თამთა ჩაჩანიძე
19.02.2024

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ ხელმოწერებს აგროვებს. შეიწყალებს თუ არა ამის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს ჯერჯერობით უცნობია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში „წვლილის შეტანა შეუძლია", რაც „ოცნებას" უმძაფრებს მოლოდინებს, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს საბოლოოდ მაინც გადადგამს.

„ოცნებას" მიაჩნია, რომ სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილისთვის „პოლიტიკური კატასტროფა იქნება". პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რადოსლავ სიკორსკის მიერ გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული სხვა განცხადებები, ერთიანი ხაზის ნაწილია, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი კლიმატი შეუქმნან, რათა მან სააკაშვილი შეიწყალოს.

„საზოგადოებას აჩვევენ, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. ესაა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ დაგეგმილი ერთიანი ხაზი და მიდის მიზანმიმართული მუშაობა. სააკაშვილის შეწყალება, მითუმეტეს იმ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღვის, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება," -განაცხადა თალაკვაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე ზურაბიშვილის მოწოდება, სწორედ სააკაშვილის შეწყალებაზე ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურება.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას „ასობით თანამოქალაქე უერთდება" და „მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს".

„საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ, ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და შესაძლებლობის მიცემა, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძისთვის ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება მოულოდნელობაა არ იქნება. მისი თქმით, ოპოზიცია დესტაბილიზაციას შეეცდება

„ზურაბიშვილს რასაც გარედან უბრძანებენ, იმაზეა წამსვლელი. მიუხენში იმიტომ „ჩაათრიეს", რომ მას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირით უთხრეს ის, რაც უნდა ეთქვათ. ეს „ნაცმოძრაობისა" და გლობალური ომის პარტიის მიერ დასახული ერთი ამოცანაა, რომლის მიხედვით სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოათრიონ, „ნაცმოძრაობა" სათავეში ჩააყენონ, კოალიციური მთავრობა შექმნან და საქართველო, უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომში ჩართონ, ესაა მთავარი ამოცანაა.

„თუმცაღა, არ მგონია, რომ ეს შეასრულონ, რადგან ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ ბრძენი და გამოცდილია და ამას არ დაუშვებს, არ დაუშვებს საკუთარი შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობის დახოცვას და საქართვეოს განადურებას, რაც ამ ძალების მთავარი მიზანია, რომლის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დგას.

„(სააკაშვილს)რა თქმა უნდა გაათავისუფლებს, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, ის აგენტ-მოღალატეა, რომელიც საქარველოში აგენტოკრატიას უდგას სათავეში. ყირგიზეთის პრეზიდენტის მშურს, რადგან მან ენტონი ბლინკენს პირდაპირ განუცხადა, რომ ის მათი ქვეყნის საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევა და ნუ გამოვა იმის წინააღმდეგ, რომ ყირგიზეთში ამერიკული „ფარას" მსგავსი კანონი მიიღონ, რომლის წინააღმდეგი საქართველოში მოღალატე ზურაბიშვილია",- განაცხადა მან.

გვენეტაძე ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, პროტესტი მოსალოდნელია.

„ქუჩაში ხელფასიან აგენტებს გამოიყვანენ, რომლებიც საკმაოდ ჰყავთ. საქართველოში ძალიან დიდი დესტაბილიზაციის მცდელობაა მოსალოდნელი, ოღონდ ხელისუფლება და ხალხი ერთად უნდა დადგნენ და საქართველოს მოღალატეებს კუდით ქვა უნდა ასროლინონ, რომელთა სათავეში სალომე ზურაბიშვილია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალება მოსალოდნელია, თუმცა „ოცნება" ერთის მხრივ სააკაშვილის ციხეში შებრუნებას შეეცდება, მეორეს მხრივ კი პრეზიდენტს „აქციით და დესტაბილიზაციით აშანტაჟებს".

„თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდა, მაშინ „ოცნება" შეეცდება მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა - როგორც კი ციხიდან გამოვიდა, სადღაც 24 საათში მასზე ახალი ბრალდება „შეიკერა" და ისევ ციხეში ჩასვეს. პრობლემა, როგორც ასეთი, არსებობს. ამასთან, „ოცნება" პრეზიდენტს აქციით და დესტაბილიზაციით აშანტაჟებს, რომ თუ ის სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, რომელთა შვილები ციხეში ისხდნენ. გვახსოვს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან რადიკალური ძალის წარმომადგენლები მივიდნენ, რაც შეგნებულად იყო განხორციელებული ხელისუფლების მხრიდან.

„არაა გამორიცხული პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს, გვარამიასაც არ იწყალებდა, მაგრამ შიწყალა. შეიძლება სააკაშვილს ციხე ისევ ემუქრებოდეს, მაგრამ ვთქვათ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგას, რომ მან თავისი გააკეთა. ამ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რადიკალური ძალის წარმომადგენლები მიაგზავნონ. დესტაბილიზაცია მსალოდნელია, რადიკალური ძალები გამოვლენ და იტყვიან, რომ სააკაშვილის დროს ციხეში მოხვდნენ, თუმცა როგორ მოხვდნენ ამაზე არაფერს იტყვიან," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×