ნაზი ბერიძე
25.01.2024

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ექსპრემიერ გახარიას თვეების განმავლობაში გარკვეულწილად მიჩუმებული პარტია ერთბაშად გამოცოცხლდა და ოპონენტებს, შეიძლება ითქვას, დაერია. ჯერ „ლელოს" დაუპირისპირდა, მერე „ნაცებს" და ახლა „ოცნებას". კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის" აღშფოთებულია ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ ენმ შეძლებს.

„რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში," - ამბობს კობახიძე.

„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ოპოზიციაში გიორგი გახარია არის პირველი ლიდერი და არა მხოლოდ ოპოზიციაში," - აცხადებს გახარიას თანაპარტიელი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.

„5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, ვფიქრობ, აქვს გახარიას პატიას და, მე ვიტყოდი ასე, უფრო აქვს ვიდრე არა აქვს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, რადგან, მისი აზრით, „ოცნებამ" ვერ მოახერხა მისი ასოცირება „ნაცმოძრაობასთან."

„მაშინაც კი, როდესაც „ოცნებას" მართლა მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ვგულისხმობ, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს - მხარდაჭერის რაოდენობა 50%-მდეც არ ასულა. მაგრამ რეალური მიზანი, რასაც ემსახურება კობახიძის ან ნებისმიერი სხვის განცხადებები, არის გამხნევება საკუთარი თავის და საკუთარი პარტიული აქტივის. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენი გუნდი წინასაარჩევნოდ გაერთიანებას არ აპირებს და უბრალოდ არ გვჭირდება," - აცხადებს ანა ბუჩუკური.

მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია, ერთადერთი პარტია კი ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც 30-35 მანდატს მიიღებს.

„ხდება პარტია „ნაცმოძრაობის" პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება მაგალითად, რომ ხაბეიშვილი არის დღეს პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე. ამით აიხსნება ის, რომ ტელევიზიებში სხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად „ტვ პირველი" თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ", ასევე მთავარში გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა" და „ლელოს" შორის, „ფორმულა" მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ, ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა რა არის, რომ თუ ცოტა ქვემოთ დაიწევს კიდევ „ნაცმოძრაობა", შეიძლება 5%-ს ზემოთ ამოიწიოს სხვა „ნაცმოძრაობამ", როგორიც არის მაგალითად „ლელო" ან „ლელოსთან" ერთად შექმნილი გაერთიანება.

„ეს არის რეალურად გეგმა, რასაც ვხედავთ, საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ერთადერთი მაქსიმუმი რაც შეიძლება შეძლონ, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა" თუ აიღებს 15%-ს მესამე სუბიექტმა, ფსევდო შუაშისტურმა „ნაციონალურმა" სუბიექტმა, შეიძლება მოახერხოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ასეც და ისეც მათ არავითარი შანსი არ აქვთ. რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში.

„კვლევა ჩატარდა მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59% ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი.

„დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, არ არის ეს მცირე დრო. ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩავტოვოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" 35 მანდატს ქვემოთ. ვიღაცებს უკვირთ, როგორ შეიძლება მესამე არჩევნებია და მმართველ ძალას ჰქონდეს 60%. მთელი კამპანია ოპოზიციამ იმაზე ააგო, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, ამ დროს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, გავაორმაგეთ ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც მთელ შენ კამპანიას ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ აგებ და ბოლოს შედეგად იღებ ამ სურათს, იქ 60% აბსოლუტურად ლოგიკურია," - განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ერთადერთი პარტიაა, რომლის ასოცირება „ნაციონალურ მოძრაობასთან" ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რაც მას საშუალებას აძლევს ჰქონდეს 5%-იანი ელექტორალურ მხარდაჭერაზე ცოტა მეტი ანუ ბარიერის გადალახვასწ საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებს.

„პრინციპში კობახიძე რასაც ლაპარაკობს, ეს მისი სურვილია, რაც მას უნდა, რომ იყოს, ანუ ისინი ძალიან კმაყოფილები იქნებიან თუ თვითონ ექნებათ უმრავლესობა და ოპოზიციაში იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა". ეს მათ აყენებთ კომფორტულ მდგომარეობაში, რადგან მათი პროპაგანდის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება - პრაქტიკულად ამაზე დგას მთელი იდეური პროპაგანდა - რომ არა „ნაცებს" ანუ, ჩვენ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც „ნაცებს" არ უშვებს ხელისუფლებაში. ეს არის მათი იდეა, მეტი იდეა ამ ხელისუფლებას არა აქვს.

„გახარიას რაც შეეხება, გახარიას მიმართ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის, რომ ხალხში ის აღქმულიყო, როგორც „ნაცი" და „ნაცებთან" შეკრული. ეს მათ ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამას ამბობენ. ამიტომ გახარიას პარტიის ამომრჩეველი ძირითადად არის ის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ ამავე დროს კატეგორიულად არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება და მაინც და მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციასაც არ უყურებს კარგი თვალით.

„არ არის ეს პატარა ელექტორატი, ამიტომ, მე ვფიქრობ, 5% იანი ბარიერის გადალახვა გახარიას პარტისთვის, წესით, არ უნდა იყოს პრობლემა, პლუს ამას ეს არის პარტია, რომელსაც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი გახარიას სახით, რომელსაც აქვს საკუთარი წარსული მთავრობის მეთაურობის. ვიღაცისთვის ეს მოსაწონია, ვიღაცისთვის არ არის, მაგრამ ეს არ არის ვიღაცა, ვინც ჰაერიდან არის და არ ვიცით, რას იზამს. და, ეს პლუსია მისთვის. რამდენს აიღებს, როგორ აიღებს, რამდენად შეძლებს ამომრჩევლის წამოყვანას, ეს საარჩევნო პროცესზეა დამოკიდებული. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, ვფიქრობ, აქვს გახარიას პატიას და, მე ვიტყოდი ასე, უფრო აქვს ვიდრე არა აქვს. უფრო ნაკლებად სავარაუდოა რომ ვერ გადალახოს, ვიდრე გადალახოს," - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×