ნაზი ბერიძე
24.01.2024

აპირებს თუ არა პარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე რეზოლუციის მიღებას? ამ წინადადებით ოთხშაბათს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოვიდა და შესაბამისი კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.

თავად აფხაზურ საზოგადოებაში კი სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება და შეშფოთება უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისა და სახლემწიფო სტრუქტურებისათვის გადაცემის გამო. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა იყო ბიჭვინთის აგარაკების რუსებისათვის 49-წლიანი იჯარით გადაცემის ე.წ. შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც დე ფაქტო პარლამენტმა, მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მიუხედავად, 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ დე ფატო ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს მიჰყიდა პანსიონატი „შიცკვარა", რამაც აფხაზეთში გააჩინა განცდა, რომ ბიჭვინთის შემთხვევა მხოლოდ დასაწყისია და რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა.

აფხაზური საზოგადოების ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. კანონპროექტი აპარტოტელების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც აფხაზეთის მასშტაბით იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა 60-დან 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქისთვის.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სოხუმის აეროპორტი უკვე გადაეცა რუს ინვესტორს, რომელიც მის აღდგენაზე მუშაობს. ოჩამჩირეში კი რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

ყოველივე ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში მსჯელობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკის მიმართა.

„გია ვოლსკის მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხზე. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა „ოცნების" პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით", - განაცხადა აქუბარდიამ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შესაბამისი კომისია რეგულარულად უნდა მუშაობდეს.

„მთელი პრობლემა ისაა, რომ ეს საკითხები არ განიხილება ქართული ხელისუფლების მიერ და რუსეთს ეპატიება ყველაფერი. ესაა დამაფიქრებელი. როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და იყო მრავალპარტიული სისტემა და, ასე ვთქვათ, კოალიციური მთავრობა, მაშინ ერთერთი პირველი ეფექტური რეზოლუცია მივიღეთ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" ერთობლივი რეზოლუცია და ყველა ვიყავით ბედნიერები, მათ შორის ჩემი პოზიცია დაფიქსირდა და ა.შ.

„მას შემდეგ, უკრაინის ომამდე, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღებულობდა მეტ- ნაკლებად პრინციპულ, მაგრამ რაღაც ანგარიშგასაწევ რეზოლუციას, სადაც ჩანდა, რომ საქართველო არ ეგუება ანექსიას. ახლა კი მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ ვდუმვართ.

„იმ ფონზე, რომ ყოველ წელს რეზოლუციას ვწერდით, 2021 წლის აგვისტოში იყო საქართველოს პარლამენტის ძალიან კარგი რეზოლუცია. მაგრამ 2022 წელს, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, ისეთი რეზოლუცია მიიღეს, სადაც ვერ გაიგებდი რომელი სახელმწიფო დაესხა თავს უკრაინას. ვერ გაიგებდი რომელი სახელმწიფოს პარლამენტი აკეთებდა ამ განცხადებას. თითქოს ვიღაც „მარსელები" დაესხნენ უკრაინას... უსამარცხვინოესი განცხადება იყო იმ ფონზე, როცა იმის წინა წელს პარლამენტმა ძალიან კარგი განცხადება მიიღო.

„ამავე დროს საქართველო წყვეტს აბსოლუტურად საუბარს საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, რომ მოხდეს რეაგირება ასეთ პროცესებზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. პოლიტიკაში მთავარი არის ქმედება, მაგრამ განცხადებები ქმედების ნაწილია.

„წარმოიდგინეთ - მკითხველს დავუსვამ კითხვას - აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაგმობა და გაჩუმდნენ. ხმას არ იღებენ, გავიდა 1 წელი 2, 3, 4, 5 წელი... ზოგჯერ ვამბობთ, რა გახდა ეს ტერიტორიული მთლიანობაო, მაგრამ, აბა, წარმოვიდგინოთ - არავინ არ გააკეთა განცხადება 5 წლის განმავლობაში, ეს უკვე სულ სხვა პოლიტიკის ნაწილია. ესე იგი, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია რეზოლუციის მიღება საკუთარი თავის დასაცავად - უკრაინაზე კი არაა ლაპარაკი, საკუთარი თავი რომ დაიცვას, ამაზე ვამბობ - რა თქმა უნდა, ეს არის შეტყობინება დასავლეთისათვის. დასავლეთი გვხვდება ჩვენ. ჩვენი პრობლემები გვაქვს უკრაინასთან. აგერ ისრაელი-პალესტინის პრობლემები წამოვიდა წინ. აგერ ტვირთები ჩერდება წითელ ზღვაში... უამრავი პრობლემაა, საქართველო კი ხმას არ იღებს და ხომ არ ჩავყვებით სამარეში - დაახლოებით ეს დამოკიდებულებაა დასავლეთის მხრიდან.

„აქუბარდიას უნდა, რომ დაქოქოს ეს გაფუჭებული მანქანა, რასაც ჰქვია პარლამენტი, რაღაც თუხთუხი მაინც რომ იყოს, ჩანდეს, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს. მე მივესალმები ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს. ისე კი, შესაბამისი კომისია ამაზე რელულარულად უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×