თამთა ჩაჩანიძე
26.01.2024

გადავა თუ არა საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესზე, ეს 9 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული, რაზე მუშაობაც, ევროკომისიის რეკომენდაციით, ინკლუზიური უნდა იყოს. 29 იანვარს „ქართული ოცნება" გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს, და მასში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელლებიც მიიღებენ მონაწილოებას.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე ღიად განაცხადა, რომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ყველა თავის პირობას აყენებს. შეხვედრაზე ვიხილავთ „სტრატეგია აღმაშენებელს", გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" და „გირჩს". სხვა პატიებს საკუთარი პოზიცია ჯერ საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კი განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო. ელჩი იმედოვნებს, რომ 9 დათქმაზე მუშაობა ინკლუზიურად და კონსტრუქციულად მოხდება.

„9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია.

„იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე", - აღნიშნა ელჩმა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი" 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი" „შესვლა- არშესვლასთან" დაკავშირებით საკითხს ხსნის და ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არის.

„ჩვენ ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და ჩვენ არ გვინდა „ქართულ ოცნებას" დისკუსია გავუმართოთ, უნდა შევიდეთ, თუ არ შევიდეთ. ჩვენ გვინდა, რომ შინაარსზე გავმართოთ დისკუსია, ამიტომ შევიდეთ არ შევიდეთ საკითხს ვხსნით და ახლა გამართავთ დისკუსიებს შინაარსთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცით, რომ არც დეოლიგარქიზაციას, არც სასამართლო, არც საარჩევნო, არც ანტიკორუფციულ რეფორმას, არც დასავლურ კურსთან თავსებადობას და არც ანტიდასავლურ რიტორიკაზე უაროს თქმას „ქართული ოცნება" არ აპირებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას" ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას - ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი პარტია 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ის აღნიშნავს, მოწვევა უკვე მიიღო.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვმონაწილეობდით ყოველთვის და ყველა რესურსს ვიყენებდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელი შეგვეწყო. ახლა იგივეს ვაპირებთ იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე. ამიტომ ყველა რესურს გამოვიყენებთ ჩვენ, ამიტომ აქაც მოვიღებთ მონაწილეობას. ვნახოთ რას იტყვიან, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ, იქნება თუ არა რაიმე საქმიანი და რეალური. თუმცა ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას" ვაიძულოთ გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისაკენ", - აღნიშნა დაუშვილმა.

„გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე „ქართული ოცნებისგან" უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას ელის, რომელიც არაფერს შეცვლის, ოპოზიციისაგან კი - უსაგნო ჩხუბს.

„სამწუხაროდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა, როგორც ეს ცესკოს [ხელმძღვანელობასთან] შეხვედრაზე იყო და ხშირ შემთხვევაში სხვაგანაც გვინახავს, მაგრამ არც ხელისუფლებისგან ველოდები იმის მზაობას, რომ რამე შეიცვალოს, ერთადერთი ფაქტორი რომ არ იყოს გამონაკლისი - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. დავინახავ ამ ფაქტორმა რა ცვლილება მოახდინა ამ სამუშაო ჯგუფებზე და გეტყვით. მგონია, რომ ოპოზიციის ქმედებებიც შეიძლება აქედან გამომდინარე შეიცვალოს, თორემ სხვა შემთხვევაში იგივეს ველოდები - არა საქმეზე ლაპარაკს, არამედ „ქართული ოცნებისგან" უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც არაფერს შეცვლის, ხოლო ოპოზიციისგან უსაგნო ჩხუბს, რომელიც არაფერს შეცვლის," - განაცხადა ხვიჩიამ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასოციაცია ყველა იმ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, რომელიც ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმების შესრულებას ეხება.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით ყველა სამუშაო პროცესში ჩავერთვებით, რომელიც 9-პუნქტიანი დათქმების შესრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ პარლამენტისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება, მაგრამ უშუალოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იქნება თუ არა მიწვეული, ამაზე კონკრეტულად ინფორმაცია არ გვაქვს. თუ მიგვიწვევენ, ჩვენ აუცილებლად მივალთ.

„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ საკითხები, რომელიც 9 პუნქტშია მოცემული შესრულდეს, მათ შორის, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე არა ერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, რეკომენდაციები შემუშავებული გვაქვს, რაც ასევე, ხელისუფლებისთვის გაზიარებული გვაქვს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ, რომ ამ საკითხებზე მათთან დამატებითი კომუნიკაცია გვქონდეს და თუ შესაძლებლობა გვექნება სამუშაო ჯგუფში ჩართვის, ამ პროცესებშიც ჩავერთვებით. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ყველა ის ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიში მოცემული პრობლემების აღმოფხვრას, ეს თუ არ მოხდება შემდგომ შეფასებებზე გავლენას იქონიებს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარის თქმით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ნოემბერში გამოქვეყნდა ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს სრულად. მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს მოსამართლეთა შეფასების სისტემა, „ეს როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმით იქნება, ეს არის მსჯელობის საგანი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×