თამთა ჩაჩანიძე
17.01.2024

2023 წელს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტატუსის მონიჭების თვალსაზრისით, თუმცა, შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ევროკომისიის მიერ შემუშავებული 9 პუნქტთან დაკავშირებით რეფორმებია გასატარებელი და თუ ქვეყანამ საკითხები პირნათლად შეასრულა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიიღოს.

რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესს, საგარეო ურთიერთობის სპეციალისტები ამბობენ, რომ აქ გარდამტეხი მომენტია ის თუ უკრაინაში ომი როგორ დასრულდება. რაც შეეხება კითხვას - თუ აზია რა კუთხითაა ჩვენთვის საინტერესო, ანალიტიკოსთა შეფასებები სხვადასხვაგვარია.

ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ აზიასთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დასავლელი ლიდერების პეკინში ვიზიტი მოხშირდა. თუმცაღა, ნაწილი ამბობს, რომ ყველასთან შეგვიძლია ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს, გვქონდეს ვაჭრობა, პოლიტიკური ურთიერთობებიც იყოს კარგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სტრატეგიული.

ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ამავდროულად მმართველი პარტია აპირებს გააღრმაოს პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან. მისი თქმით, „ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში".

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას.

„სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, წინა დღეს აქ იმყოფებოდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გუშინ შევხვდით, ორი დღის წინ იმყოფებოდნენ აშშ-ში და შეხვედრა ჰქონდათ ბლინკენთან. ამიტომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა, ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ. ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი", - აღნიშნა სამხარაძემ "იმედის" ეთერში.

„როცა ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება" - განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაშია, სხვა მხრივ კი „გონიერმა, რაციონალურმა და პატრიოტმა ხელისუფლებამ ჩინეთთან ურთიერთობებიც შეიძლება ქვეყნის სასიკეთოდ და სასარგებლოდ გამოიყენოს.

„მაშინ როცა საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღო და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება უნდა იყოს, პირველი საპარლამენტო ვიზიტი სრულდება არა ბრიუსელში ან ევროპის რომელიმე დედაქალაქში და დღის წესრიგი არის არა 9 მიმართულებით რეფორმის გატარება, არამედ პირველი ვიზიტი ხორციელდება ჩინეთში.

„ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არ საუბრობს. ისინი მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბრობენ, რომელიც გაუგებარია რას შეიძლება გულისხმობდეს, მაშინ როდესაც საქართველო დეკლარირებულად არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფოს სხვა კურსი აქვს არჩეული.

„ჩვენ მთავარ პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მყარად და მკაფიოდ არ დგას. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეალური განწყობა არ არის ის, რომ ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რა შანსები გვაქვს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რაც შეეხება ევროინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯს, ეს გოგოლაშვილის თქმით, 9 პუნქტის შესრულაბაზეა დამოკიდებული და რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს, ეტაპები მით უფრო რთულდება.

„სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ნატო გაფართოების კონტექსტში ინსტიტუციონალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, იმის გარდა, რაც უკვე გადადგა. რაც შეეხება ევროკავშირს, თუ ის 9 ნაბიჯი შევასრულეთ. რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და მთლიანობაში ევროკავშირმა დაგვიწესა. აუცილებლად არა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

„თუმცაღა, ჯერჯერობით ისეთი პირი არ უჩანს, რომ მთავრობა ყველაფრის შესრულებას აპირებდეს, ამიტომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კანდიდატის სტატუსი შედარებით მარტივად მივიღეთ - დავალებებიდან ძალიან ბევრი რაღაცა შესრულებული არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩათვალეს, რომ საქართველოს სტატუსი სჭირდება და რომ აუცილებელია.

„ეს ეტაპი უფრო რთული იქნება, რადგან რაც უფრო წინ მიდიხარ, ეტაპები უფრო მეტად ტექნიკური ხდება. სტატუსის შემთხვევაში თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება შედარებით მარტივად მიიღეს, მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი ძალაში დარჩება, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები გავლენა ექნება პოლიტიკურ მოსაზრებებს, ვიდრე კონკრეტულად საქმის ტექნიკურ მხარეს - არის თუ არა შესრულებიული მოთხოვნები და აკმაყოფილებს თუ არა საქართველო გარკვეულ კრიტერიუმებს",- თქვა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, აზია რა კუთხითაა საქართველოსთვის საინტერესო, ანალიტიკოსის გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ჩინეთი, რომელთანაც შეიძლება ეკონომიკური ურთიერთიბა გვქონდეს, პოლიტიკური ურთიერთობებიც კარგი უნდა გვქონდეს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში სტრატეგიული.

„ჩვენთვის ყველა მხარე საინტერესოა, თუმცა, პოლიტიკურად საინტერესო ნამდვილად არ უნდა იყოს, პოლიტიკურად ჩვენ ერთი ვექტორი გვაქვს, ეს დასავლეთია და არავითარი პოლიტიკური გარანტიების მიცემა, ან დაპირებები, სხვადასხვა სახის გარიგებები, რომელიც პოლიტიურ ვალდებულებებს შეიცავს, არ შეიძლება აზიის არცერთ ქვეყანასთან, რადგან არცერთი ქვეყანა არაა დემოკრატიული იაპონიას და სამხრეთ კორეას თუ არ ჩავთლით.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ აზიაზე, რომელიც ავტორიტარულია, ჩინეთი, ირანი, ან ცენტრალური აზიის სახელწმიფოები - ყველასთან შეგვიძლია ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს, გვქონდეს ვაჭრობა, პოლიტიკური ურთიერთობაც კარგი, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში სტრატეგიული. იგივე ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობაზე სიტყვა სტრატეგიული საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. მეორე კიდევ შინაარსი, შინაარსობრივად შეიცავს ძალიან ბევრ პოლიტიკურ ვალდებულებებს",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის საქართველოს შემდგომი ნაბიჯები გარდა საქართველოს მიერ შესრულებული პუნქტებისა, ასევე დამოკიდებული იქნება ივნისში დაგაგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე. რაც შეეხება ჩინეთთან პარტნიორობას, აბაშიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა შეუსაბამოა, რადგან თავად დასავლელი ლიდერები ცდილობენ პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებას.

„ევროინტეგრაციულ პროცესებში დაგეგმილ რეკომენდაციებს საქართველო პირნათლად ასრულებს, ამას არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი აღიარებს. რაც შეეხება შემდგომ დაჩქარებას ევროკავშირში შესვლის კუთხით, ეს საკმაოდ კომპლექსური და გლობალური პროცესია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროგაერთიანებას ეხება.

„ივნისში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება, შესაბამისად ახალმა ევროპარლამენტმა ახალი ევროპული მთავრობა უნდა აირჩიოს, რომელსაც ევროკომისია ეწოდება, ასევე, უნდა აირჩიოს ევროპული საბჭოს ახალი შემადგენლობა. არ ვიცით ჯერ რა ძალები გაიმარჯვებენ დამაჯერებლად, ცხადია ამ საკადრო და შესაძლო მნიშვნელოვანი პოლიტინური ცვლილებების ფონზე, გაფართოების შესახებ საუბრები კიდევ უფრო გადაიდება, როგორც საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან მიმართებაში, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ ვრცელი და კომპლექსური პროცესია და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას.

„რაც შეეხება ოპოზიციის უსუსურ კრიტიკას ხელისუფლების მისამართით, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე როგორ ნაკლებადერუდირებულნი არიან, ნაცოპოზიციამ ინტერნეტს რომ ჩახედოს, ნახავს თუ ჩინეთს რამდენ ქვეყანასთან აქვს სხვადასხვა დონის სტრატეგიული პარტნიორობა.

„როცა 15 იანვარს ჩინეთში ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო, ზუსტად ამ დროს დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ჩინეთმა და შვეიცარიამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების დოკუმენტი გააფორმეს. იმავე დღეს, უკრაინის ხელმძღვანელმა ზელენსკიმ სურვილი გამოთქვა,რომ გლობალური სამშვიდობო კონფერენცია გაიმართოს, სადაც აიუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი წონადი გლობალური მოთამაშე.

„ძალიან სამარცხვინო და ტრაგიკულია, როცა ასეთი გაუნათლებელი ოპოზიცია გვყავს, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოება სიბნელეში შეიყვანოს, მაგრამ საზოგადოების უნდიდესი ნაწილი ამ უმეცრებაში არ შედის. მშვენივრად ხედავს მსოფლიოში რა ხდება და რამდენი დასავლელი ლიდერი სტუმრობდა ბოლო პერიოდში პეკინს, რა შედეგები მოჰყვა აშშ-ში პრეზიდენტების სი ძინპინისა და ბაიდენის შეხვედრას. დემოკრატიის დიდი ჩავარდნაა, როცა საქართველოს ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია ჰყავს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×