თამთა ჩაჩანიძე
29.11.2022

„ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში აგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობა კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ დასკვნას დაელოდებიან. მანამდე „ოცნება" ამაზე უარს ამბობდა, რასაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებიც მოჰყვა.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, „ოცნების" მხრიდან სწორი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, მისი თქმით, ძირითადი მოტივი ისაა, რომ პროცესი დროში გაიწელოს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამაზე თავად მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებაშიც იყო მინიშნება - რომ უკრაინის შემთხვევაში პროცესი „წელიწადნახევარი გაიწელა".

„ქართული ოცნება" კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნაზე უარს აქამდე იმ მოტივით აცხადებდა, რომ იგი ანალოგიური უკრაინილი კანონის მიხედვითაა შექმნილი. ვენეციის კომისია კი ამჟამად უკვე მუშაობს უკრაინული დეოლიგარქიზაციის კანონის სამართლებრივ ექსპერტიზაზე. შესაბამისად, „ოცნების" შეფსაებით, კომისიისათვის პრაქტიკულად იგივე კანონის გაგზავნა აზრს იყო მოკლებული.

დასავლელ პარტნიორთა უმრავლესობას ასეთი პოზიცია გაუმართლებლად მიაჩნდათ და საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად მოუწოდებდნენ კანონპროექტის ვენეციის კომისიისათვის გაგზავნისკენ. ამას მცირე სკანდალიც მოჰყვა, როდესაც აშშ-ის ელჩმა განცხადა, რომ უკრაინული კანონპროექტი გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან, რაც „ქართული ოცნების" მთავარ არგუმენტისთვის საფუძვლის გამოცლას ნიშნავდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

„ოცნების" გადაწყვეტილების შეცვლამდე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. იგივე რეკომენდაცია ჰქონდა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის, მისი თქმით, ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, „ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა უკვე ორჯერ უყარა კენჭი. პროცესის შეჩერებისა და კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ პარასკევს გააკეთა.

„ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიასთან გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონზე, უფრო სწორად, მის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის, ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

„გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისაკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებებით, ასევე, პირადი კონტაქტების დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ, მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო, საქართველომ - ევროპული პერსპექტივა ევროკავშირისგან.

„ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იქნეს [ვენეციის კომისიაში], თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენი ევროპელი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ჩვენ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას", ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის.

„შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონპროექტი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი და არ მოხდეს, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წელიწად-ნახევარი გაიწელა ეს პროცესი", - განაცხადა „ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმა და განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია.

ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ ეს „იმ რაღაც ფარსის ნაწილი, რომელიც მთლიანად გასდევს 12 პუნქტის შესრულებას".

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას იმ შემთხვევაში გაითვალისწინებს, თუ ამის შედეგად კანონი ისეთ სახეს არ მიიღებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეხებოდეს.

„ოცნების" მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ კანონთან დაკავშირებით ყოველგვარ ეჭვებს მოხსნის. ეს ამდენი სალაპარაკოც არ უნდა გამხდარიყო და გადაწყვეტილება უფრო ადრეც უნდა მიეღოთ, მაგრამ ნათქვამია სჯობს გვიანო...

„ვენეციის კომისიას ორი მსგავსი კანონი ექნება, ორივეზე იმუშავებენ და რა თქმა უნდა, რეკომენდაციებსაც გასცემენ. „ოცნება" ამ რეკომენდაციებს იმ შემთხვევაში გაითვალისწინებს, თუ კანონი ისეთ სახეს არ მიიღებს, რომ ივანიშვილს ეხებოდეს და მის ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. „ოცნება" ასეთ კანონს დაბლოკავს და კონსულტაციები გაგრძელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ" კანოპროექტი გადააგზავნა, ძირითადი მოტივაცია ისაა, რომ ვენეციის კომისია ამ კანონპროექტზე მუშაობას საკმაოდ დიდხანს გააგრძელებს. როგორც ვხედავთ, უკრაინის მიერ გადაგზავნილი პროექტის რეკომენდაციები სადღაც მომავალი წლის ზაფხულში შეიძლება გახდეს ცნობილი და ქართულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც რა თქმა უნდა ადრე არ იქნება მიღებული. ამ შემთხვევაში კი „ოცნებისთვის" დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ამან განაპირობა სწორედ ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რა და როგორ განვითარდება ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ სანამ ვენეციის კომისია ამ დასკვნებს შეიმუშავებს და სადღაც მომავალი წლის შემოდგომისთვის შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და მათ შორის „ქართული ოცნების" პოლიტიკაც, ძირითადად საგარეო, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ უკრაინაში პროცესები როგორ განვითარდება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×