ნაზი ბერიძე
19.02.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. რა გზავნილებით დაბრუნდება კობახიძე საქართველოში, ექსპერტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანია, ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია 9 დათქმის შესრულების ხარისხზე.

„შეხვედრების დროს რეკომენდაციების შესრულების არა მხოლოდ პროცედურული, არამედ პოლიტიკური მხარეც იქნება ძალიან დეტალურად გავლილი. იქ არის ისეთი მოთხოვნებიც, რომელიც შესრულება ცოტა რთული იქნება. მაგალითად, ითხოვენ, საქართველო უფრო მეტად შეესაბამებოდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარდეს ის ზომები, რასაც ატარებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აი, ამ საკითხებზე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქნება საუბარი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი შეხვედება ნატო-ს გენმდივანსაც და ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით წარმატებულ ვიზიტს, შესაბამისი შედეგებით. კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ჩვენი ურთიერთკავშირი ევროკავშირთან და მეტად გამოიკვეთება ის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პირველ არხთან".

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია. კობახიძემ ბრიუსელიდან უნდა წამოიღოს ის, რომ წლის ბოლოს ჩვენ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე. ეს ვიზიტები არ უნდა იყოს მხოლოდ ვიზიტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ „ოცნება" აკეთებს ყველაფერს ამ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად", - აღნიშნა დეპუტატმა გახაიას პარტიიდან „საქართველოსთვის", მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „იმედთან".

ჯოზეფ ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას?

„ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვლი „რეზონანსთან" კობახიძის ვიზიტისგან ამ ეტაპზე რაიმე დიდ გარღვევას, მაგალითად გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, არ ელოდება.

„რეალურად ჩვენ გაგვიხსნიან თუ არა მოლაპარაკებას ეს დიდწილად დამოკიდბეულია იმაზე თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. არა ის თუ ვინ მოიგებს, არამედ როგორ ჩატარდება, რამდენად წესიერად, სამართლიანად და დემოკრატიულად. „საუბარი მოლაპარაკების გახსნაზე იქნება,კ მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ შევასრულებთ პირობებს, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა და რის შედეგადაც ეს მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე საუბარი ახლა ნაადრევია.

„ვიზიტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძე, როგორც ახლადდანიშნული პრემიერი, პირველ ვიზიტს აკეთებს ევროკავშირის დედაქალაქში და ეს არის არა მხოლოდ სიმბოლური აქტი, რომ რაღაც დაანახოს ევროპულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს პროევროპული კურსი უცვლელია და ა.შ. არამედ აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს იქნება პირველი მოლაპარაკებები საქართველოს ახალ მთავრობასთან, რომელსაც აწევს 9 რეკომენდაციის შესრულების მთავარი პასუხისმგებლობა.

„აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ შეხვედრების დროს რეკომენდაციების შესრულების არა მხოლოდ პროცედურული, არამედ პოლიტიკური მხარეც იქნება ძალიან დეტალურად გავლილი. იქ არის ისეთი მოთხოვნებიც, რომელიც შესრულება ცოტა რთული იქნება. მაგალითად, ითხოვენ, საქართველო უფრო მეტად შეესაბამებოდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარდეს ის ზომები, რასაც ატარებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აი, ამ საკითხებზე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქნება საუბარი.

„გარდა ამისა იქნება საუბარი ყველა იმ თემაზე რაზედაც ოდნავ მაინც არსებობს აზრთა სხვაობა თბილისსა და ბრიუსელს შორის.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, მე მგონი, ამაზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია, რადგან მოლაპარაკებების გახსნა ის მოვლენაა, რომელიც უნდა დადგეს რეკომენდაციების შესრულების შეფასების შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ამაზე საუბრები იქნება და საქართველოს დელეგაცია დაადასტურებს, რომ ჩვენ მზადა ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მოლაპარაკების გასახსნელად, მაგრამ მეორეა ევროკავშირის პოზიცია და მათ უნდა ნახონ როგორ სრულდება რეკომენდაციები.

„კობახიძეს ჯერჯერობით არაფერი ექნება სათქმელი, რადგან ახლახან დაიწყო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა, მაგრამ უბრალოდ მას შეუძლია უთხრას, რომ ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, გვქონდა ამაზე ორი შეხვედრა და დაადასტუროს რომ ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სჭირდება საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, რამე კონკრეტული მესიჯების წამოღებას ამ ეტაპზე მე მაგალითად არ ველოდები", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×