ნაზი ბერიძე
25.01.2024

ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად აქვს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აუცილებელია გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, და აანონსებს შეხვედრას ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით, ამ დათქმების შესასრულებლად მუშაობის დაწყებაზე.

მმართველი გუნდი თავდაპირველად დათქმების შესრულებას სამუშაო ჯგუფებში აპირებდა, თუმცა შემდეგ შეცვალა პოზიცია და პარლამენტის კომიტეტებშიც საქმის განხილვაც არ გამორიცხა. ამან ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, სხვებისთვის კი მუშაობა ორივე ფორმატში მისაღები აღმოჩნდა.

პიველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს უნდა გაიმართოს, რასაც წესით ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შეხვედრაში მესამე სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას

„9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა," - განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ვარაუდობს, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი ჩაერთვება, ნაწილი კი არა, და განმეორდება 12 რეკომენდაციის შესრულების ისტორია.

„მე მგონია, რომ დიდი ალბათობით განმეორდება ის სიტუაცია, რაც იყო 12 რეკომენდაციის შესრულების დროს, როდესაც ოპოზიციის რაღაც ნაწილი მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში და ნაწილი მას ბოიკოტს უცხადებდა. ყოველ შემთხვევაში, მე ამ დრომდე არ მომისმენია რადიკალური მიმართულებით ოპოზიციური პარტიებისგან მზადყოფნა, რომ ისინი ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ჩაერთონ, მაგრამ უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ არ ჩაერთვებიან.

„მე ვფიქრობ, რომ პირველი შეხვედრები ალბათ აზრების და პოზიციების შეჯერება იქნება. გადაწყვეტილების მიღებაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ პოზიციები და აზრები უნდა შეაჯერო და, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ალბათ დისკუსია იქნება - მაგალითად, იგივე დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სასამართლო რეფორმაზე. თუნდაც მაგალითისთვის მოთხოვნაა, რომ საქართველო უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რაც თავისთავად გულისხმობს რუსეთთან ამჟამინდელი ეკონომიკური ურთიერთობის გადახედვას - ვგულისხმობ პირდაპირ ფრენებს, სანქციებს და ა.შ. ამ საკითხებში არის ბევრი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, თუნდაც ზომიერ ოპოზიციას შორის, არსებობს აზრთა სხვაობა. ასე რომ, დაველოდოთ პირველი შეხვედრის შედეგებს და შემდეგ უკვე შეიძლება მსჯელობა, რა პერსპექტივა იქნება ოპოზიციის მონაწილეობის," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×