თამთა ჩაჩანიძე
25.01.2024

„გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს, გამომდინარეობს იქიდან, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მოსყიდულია." ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციას გულყრა აქვს და „სუპერპოპულისტური განცხადებებით მხარდამჭერების გამხნევებას ცდილობს".

„შიგნით ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები, კომპრომატების შეთითხვნა თუ რეალური ფაქტების დადება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო ინტენსიური გახდება. ქართულ ოპოზიციურ სიბრტყეში ეს ტენდენცია ყოველთვის იყო. ერთმანეთს აბრალებენ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული და სუს-ის მიერ მართული.

„რაც შეეხება ოპოზიციის მწვავე განცხადებებს, კობახიძის გუშინდელი ტელეინტერვიუს შემდეგ, გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ რეიტინგით პროცენტულად დაბალ დონეზე არიან და ისინი თავიანთი მხარდამჭერების გამხნევებასცდილობენ. ამბობენ, თითქოს „ქართული ოცნება" წაგებულ პოზიციაშია და ა.შ., რაც ძალიან დიდი ტყუილია.

„ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია რასაც ამბობს, ყოველთვის ყველაფერი პირიქითაა - მათი ეს გაცხარება, მათი კონვულსიები იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან ამ მეხუთე კოლონას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ნეგატივის და დესტრუქციის გარდა. ისინი ისევ იმავე კედელს ეჯახებიან და ჰგონიათ, რომ ასეთი საარჩევნო კამპანიით წარმატებას მიაღწევენ, რაც გამორიცხულია.

„საარჩევნო კამპანიაში წარმატებას მხოლოდ პოზიტივით და რეალისტური პროგრამების შეთავაზებით აღწევენ და არა ისეთი სუპერპოპულისტური კამპანიით, რომელიც მაგალითად „ლელოსგან" მომდინარეობს და რომელიც სხვა პარტიების მსგავსად 2%-ის ზღვარზეა. ხაზარაძეს და მის გარემოცვას ჰგონია, რომ მესამე პოლიტიკურ ალტერნატიულ ცენტრს წარმოადგენენ, რაც ტყუილია.

„არ გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიციურ სიბრტყეში ერთმანეთისთვის გადაბრალება უფრო ინტენსიური გახდება, რომ „ქართული ოცნების" ჩრდილქვეშ არიან, სუს-ი და სპეცსამსახურები აკონტროლებენ კომპრომატებით თუ ფინანსურად და ა.შ. ჩვეული იგივე პოლიტიკური სერიალის მოწმე გახდება ქართული საზოგადოება, რაც ძალიან დასანანია. ნებისმიერ მართველ პარტიას ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რომელიც მას მოსვენებას არ მისცემს შინაარსიანი კრიტიკით.

„ოპოზიციას გამოსავალი ის აქვს, რომ ამომრჩეველთან რეალურად იმუშაონ ზედმეტი პოპულისტური განცხადებების გარეშე და ნუ ააწყობენ თავიანთ კამპანიას ნეგატივზე და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უსაგნო ლანძღვა-გინებაზე", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დიდი ალბათობით „ქართული ოცნებისგან" იმართება და „ვიდრე „ქართული ოცნებისგან" მმართველობისგან არ გათავისუფლდება, მას მხოლოდ ის შეუძლია, რასაც „ოცნების" მენეჯმენტში გადაწყვეტენ."

„ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც იცი, ოპოზიციაში ხალხი შენს მიერ მოსყიდულია, შენს ჭკუაზე დადის, არაფერზე კონსოლიდირდება, პარტიიდან ღვაწლმოსილ „ნაცებს" აგდებენ, ფაქტობრივად ოპოზიციის შიგნით გაჩაღებული გაქვს ომი და ამას ხელისუფლებიდან მართავ, თავისთავად ცხადია, გააკეთებ პროგნოზს, რომ ისინი ვერასდროს შეთანხმდებიან და არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებ. თუმცა ვიტყოდი, რომ 100%-ით მოსყიდული ოპოზიცია არ არსებობს - იმის მიუხედავად, ოპოზიცია რამდენად ჰყავს ხელისუფლებას მოსყიდული, ყოველთვის არსებობს გადაგდების შანსი. ამას ცოტა სიფრთხილით მოვეკიდებოდი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მანამდე „ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მაჩვენებლით „ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩატოვოს „ნაცმოძრაობა" 35 მანდატს ქვემოთ.

„ერთადერთი მაქსიმუმი, რაც შეიძლება შეძლონ არის ის, რომ „ნაცმოძრაობა" თუ აიღებს 15%-ს მესამე სუბიექტმა ფსევდო შუაშისტურმა ნაციონალურმა სუბიექტმა შეიძლება მოახერხოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ასეც და ისეც მათ არავითარი შანსი არ აქვთ. რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59 % ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს", - განაცხადა კობახიძემ „იმედის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×