოპოზიცია აპირებს რაიმე სახის გადაჯგფებას, სჯობს პირველ რიგში ჯერ ეს გააკეთონ. დაინახოს საზოგადებამ ვინ, ვისთან და  სად აპირებს წასვლას. მიიღოს ოპოზიციამ გადაჯგუფების  საბოლოო სახე და კოალიციურ მთავრობაზე საუბარი არსად წაუვათ. თუ ამ მოცემულობით აპირებენ მონაწილეობის მიღებას რაც ახლა გვაქვს, ხელისუფლებას აქვს უმრავლესობით მოსვლის შანსი ისევ. 5%-იანი ბარიერის გადალახვა ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი გახარიას აქვს. შესაძლოა „ლელოსაც“, მაგრამ გააჩნია მისი პოლიტიკური ტაქტიკა როგორ წავა. თუ ამ რიტორიკით გააგრძელეს, რასაც ახლა საუბრობენ, მაშინ ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს გახარია წაართმევს“,-ამბობს ძაბირაძე.  

მისივე თქმით, ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის სია, სადაც მინისტრთა კაბინეტის ძირითადი ნაწილი ისევ ნაციოანლებით არის დაკონფლექტებული, მას ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლის მხარდაჭერა არ ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამით „ოცნების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს.   

„იმედი მაქვს, რომ ეს სია ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება, გვარები, რომელიც  მოცემულია და მათით უნდა დაკონფლექტდეს მინსტრთა კაბინეტი, ნიშნავს იმას რომ ხელსიუფლებაში ისევ ნაციონალური მოძრაობა იქნება. თუ ასეთი სია რეალურად გამოქვეყნდება და მასში იქნებიან „ლელოს“ წევრებიც და გიორგი გახარიაც, მაშინ ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი ისევ „ოცნებისკენ“ გადაიხრება. 

ასეთ კაბინეტს ეს ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს. ამ კაბინეტში შესაძლოა არიან გვარები, რომლების მიმართაც პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ იქ არის გვარამია, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის არ ქინება მისაღები. ის სააკაშვილის დროს იყო იუსტიციის მინისტრი და განათლების  მინისტრი. ახლა უშიშროების მინისტრად რომ წარადგენენ, იგივეს აღარ გააკეთებს? რატომ უნდა ენდოს ხალხი. ამიტომ ოპოზიციას ვურჩევ, ჯერ კოალიციურ მთავორბაზე საუბარს თავი დაანებონ და დაიწყონ გადაჯგუფება სანამ დრო ჯერ კიდევ არის“,-ამბობს ძაბირაძე. 

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო შემადგენლობის შესახებ, რომელსაც სათავეში, პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი ვაშაძეს ჩაუდგება. შს მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სუს-ის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილს ან სალომე სამადაშვილს, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი, „რუსთავი 2“-ის ცნობით,  მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა განიხილება.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარიას, გენპროკურორად კი ნონა წოწორია ან ეკა გიგაური მოიაზრებიან, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია. 

ოპოზიცია ასეთი კონფიგურაციის არსებობას კატეგორიულად უარყოფს და ჩრდილოვან კაბინეტზე გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვას უწოდებს.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რადგან, ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

„ეს არის ჩვეულებრივად ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი. მოგეხსენებათ, ოპოზიციას, ძალიან მძიმე კრიზისიდან გამომდინარე, პრობლემები უდგას საარჩევნო კუთხით. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პარტიას, დედა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხუთპროცენტიანი ბარიერის მყარად გადალახვის საშუალება. ამიტომ რამენაირად საზოგადოებაში რომ გაზარდონ მოლოდინი, ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, შემოაქვთ ეს სპეკულანტური თემა, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი. ოღონდ, იმას არ ამბობენ, რისგან და რატომ არის საქართველოს მხსნელი ასეთი მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ნებისმიერი კოალიცია, რადგან, დღევანდელი ყველა მინაცემით, უპირობოდ ვიმარჯვებთ. რაც შეეხება დარჩენილი ოპოზიციის კოალიციას, ეს მარტივად ნიშნავს ერთადერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალი კოალიციური მმართველობა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბული ფორმით უკან მოტრიალება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილის ნათელი გაშიფრვა და სურათი“, – განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს შანსი, კოალიცია შექმნას, რადგან კოალიციის გაფორმებასაც სათანადო ხმები სჭირდება. ფიქრობს, რომ თეორიულად გამორიცხულია ოპოზიციის კოალიცია „ნაციონალური მორაობის“ ბაზის გარეშე.

„კოალიცია, როგორც ასეთი, არანაირი პანაცეა არაა. თუ გადავხედავთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას, არიან ისეთები, სადაც კოალიცია მუშაობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევში კოალიციები პერმანენტული კრიზისების წყაროა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.   

„ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და  საზოგადოების ნებას. ეს იქნება განმსაზღვრელი, ქვეყანაში იქნება კოალიციური მმართველობა, ერთმმართველობა, მრავალპარტიული მმართველობა თუ რა იქნება. იმ დათქმით და წინაპირობით, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებს 2024 წლის არჩევნებზე. მანამდე მგონია, რომ ეს განცხადებები თეორიული საუბრებია. რა თქმა უნდა არსებობს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ იყოს მრავალპარტიული მმართველობა, თუმცა ისეთ გარემოში, როგორიც ავტოკრატიას ახასიათებს, ძალიან რთულია, საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამიტომ ეს ჯერ არავინ ვიცით და ამაზე საუბარი წმინდა წყლის თეორიაა“, – აღნიშნავს ბექა ლილუაშვილი, დეპუტატი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×