„რატომ უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი გაერთიანება, რომელიც ბარიერს გადალახავს თუ არა, ისაა საჭოჭმანო“
თამთა ჩაჩანიძე
25.01.2024

უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, ეს ვარაუდი ცოტა ხნის წინ „ოცნების" მხრიდანაც გაჟღერდა. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლა ნაკლებსავარაუდოა, რადგან მას ლიდერობის პრეტენზია ექნება და „რომელიღაცა პარიტის ლიდერმა ტახტი უნდა გაუყოს", რაც არცერთი ძალის გეგმებში არ შედის.

როგორც „ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, რის შედეგადაც, ის დღეს არსებულ „ისედაც მცირე რესურსებს" გაფანტავს.

„ერთის მხრივ, ვიცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს ერთი პოლიტიკური დირიჟორი, რადგან ერთი პი-არ აგენტი დაუნიშნა „ნაცმოძრაობასაც", „ლელოსაც", ყველას. მეორეს მხრივ, თვითონ ვერ თანხმდებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ხვდებიან, 5 ნომერი ბრენდით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, დღევანდელი მოცემულობით, არავის აქვს. ამიტომ არის ზოგი ამერიკულ მუსტანგზე შემხტარი აპირებს ქართული არჩევნების მოგებას, ზოგი „ლეიბების რევოლუციას" აანონსებს, ზოგს გაერთიანება უნდა, ოღონდ ვისთან ჯერ არ იცის, ზოგი ცალკე გამოდის, მაგრამ სად გამოდის, ჯერ არ იცის. ეს მოცემულობა არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში და ამას, რა თქმა უნდა, ხვდება მათი პატრონი - უცხოური ძალის წარმომადგენელი, ამიტომაც არის რომ, ჰოი, საოცრებავ და ამზადებენ ფორმალურად არჩეულ ზურაბიშვილს. ამის ალბათობა არის, რომ 2-3 თვით ადრე ოპოზიციას შეუერთონ, რაც, რა თქმა უნდა, იქნება „კარგი" იმისთვის, რომ რაც დარჩენილი არის აქა-იქ, სულ მცირედი რესურსი ზურაბიშვილის, ისიც აღარ ექნება და რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოხდება განხეთქილება იქ, სადაც იქნებიან ერთად გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და თავზე ზურაბიშვილი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო", გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ვეძახით - მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" 30-35 მანდატის ამარა იქნება", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, „ესენი გადაზღვევაზე შემოყვანილი პაიკები არიან, წარმოადგენენ კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას" და რეალურად არანაირი მესამე ძალა არ არსებობს". როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მდგომარეობა არის არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდი.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არცერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება მონდომებული „პრეზიდენტის შეკედლებით".

„უკვე ვნახეთ, რომ ზურაბიშვილი დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსია და ის არცერთი პარტიისთვის სასურველი არ იქნება, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ის პრეზიდენტია და ლიდერობის პრეტენზია ექნება - რომელიღაცა პარტიის ლიდერმა მას ტახტი უნდა გაუყოს, ამას მე მგონი არცერთი პარტია არ გააკეთებს დიდი ენთუზიაზმით. აგერ სააკაშვილის დაბრუნებისთვის მისი საკუთარი პარტია არ იბრძვის იმიტომ, რომ ენმ-ში, მე მგონი, რამდენიმე ლიდერი უკვე გამოიკვეთა და სააკაშვილი, როგორც ახალი კონკურენტი, ლიდერობაში არ სჭირდებათ.

„ყველასთან ანალოგიური მდგომარეიობაა. ჯერ ერთი, არავინ არ იქნება მონდომებული პრეზიდენტის შეკედლებით და მეორე, წესით, თავად პრეზიდენტს აღარ უნდა აინტერესებდეს დაბალრეიტინგიან პარტიებში ჩაჯდომა, რადგან გამარჯვების შანსი არ იქნება, აგერ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ვხედავთ. ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტს უფრო სხვა გეგმები აქვს, ვიდრე საქართველოში რომელიმე პარტიის, თან ოპოზიციურის დროშის ქვეშ ყოფნაა. მისი გეგმები შიძლება იყოს მაგალითად უცხოეთში მუშაობის გაგრძელება. აქვს კავშირები, ურთიერთობა, გამოცდილება და რაც მთავარია მენტალურად იქ ალბათ უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ვიდრე აქ, სადაც, როგორც თავად თქვა, ეს ადამიანები მიუვარდებიან და უნდა უპასუხოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რამდენად იქნება ნიკა მელიას მიერ დაანონსებული პარტია, სადაც ნიკა გვარამია და სხვებიც მოიაზრებიან, ზურაბიშვილისთვის მიმზიდველი, საყვარელიძემ გვითხრა:

„არა მგონია ეს მიზიდულობის ცენტი გახდეს. ზურაბიშვილმა შესაძლოა კომპლიმენტი თქვას იმაზე, რომ ერთიანდებიან, მაგრამ რატომ უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი გაერთიანება, რომელიც ბარიერს გადალახავს თუ არა, ისაა საჭოჭმანო, არ ვიცი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×