თამთა ჩაჩანიძე
19.02.2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 9 დათქმის დარღვევა უკვე დაიწყო, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების წინაპირობაა და საარჩევნო კოდექსში ის ცვლილებები, რომელსაც „ოცნება" მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის უგულებელყოფა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ამით ოპოზიცია აქციებისთვის საფუძველს ამზადებდეს, რადგან გასულ წელს ევროკავშირის თემაზე 8-9 მარტს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამასთან ეჭვობს, რომ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ბოლომდე ჩართვას აპირებდეს.

„ქართული ოცნება" რაშიც ჩართვას არ აპირებს, იმაზე ლაპარაკობს, მაგალითად, ვენეციის კომისიის თაობაზე თქვეს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ და ა.შ. რაც შეეხება 9 რეკომენდაციის საკითხს, „ოცნებამ" ნახა და სასურველია, რომ მოქალაქეებმაც შეამჩნიონ, კანდიდატობის მიღება უშუალოდ არ მოება დავალებების შესრულების ხარისხს. იყო საუბარი, რომ სამი შესრულებულია, დანარჩენი ჯერ არა, მაგრამ სტატუსი მაინც მივიღეთ.

„აქედან გამომდინარე, ევროპა კარებს უღებს არა მხოლოდ იმის მიხედვით დავალება ვინ როგორ შეასრულა, არამედ პოლიტიკური მოტივებითაც და წევრობაც მგონია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. მაგალითად, თურქეთს წევრობას აქამდე არ აძლევენ, რადგან იქ მოტივებია, რის გამოც თურქეთის შეყვანა თავის ოჯახში ევროპას არ აწყობს.

„ოპოზიცია ცდილობს, რომ ახლა წვერობაზე მოლაპარაკებების დაწყება დაუკავშიროს იმას, ხელისუფლება ასრულებს თუ არა დავალებებს, როგორც ადრე კანდიდატობის შემთხვევაში იყო. საკითხის ასეთი დაყენება, ოპოზიციისთვის იმის საბაბი იქნება, გამოაცხადოს, რომ ხელისუფლება ცუდია და რომ უნდა შეიცვალოს. მარტის აქციებზე ნახეს, რომ ევროპის თემაზე შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, როგორც ასაკოვანი, ისე ახალგაზრდა ადამიანები და ეცდებიან, რომ ეს თემა საკვანძო გახადონ. წესით მოსახლეობა უნდა ეცადოს ფხიზლად იყოს.

„ცხადია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციაშია დაინტერესებული. ხელისუფლებას აბრალებს, რომ ისინი დავალებას არ ასრულებენ, რადგან ევროპაში არ შევიდეთ და რუსეთისკენ მივდივართ, თუმცა გაუგებარია ხელისუბლება რატოა დაინტერესებული, მაშინ კანდიდატობამდე რატომ მივაღწიეთ?

„დავუშვათ ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულებაში ბოლომდე ჩაერთო და ყველაფერი შესანიშნავად შესრულდა, ეს ხომ ხელისუფლებას მიეწერება? თუ ოპოზიცია არ ჩაერთო და რეკომენდაციები ვერ შესრულდა, ეს ნაკლი ხელისუფლებას მიეწერება. რა თქმა უნდა, ოპოზიციას მეორე ვარიანტი აწყობს და ამიტომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ამ შემხთვევაში ჰარმონიულობა არ გამოვიდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

„ლელოს" დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო. ამის შესახებ მან „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა. ის კანონი, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და დავალებას, რომელიც მან მისცა თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. „ქართული ოცნება" არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ის უხეშად არღვევს ერთ- ერთ მთავარ რეკომენდაციას. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×