ბაჩანა ტყემალაძე
17.03.2023

თბილისში 7-8 მარტს გამართულ აქციებს სოხუმსა და ცხინვალშე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რის შემდეგაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორე ფრონტი გაიხსნება.

ამ ყველაფერს დაემატა რუსი პოლიტიკოსების განცხადებებიც. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საპროტესტი აქციები კიევის მაედანს შეადარა. დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საქართველოს სუვერენიტეტის ამერიკის ზეწოლით დაკარგვაზე ისაუბრა, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თბილისში მომხდარი და მიმდინარე მოვლენების გამო ბევრი რისკი არსებობდა.

ამ ფონზე სოხუმის რეჟიმმა გალში სამხედრო წვრთნებიც გამართა პოლიციური და უშიშროების ძალების მონაწილეობით (ფოტოზე).

მეორე ფრონტის გახსნის შიშთან ერთად, განსაკუთრებით აფხაზეთში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები თბება, რაც მათივე თქმით, საგანგაშოა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ადგურ ლაგვილავა თვლის, რომ მოსკოვის და თბილისის დაახლოება მათთვის კარგის მომტანი არ იქნება.

„აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა კომპლიმენტებს უგზავნიან საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით უსმენენ და არ აპროტესტებენ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქმედებებს, რომელიც გვთავაზობს სოხუმისა და თბილისის შერიგებას. ეს ყველაფერი გარკვეულ შფოთვას იწვევს. მაგალითად, „უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის იდეა ერთდროულად გაჩნდა აფხაზეთსა და საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხორციელდება რაღაც რეგიონული დღის წესრიგი", - ამბობს ადგურ ლაგვილავა.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აფხაზთა შიში ამ კონტექსტში არარეალურია, რადგან რუსეთი აფხაზეთს თვისი ნებით არანაირად არ დათმობს, მაგრამ შესაძლებელია, რომ დათმობის სახით ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში ქართული ენის სწავლება აღადგინოს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს მოსკოვში შეხვდა. ეს პირველი შეხვედრა იყო პუტინსა და გაგლოევს შორის, რომელიც „პრეზიდენტად" შარშან აირჩიეს.

ამ შეხვედრაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ გაგლოევი კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც შეხვედრის ვადამ გადაიწია.

შეხვედრაზე, მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ გეოპოლიტიკურ პროცესებსა და სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციაზე.

„ჩვენ ვხედავთ, როგორი რთული გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ამიტომაც უსაფრთხოების საერთო კონტექსტის ფარგლებში, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ჩვენი მოქმედებების კოორდინირება.

გაზიფიკაცია იქნება რეალური წინსვლა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ სოფლის მოსახლეობის გადინება და ჩვენი სოფლების შენარჩუნება, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალი იმპულსი კი სამხრეთ ოსეთში ახალ ინვესტორებს მოიზიდავს", - უთხრა გაგლოევმა პოტინს შეხვედრისას.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თბილისის მოვლენები და გაგლოევთან შეხვედრა ბოლომდე ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, რადგან ის დიდი ხნის წინ დაანონსდა.

„მე ვერ ვხედავ პირდაპირ კავშირებს საქართველოში მომხდარ მოვლენებსა და მათ შეხვედრას შორის, რადგან ზოგადად როგორც კი ხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, მას [პუტინი] მაშინვე ხვდებოდა-ხოლმე პანდემიამდე, მაგრამ პანდემიის შემდეგ როგორი პარანოიაც დაემართა, მგონი ყველამ ნახეთ. ის ფაქტიურად აღარავის ხვდებოდა მსოფლიოში.

საერთოდაც, ეს შეხვედრა 22 თებერვალს იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ 24 თებერვალს ომის წლის თავი იყო და შეხვედრა იმ მიზეზით გადადეს, რომ გაგლოევს კოვიდი ჰქონდა. მართლა ჰქონდა თუ არა, ეს არავინ იცის", - აღნიშნა ექსპერტმა „რეზონანსთან".

დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პარალელურად, საინტერესოა ასლან ბჟანიას კარანტინში გადასვლაც.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის გამო თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას „ჯამ-ნიუსი" ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად იწერება იმაზე, რომ ასლან ბჟანიას თვითიზოლაციის ოფიციალური მიზეზი სიმართლე არ არის და მათივე აზრით, ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს.

„იგეგმება თუ არა ასლან ბჟანიას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა? საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ თვითიზოლაციის პერიოდის გავლის შემდეგ. პუტინი ესაუბრა ბაშარ ალ-ასადს და შეხვდა გაგლოევს. სურათის დასასრულებლად საჭიროა აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, განსაკუთრებით საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე", - წერს პოპულარული ტელეგრამ არხი, „აფხაზეთის ცენტრი".

ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს ბჟანიას და პუტინის შეხვედრას და ამბობს, რომ ეს დე ფაქტო პრეზიდენტის კარანტინში გადაყვანა შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

„არაა გამორიცხული ბჟანიასაც შეხვდეს, რადგან დიდი ხანია არ შეხვედრია. როცა საჭირო და აუცილებელი იყო, ხვდებოდნენ კოვიდამდე და კოვიდის შემდეგაც და ბჟანიას კარანტინში გადასვლაც შეიძლება, ამას უკავშირდებოდეს", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×