თამთა ჩაჩანიძე
24.01.2024

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღავრგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს და ამისათვის ხელმოწერებს აგროვებს. ამ აქციის ორგანიზატორები „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" არიან. მათი შეფასებით, დღეის მდგომარეობით ქართველი ამომრჩევლების დაახლოებით მესამედი საზღვარგარეთ იმყოფება და მონაწილეობის გარეშე, 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ამის საპასუხოდ ცესკო კანონდებლობას იშველიებს და აცხადებს, რომ  საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის არის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აუცილებელი რაოდენობა - მინიმუმ, 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი.

რატომაა ოპოზიციისათვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატება? ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ემიგრანტებში ძირითადად ანტისახელისუფლო განწყობილებები ჭარბობს და ოპოზიცია ცდილობს ეს ხმები არ დაიკარგოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.

დავა საზღვარგარეთის უბნებზე

ცესკო გასული წლის 19 დეკემბერს გამოეხმაურა ამავე წლის 19 ოქტომბრის საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივას, სადაც აღნიშნა, რომ ამგვარი ინიციატივა იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. 28 ნოემბერს კი პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" გამოაცხადეს კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში" და მოუწოდეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის.

26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე „ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი" და ისაუბრა იმ ბარიერებზე, რაც დამატებითი უბნების გახსნის მცდელობას შეიძლება მოჰყვეს.

„როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო უბნის გახსნა ქალაქში, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქეა?" - განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ „ამას სჭირდება საუბნო კომისია ადგილზე, უამრავი ადამიანური რესურსი, რათა ეს არჩევნები გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ჩატარდეს".

ამის მიუხედავად, „გირჩი" და „დროა" საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნისთვის ხელმოწერების მოგროვებას აგრძელებენ. მათი ცნობით, თუკი ერთ ქალაქში ხმის მიცემის უფლების მქონე არანაკლებ ქართველი 50 მიგრანტია, იქ საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას. ამასთან, „დროას" 17 იანვრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „50 ამომრჩევლის მოთხოვნით ცესკო ვალდებულია, გახსნას საარჩევნო უბანი. მთელი რიგი ქალაქებიდან ცესკოში უკვე შესულია შესაბამისი მოთხოვნა, რომლის გათვალისწინება კანონის თანახმად ცესკოს ვალდებულებაა".

მანამდე ცესკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკო-სთვის გადმოცემული მონაცემების საფუძველზე იმ ამომრჩეველთა შესახებ, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. ასევე არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სია, რომელიც მოიცავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; აგრეთვე ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

გასულ კვირაში კი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პროცედურებზე ვრცელი განმარტება გააკეთა.

„ამომრჩეველი ლეგალურად იმყოფება თუ არალეგალურად, ამ შემთხვევაში კანონი აძლევთ მათ იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც საარჩევნო უბნები შეიქმნება, საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, კონკრეტულად იმ არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით, გაიარონ რეგისტრაციაზე. აქედან გამომდინარე, ლეგალურად-არალეგალურად ყოფნა კონკრეტულ ქვეყანაში არ უშლით მათ ხელს არჩევნებში მონაწილეობაზე იმ შემთხვევაში, თუ სათანადო წესის მიხედვით გაივლიან საარჩევნო რეგისტრაციას.

„წესი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც შეიქმნება საარჩევნო უბანი კონკრეტულ ლოკაციაზე, ამის შემდგომ მათ აქვთ უკვე შესაძლებლობა, მიმართონ იმ კონკრეტულ ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ქალაქში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს ან დიპლომატიურ მისიებს, შეავსონ შესაბამისი ფორმა, რომელსაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები განათავსებენ და უზრუნველყოფენ ამის ხელმისაწვდომობას...

„უბანი რომ გაიხსნას, კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთ პროცედურას, რომ კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე, ჩვენ შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საგარეო უწყების მიერ გადმოგვეცემა ჩვენ ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით, ამის შემდგომ უკვე ცესკო მსჯელობს ამ კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით.

„საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის არის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აუცილებელი რაოდენობა - მინიმუმ, 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი, მხოლოდ ეს არის საფუძველი დღეს მოქმედი კანონმდებლობით იმისა, რომ შეიქმნას შესაბამისი უბანი კონკრეტულ ლოკაციებზე," - განაცხადა კალანდარიშვილმა „ტვ პირველთან" მიმდინარე წლის 18 იანვარს.

ვის აძლევენ ხმას ემიგრანტები

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ამ მიმართულებით ოპოზიციის აქტივობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ემიგრანტებში ძირითადად ანტისახელისუფლო განწყობილებები ჭარბობს და ოპოზიცია ცდილობს ეს ხმები არ დაიკარგოს.

„განცხადებებიც არაა აუცილებელი. ჩვენი პრეზიდენტით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ასევე ემიგრანტია, ძალიან ხშირად ემიგრანტებში ჭარბად ფიგურირებს სწორედ ოპოზიციის მხარდამჭერი განწყობილებები. სააკაშვილის მხარდამჭერი განწყობები და ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სააკაშვილი უფრო მისაღებია.

„ეს განწყობებიც ანალიზისთვის დიდ მარჩიელობას არ ითხოვს. დასავლეთში ხშირადაა სააკაშვილისადმი უფრო მეტად დადებითი დამოკიდებულება, რადგან იძახდა - რუსეთს ვებრძვი და მისი წინააღმდეგი ვარო. რუსეთთან დეკლარირებული ბრძოლა ძალიან ხშირად ბევრი უცხოელისთვის და მათ შორის ბევრი ემიგრანტისთვისაც საკმარისია საიმისოდ, რომ ჩათვალონ, რომ მართლაც ეს ასეა.

„თუკი თვლიან, რომ ეს მართლაც ასეა, მაშინ სრულიად გასაგები და ბუნებრივია ემიგრანტების რეაქცია. საზღვარგარეთის ხმების იმედი ოპოზიციას იმიტომ აქვს, რომ ეს „ანტიოცნების" ხმებია, ანუ „ოცნების" საწინააღმდეგი ხმები. მე ასე ვხედავ და შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს, თუ რატომაა ოპოზიციისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი (საზღვარგარეთ) უბნების გახსნა, მაგრამ მე არ ვიცი", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×