თამთა ჩაჩანიძე
24.01.2024

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ლეგიტიმაციას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს. კალანდარიშვილის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველმა პარტია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა კანონმდებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწორე ის იქნებოდა. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას და რისთვის ამზადებს საფუძველს ოპოზიცია დღეს ცესკო არალეგიტიმურობაზე საუბრით?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ გიორგი კალანდარიშვილი კანონის მიხედვითაა თანამდებობაზე და თუ ოპოზიციას კანონთან აქვს პრობლემები, მაშინ კანონი უნდა გააპროტესტონ და არა კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ ყოფნა.

მათ არ აქვთ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის მოლოდინი, რადგან ამ მხრივ რამდენიმე გადაულახავი პრობლემაა, პირველ რიგში კი კონსენსუსის არარსებობა პოლიტიკურ ძალებს შორის და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. რაც შეეხება ყოველივე ამაში პრეზიდენტის როლს, გასულ წელს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიცია დღეს იმიტომ საუბრობს ცესკოს თავმჯდომარის არალეგიტიმურობაზე, რათა შექმნას იმის საფუძველი, რომ შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების შედეგები არ ცნონ.

დაპირისპირება ცესკოში

სამშაბათს ცესკოს თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დახურულს კარს მიღმა გამართული შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისი ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების მიზანი მანიპულაციები და სპეკულაციებია. თქვა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდრე არ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება.

„ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედ თავმჯდომარეს სრული უფლებამოსილება აქვს, ვიდრე არ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციებისა და სპეკულაციების მიზნითაა", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მანამდე ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს. მან ვენეციის კომისიის დასკვნას გაიხსენა და განაცხადს, რომ კალანდარიშვილის თანამდებობაზე ყოფნა საერთაშორისო პარტნიორებშიც კითხვის ნიშნებს იწვევს.

„ცესკო-ს და რუსულ პარტიას სურთ, წარმოაჩინონ თითქოს პრობლემა ელექტრონული არჩევნებია. პრობლემა არის შემორჩენილი თავმჯდომარე რომ ჰყავს ცესკოს, არალეგიტიმური, ადამიანი, რომელიც არჩეული არ არის. ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არ აურჩევია პარლამენტს და „ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარედ დატოვა. დღეს მოვიტანე 176-გვერდიანი დასკვნა და ასობით მტკიცებულება, რომ ცესკო პირდაპირ შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან" და ხელისუფლებასთან. ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - „ქართულ ოცნებასთან" რომ შეზრდილია ცესკო და ეს კაცი რომ არალეგიტიმურია, ამ ცესკო-ს რანაირად უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ლეგიტიმაცია?", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორ აირჩიეს კალანდარიშვილი

2021 წელს მიღებული და დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და ამ შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ ექვსი თვით დაიკავებს. ზუსტად ეს სიტუაცია შეიქმნა თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის მერე, როცა კალანდარიშვილი პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 2021 წლის აგვისტოში 6 თვით აირჩია, მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციისგან კრიტიკა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღიდანვე წამოვიდა - რომ ის არალეგიტიმური თავმჯდომარე იყო. კითხვაზე თუ რატომ არ ამტკიცებდა პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისის ახალ თავმჯდომარეს, როცა კანიდატების სია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გადაუგზავნა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იმავე წლის ნოემბერში საპასუხოდ ამბობდა, რომ კალანდარიშვილი ლეგიტიმური თავმჯდომარეა და ცესკოს ახალ თავმჯდომარეს მას შემდეგ დანიშნავდენ, როცა „ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდებოდა".

2022 წლის დეკებერში პარლამენტში შედგა კენჭისყრა, თუმცა შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული. პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა - ვერც თამარ ალფაიძემ და ვერც რევაზ ეგაძემ ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა მაშინ პარლამენტის წინაშე აღარ წარადგინა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და „ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, ძველი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებლად ახლა იგი უნდა იყოს, სანამ ახალ თავმჯდომარეს აირჩევდნენ, თუმცა „ოცნებამ" ეს წესი შეცვალა და მოქმედ თავმჯდომარეს მომდევნო თავმჯდომარის არჩევნებამდე ვადა გაუხანგრძლივა.

„მიზანი იყო, რომ რომ არ შექმნილიყო კრიზისი, რაზეც აპელირებენ. შემდეგ წესი შეცვალეს („ქართულმა ოცნებამ") - რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ არ აირჩა, მაშინ მოქმედ თავმჯდომარეს უხანგრძლივდება ვადა მომდევნოს არჩევამდე. მათ მომდევნოს არჩევა გაწელეს უკვე ორი წელია, რაც არის არაკონსტიტუციური ნორმა. ეს რომ ჩაწერეს, ისინი აპელირებდნენ, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, მეთაურის გარეშე ვერ დავტოვებთ საარჩევნო ადმინისტრაციასო, მაშინ, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის თანამდებობა სწორედ ამიტომ იყო შემოღებული, რომ თუ არ არის ცესკოს თავმჯდომარე, ის უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას", - აღნიშნა სიორიძემ.

კითხვაზე, ახლა ის უნდა ასრულებდეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, გიორგი სიორიძემ განაცხადა: „დიახ, ასე იყო შარლ მიშელის სულისკვეთება და ასე წერია ჯერ კიდევ კოდექსში, რომ თუ თავმჯდომარე არ არის, მის მოვალეობას, პირველ რიგში, ოპოზიციონერი მოადგილე ასრულებს."

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ივლისში პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ეხება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო. წინა რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის (ცესკოს წევრების) კანდიდატთა შესარჩევ კომისიას". შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა.

ცვლილებების შემდეგ, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ეს „ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს". ამას გარდა, ცვლილების შემდეგ, 100 ხმის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 76 ხმით აირჩევენ, რაც პრეზიდენტის აზრით, „აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს".

ლეგიტიმაციის საკითხი და ოპოზიციის სავარაუდო მიზანი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კალანდარიშვილის თანამდებონბაზე ყოფნა ლეგიტიმურია, ოპოზიცია კი ცდილობს ეს თემა ხელზე დაიხვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

„ვინ დაამტკიცა, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია? ოპოზიცია შეიძლება ამბობს, მაგრამ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ ის არალეგიტიმურია? რამდენადაც ვიცი, არავის თავის დასკვნაში და შეფასებაში არ უთქვამს, რომ კალანდარიშვილი თავის ჩანამდებობას არალეგიტიმურად იკავებს.

„ოპოზიციის წარმოდგენებში კალანდარიშვილი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და რადგანაც ის ოპოზიციის დაკრულზე არ ცეკვავს - და ოპოზიციას სავარაუდოდ უნდა, რომ ცესკოს ისეთი თავმჯდომარე ჰყავდეს, რომელიც უფრო მათკენ იქნება გადახრილი და მათ ინტერესებს გაითვალისწინებს - გასაგებია მათი დამოკიდებულება ამჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ. ამით ისინი არა მარტო კალანდარიშვილის, არამედ ზოგადად საარჩევნო სისტემის და არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ, რადგან, თუკი არჩევნებში ის შედეგები ვერ მიიღეს, რასაც გეგმავდნენ, ხელზე რაღაც ხომ უნდა დაიხვიონ...

„ამ შემთხვევაში ვეყრდნობი ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც არის რეკომენდაცია, რაც ფაქტიურად არის იგივე შარლ მიშელის 19 აპრილის შთანხმების რეკომენდაციის გადამეორება - რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე იქნეს არჩეული. მაგრამ ორწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და იმის გათვალისწინებით, რომ გადაულახავი პოლარიზაციაა, ვერ ხერხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა კონსენსუსის პრინციპით. ოპოზიციის სასურველი კანდიდატი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ხელისუფლების კი - ოპოზიციისთვის. ეს პრინციპი რომ მოქმედებს, ამიტომაცაა, რომ ჩვენ ჯერჯერობით სრულფასოვანი, 5-წლიანი ვადით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე არ გვყავს. მმართვლმა პარტიამ კი ეს საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმიტომ განახორციელა, რომ ამ პრაქტიკას წერტილი დაესვას.

„არჩევნებამდე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოსწრებით მოსწრებადია, უბრალოდ ამას ალბათ პოლიტკური ნება სჭირდება, იგივე კონსენსუსის მიღწევის სურვილი ორივე მხრიდან და მე პირადად ასეთ ნება-სურვილს ვერ ვხედავ. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებაზე ზემოწმედება დაიწყონ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის გზით იქნას არჩეული.

„იმ შემთხვევაშიც, თუ ხელისუფლება ამაზე წავა, ეს სადამდე მიგვიყვნს, დღეს ამის პროგნოზირება რთულია. მე პირადად ვიხრები იმისკენ, რომ ეს პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირძე ასევე აცხადებს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ლეგიტიმურია და თუ ოპოზიციას პრეტენზია კანონთან აქვს, კანონი გააპროტესტოს.

„რამდენადად ვიცი, პარლამენტმა კანონი მიიღო და ამის შესაბამისად მოხდა კალანდარიშვილის არჩევა. შესაძლოა ენდობოდე, ან არა, ან შესაძლოა კითხვის ნიშნები გქინდეს, მაგრამ ლეგიტიმაცია სხვა რამეა. არალეგიტიმური იქნებოდა. თუ ის კანონდარღვევით იქნებოდა მიღებული. ან თუ ოპოზიციას კანონთან აქვს პრობლემები, მაშინ კანონი უნდა გააპროტესტონ და არა კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ ყოფნა.

„არა მგონია, რომ არჩევმებამდე ამ მიმართიულებით ახალი და დიდი ცვლილება მოხდეს, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და თუ კალანდარიშვილის გადადგომაზეა საუბარი, მაშინ ოპიზიციამ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა უნდა დაიწყოს, რისი რესურსიც ამჟამად არ გააჩნია.

„ვისაც რა უნდა ის შეუძლია თქვას, მაგრამ არჩევნების შედეგების არცნობა ერთია, მაგრამ მეორეა საზოგადოება ამას რამდენად გაიზიარებს. ოპოზიციას აქვს კი იმის გარანტია, რომ არჩევნების არცნობის შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა დაიწყება და თუ დაიწყეს, რაიმე შედეგს მოუტანს? მარტო ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების გამოთქმა საკმარისი არაა. აუცილებელია, რომ საზოგადოება თავად დარწმუნდეს ყველაფერში", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×