თეონა ვეშაგური
11.11.2022

ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ისე გააქტიურდა, რომ სოხუმის რეჟიმის ლიდერი უკვე აფხაზეთში ბელორუსის საელჩოს გახსნაზეც ალაპარაკდა. ეს თბილისში ნაკლებ დამაჯერებლად მიაჩნიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ბელორუსული კომპანიების აქტიურობა ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონში, კონკრეტულ რეაგირებას საჭიროებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ არსებობს ბელარუსის მიერ აფხაზეთში საელჩოს გახსნის ალბათობა. მისივე თქმით, თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება. ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ აღნიშნული ბელარუსის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას გამოიწვევს.

„მე მაინც მგონია, რომ ეს არის მხოლოდ ბჟანიას იმედები, რადგან ბელარუსი რომ ამაზე წავიდეს, გამოიწვევს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, რაც არ მგონია ლუკაშენკოს ინტერესებში შედიოდეს. ეს მათი იმედი უფროა, ვიდრე რეალური ნაბიჯი. ლუკაშენკომ თავი ბევრჯერ აარიდა სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და წესით, თავისი პოლიტიკა ასე უნდა გააგრძელოს. მიუხედავად ამისა, თუ მოსკოვის ზეწოლით ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამს, დანარჩენი მსოფლიოსგან მისი იზოლაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

„არ არის გამორიცხული, ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდეს და ის ცდილობდეს ე.წ. ახალი კავშირის შექმნას სადაც ბელარუსთან ერთად იქნება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები. მაგრამ, გამორიცხულია ბელარუსი წავიდეს ამაზე. ის მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სეპარატისტულ რეგიონებთან ერთად ალიანსში არ შევა," - განაცხადა არეშიძემ.

„ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს," - აღნიშნა ბჟანიამ.

მანვე განაცხადა, რომ ბელრუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა, უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.

ამასთან, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა „ქვეყნის" სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ზომას იღებს.

მისი თქმით, ეს ზომებია: ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალების დამატებითი ტიპის იარაღის მიწოდება და სპეციალური ტექნიკა და ლოჯისტიკა.

მანამდე ბჟანიამ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, შეინარჩუნონ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს „ქვეყნის" უსაფრთხოებასა და დაცვას.

ამ საკითხზე პარტია „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ შეიქმნას ე.წ. ახალი კავშირი, სადაც ბელარუსთან ერთად ასევე იქნება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია სეპარატისტებთან და ახალ მოკავშირესთან ბელარუსთან ერთად, რომელიც ახალი მოკავშირეა სეპარატისტებისთვის და არა რუსებისთვის, იწყებენ აქტიურ მოქმედებებს აფხაზეთში.

„ბელარუსი ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბელარუსი გახდა სეპარატისტების მოკავშირე, გვესმის ღია განცხადებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. სეპარატისტთა დამნაშავე პრეზიდენტ ბჟანიას განცხადება, სოხუმში ბელარუსის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით არის სიტუაციის შემზადება, რის შესახებაც მე ბევრჯერ გავაკეთე მკვეთრი განცხადებები.

„ყველაზე საგანგაშო სეპარატისტების დამნაშავე ლიდერის განცხადებაში არის, რომ ბელარუსი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით, დებს ფინანსებს აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონში. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსის მთავრობის მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გადაწყვეტილებებს, რაც არსებობს იმ კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაარღვიოს სიჩუმის რეჟიმი ბელარუსთან დაკავშირებით და გააკეთოს მკვეთრი განცხადებები, დაადგინოს თუ რა სახელმწიფო და კერძო კომპანიებია შესული ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 მილიონიანი ინვესტიციით და დაიწყოს მათ წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედებები, მათ შორის მოხდეს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ამ კომპანიების საერთაშორისო სანქცირება," - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×