თამთა ჩაჩანიძე
17.01.2024

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებში 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება უახლოეს დღეებში ოპოზიციურ ველზე ახალი კონფიგურაციები ვიხილოთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ რეიტინგი გაზარდოს, თუმცა, წარმატების მისაღწევად და „ოცნების" რეალური კონკურენციისთვის ისეთი ფორმულაა მოსაძებნი, რომელიც ელექტორატს დაანახებს თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია რეალურად რას აპირებს.

ენმ-დან ახლადწასული ნიკა მელია უახლოეს პერიოდში აპირებს ახალი პარტით წარსდგეს, პოლიტიკურ გააქტიურებას აანონსებს „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული პირები ვისთან აპირებენ თანამშრომლობას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ლელოს" და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის" უკვე განცხადებული აქვთ, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე თანამშრომლობას საარჩევნოდ გამორიცხავენ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, იმედოვნებენ, რომ 2024 წლის რჩევნებზე კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვლენ, რადგან „ოპოზიციას კვლავ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს".

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებები

ეს ქაოსური და ცოტა ისტერიკული მდგომარეობაც კი, რომელიც ახლა ოპოზიციაში სუფევს, უკავშირდება მთავარ დილემას - გაუერთიანებლად ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, გაერთიანების შემთხვევაში - საზოგადოებაში მეტი უარყოფითი განწყობის მოპოვების, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციაში უმძიმესი მდგომარეობაა.

„რეალურად არ ჩანს ჰორიზონტზე არავითარი საფუძველი, რომ ოპოზიციას ჰქონდეს იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა. ასეთია მოცემულობა და მე არ მგონია, პერსპექტიული იყოს უახლოეს მომავალში ოპოზიციის ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რადგან რეალური პრობლემის მიზეზი უნდა მონახონ საკუთარ რიტორიკაში, მცდარად არჩეულ ტაქტიკურ ხერხებში. თუ ამას დაადგენენ, ალბათ სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ არ უნდათ აღიარონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას, ხელს უშლიდნენ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წარმატებას", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, რადგან „ახალ სახეებად მელიას, გვარამიასა და ჩახდილებს ასაღებენ". მისივე თქმით, „კოლექტიური "ნაცბანდა" ჩაიშალა, ახლა ცალ-ცალკე დაეწყვნენ და ჰგონიათ, რომ ცალკეულ პლატფორმებს შექმნიან".

„აქვთ ახალი პიარის წამოწყების მცდელობა, რომ თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი ჩახდილები თავისი ჭკუით ერთიანდებიან. უნდათ საზოგადოებას უთხრან, რომ ვითომ ახალი ძალა არიან. ვინ არის ახალი ძალა? გვარამია „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი იდეოლოგი იყო - ის დირიჟორობდა, ის მართავდა და მგონი, მესიჯებსაც ის უწერდა, მაგრამ არ გამოუვიდა და ჩაფლავდა. „ენვერის" ავტორი და შემოქმედი ახლა არის ე.წ. ახალი სახე? ფანჩატურის მფლობელი შალვაც დაჭერილი ჰყავდა, მერე გამოუშვეს და გადაიბირეს. ახალი სახეა პუფი? - პარლამენტში არ შემოვალო და მერე შემოვიდა. მელიას, რომელიც „ხაბემ" ჩამოაგდო, ახლა პრეტენზია აქვს, რომ რაღაც პოლიტიკური ძალა უნდა შექმნას. ასევეა, ჩახდილები - პირდაპირ რუსული ფილიალი.

„ეს გაერთიანება ხალხს ვერ მოატყუებს, რომ ახალი სახეები არიან! დღემდე პრეზენტაციას იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ ზუსტად იციან, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, ხოლო თუ გადალახავენ, სიაში ვინ უნდა ჩაწერონ ამაზე ვერ თანხმდებიან - საქართველოს ინტერესები კი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ხელმოცარულები ყველა ერთად უნდა გავაერთიანოთ - ხართ ერთი! გლობალური ომის პარტიის აქაური წარმომადგენლები, რაც არის "სანაცეთი" და მისი დაყოფილი პლატფორმები: - ლუზერები, ჩახდილები და ა.შ.", - თქვა ზარქუამ.

ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანაა ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება, მისასალმებელია, თუმცა, თუ მიზანია „ნაცმოძრაობის" ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხრეა არ იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის საშუალება მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ბუნებრივია, თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს იქნება მისასალმებელი.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიები დღეს მთავარ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ისახავენ და ამის საფუძველზე ელექტორალური ხმების აკრეფას, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება და საერთო გამარჯვების მიღწევა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული კოლეგების სამომავლო გაერთიანებასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, გააჩნია, რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავენ მიზნად.

„თუ ცდილობენ და ეცდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გახლეჩას, ბუნებრივია, ეს იქნება წარუმატებელი, რადგან მსგავსი გამოცდილება 2016 წელს "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გვაქვს და ვხედავთ, რომ ელექტორატის გახლეჩა არ ხდება, ეს ელექტორატი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და გამოირჩევა საოცარი კონსოლიდაციით, იდეების და ღირებულებების ერთგულებით. შესაბამისად, თუ ისინი შეეცდებიან სხვა ოპოზიციურ ველზე დამატებით ელექტორატის მოძიებას, ე.წ. შუაშისტი ელექტორატის, მათ ექნებათ შანსი, ახალი ნიშა დაიკავონ ქართულ პოლიტიკაში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა "ლელოს" და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე თანამშრომლობას საარჩევნოდ გამორიცხავენ. ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ეს განცხადებები ბუნებრივია, რადგან მათი ელექტორატი ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერებისგან შედგება.

"იქნება ეს "ლელო" თუ გახარია საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი და მათი ელექტორატი აბსოლუტურად განსხვავებულია. მათი მთავარი ელექტორატია "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები და ისინი ცდილობენ ასეთი განცხადებებით "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერების მიბმას. ამიტომ ასეთი განცხადებები არ ემსახურება იმას, რომ წითელი ხაზები გაივლოს ოპოზიციაში და დაპირისპირება წარმოჩინდეს, ისინი ცდილობენ ამ ელექტორატში თავიანთი იდენტობა იპოვონ და ეს განცხადებებიც ამით არის განპირობებული," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მანამდე ოპოზიციონერმა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება.

„ალბათ მარტის დასაწყისამდე კონფიგურაცია გამოჩნდება. მარტი ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი იქნება, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს, რომ მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები უნდა შედგეს.

„ეს უნდა იყო სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ იქნება სინერგია, რომელიც ხმების რაოდენობას გაზრდის. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები და ვიქნები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანის, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სინერგიული ერთობა, რაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი „ლელოსთან". ალბათ ეს ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ წინასარჩევნო ალიანსზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ და არაერთხელ მითქვამს, რომ ნიკა მელიასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობდით და ეს შეეხებოდა პოლიტიკურ კონსულტაციებსაც. გვარამიასთან საუბარი არ შემიწყვეტია, როცა ის იყო ციხეში და მას შემდეგაც, რაც თავისუფლებაზე გამოვიდა. ორივე ადამიანს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ის სინერგია მოიტანონ, რომელიც ერთობას უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ საუბარია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ ჩემი მეგობრები. როგორც ვიცი, ნიკა ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება. ძალიან საინტერესო კონფიგურაციაზე საუბრობენ მისი წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეიტნგის გაზრდა დაკავშირებულია ბარიერის თემასთან. მისი თქმით, ხელისუფლებას ამ მხრივ პრობლემა არ აქვს.

„რა თქმა აუნდა, ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ. რაც შეეხება იმას, რომ რეიტინგი გაზარდონ, ამის აუცილებლობა მაინც საარჩევნო ბარიერთანაა დაკავშირებული, ანუ, ვის ჰყოფნის რეიტინგი საიმისოდ, რომ მიზნებს მიაღწიონ. ხელისუფლებას ჰყოფნის და ოპოზიციის რა მოგახსენოთ",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე რა იქნება უკეთესი ფორმულა ოპოზიციისთვის მიზნის მისაღწევად, ანალიტიკოსმა გვითხრა: „პირველი, უნდა ითქვას მიზანი რა არის - ანუ არა ის, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში რომ მიხვალ, მერე ქვეყანა საით მიგყავს, რა საშუალებებია და ვისთან ერთად აპირებ თანამშრომლობას და ამათმა დაიწყეს ბოლოდან - ვისთან ერთად. გახარია,რომელიც ყველაზე მკაფიოდ იძახის, რომ არც ერთი, არც მეორე, კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ რას აპირებ?

„არც ერთი და არც მეორე ბოლო პუნქტია, იქამდე პარტიამ უნდა თქვას რას და როგორ აპირებს - მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვაპირებ - ომით თუ მშვიდობიანად, ამაში უკვე განსხვავებაა. ან შესაძლოა საერთოდაც არ ახსენოს ეს პუნქტი, როგორც მიზანი. ასეთი დოკუმენტი ჯერჯერობით მათთან (ოპოზიციასთან) დაკავშირებით არ ჩანს, თუმცა ვისთან ერთად აპირებს ბრძოლას ისიც ჯერ მკაფიოდ არ ჩანს",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არაა და პრიორიტეტებიც არასწორად აქვს დალაგებული.

„ათ წელზე მეტია, რაც ოპოზიცია არსებობს იმ სახით, რაც ახლაა, მაგრამ პოზიტიური დღის წესრიგი, როგორც პარტიის, მათ არ მოუციათ, ამის შედეგი კი ისაა, რომ ძირითადად აქციებით მოქმედებენ. დღეს მაგალითად კალაძეს ტალახი მიუტანეს. ეს რომ ერთი ფრაგმენტი იყოს, არაფერი, მაგრამ როცა ოპოზიციის მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა მაგ ტიპის აქციებით ამოიწურება, ძნელია იმის თქმა არიან თუ არა ეს ის ადამიანები იმ უნარის მქონეები, რომ „ტალახი" არ იყოს და კალაძის მიერ დაშვებული შეცდომები მათ აღარ დაუშვან. ეს ბუნდოვანია, როგორც ამ ფრაგმენტში, ისე ზოგადად პოლიტიკურ სცენაზე.

„გამსახურდია ვისთან ერთად იქნებოდა, ამას განსაკიუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იდეა, რაც მას ამოძრავებდა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ იდეას მისცა რეაქცია ხალხმა და მის გვერდით დადგა.

„რა იდეა აქვს ამ ოპოზიციას გარდა იმისა, რომ ივანიშვილი გაუშვან? ერთად იქნებიან თუ ცალკ-ცალკე, ეს მათი ნებაა, მაგრამ თქვან რას აპირებენ, არ ამბობენ არაფერს და... აქედან გამომდინარე გამოდის, რომ 2024 წელს „ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, თუმცა წინ კიდევ თითქმის ერთი წელია, მცირე ალბათობაა და ვიქონიოთ იმედი, რომ რამე კიდევ მოხდება, მაგრამ დიდად მოსალოდნელი არაა", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×